in

კლასიკოს აზრი და ფასი დაუბრუნდა: თეთრი რეალი შავად იქცევა – როგორ დამთავრდება რეალი-ბარსა

სეზონი ისე დაიწყო, რომ წლევანდელ კლასიკოსაც თითქოს დიდად არც ელოდა გულშემატკივარი: “ბარსა” მესის გარეშე, პლუს პრობლემები, პატარა ბიჭების გუნდი, ცხრილის შუაში გაჩხერვა, არაბარსული თამაში, მაგრამ მოვიდა ჩავი და თანდათან ლაგდება – გუნდმა მოგებებს მოუხშირა, უკვე დიდი ანგარიშითაც, ევროთასებზე წარმატებით გამოდიან, გუნდი ოთხეულში შევიდა, კარგა ხანია აღარ წაუგია და შესაბამისად “რეალთან” შეხვედრას უკვე აზრიც გაუჩნდა და ფასიც დაედო.
კვირის ელ კლასიკოს ისევ ინტერესით ველით.

ჩავი: “რეალთან” შეხვედრისთვის მგონი კარგ ფორმაში მოვედით. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ძალიან რთული იქნება, მაგრად გაგვიჭირდება”.

ვალვერდე: “მილიონობით ადამიანი უყურებდა კლასიკოს მესის და რონალდოს გამო. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ ეს მატჩი ჯერ ისევ არის “რეალსა” და “ბარსას” შორის”.

მსაჯი

კლასიკოს მთავარ არბიტრად ხუან მარტინეს მუნუერა დანიშნეს. მას უკვე უმსაჯია “რეალი”-“ბარსა”, გასულ სეზონში. მაშინ “რეალმა” მე-7 ტურის მატჩი 3:1 მოიგო. მუნუერამ მადრიდელებს პენალტი დაუდო.
მუნუერას მსაჯობისას “რეალმა” 18 თამაში მოიგო, 6-ჯერ ფრედ ითამაშა და 5-ჯერ წააგო. “ბარსელონას” 16 მოგება, 6 ფრე და 4 წაგება აქვს.

რეალი გაშავდება

“რეალი” კლასიკოზე ახალ შავ ფორმაში გამოვა. ახალი კომპლექტი ავანგარდულ იაპონურ ბრენდ Y-3-თან ერთობლივად არის შემუშავებული და ის მადრიდული კლუბის 120 წლის იუბილეს ეძღვნება, ასევე adidas-სა და იოჯი იამოტოს (Y-3-ის შემქმნელი) თანაშრომლობის 20 წლისთავს.
მინდვრის მოთამაშეები შავ კომპლექტით გავლენ, ხოლო მეკარეს უჩვეულო ვარდისფერი ფორმა ეცმევა.

ფაქტები

“რეალი” ბოლო 5 მატჩს უგებს “ბარსელონას”.

“რეალმა” ბოლო 5 თამაში მოიგო.

ბოლო 5 მატჩში “რეალი” საშუალოდ 0.4 გოლს უშვებს.

“რეალს” ბოლო 5 შეხვედრაში საშუალოდ 2.8 გოლი გააქვს.

“ბარსელონა” ზედიზედ 11 მატჩია არ აგებს – 8 მოგება და 3 ფრე.

ბოლო 5 თამაშში “ბარსა” საშუალოდ 0.4 გოლს უშვებს.

“ბარსა” საშუალოდ 2.4 გოლი გააქვს ბოლო 5 მატჩში.

“ბარსელონას” ბოლო 4 ურთიერთშეხვედრაში “რეალისთვის” გოლი აქვს გატანილი.

“ბარსას” ბოლო 18-დან 16 მატჩში გოლი გააქვს.

პირველი წრის მატჩი, 24 ოქტომბერს, “კამპ ნოუზე” რეალმა” 2:1 მოიგო. მადრიდელთაგან გოლები ალაბამ (32 წთ) და ლუკას ვასკესმა (90+3 წთ) გაიტანეს, ერთი ბურთი 90+6 წუთზე სერხიო აგუერომ გაქვითა.

“რეალის” წამყვანი ფეხბურთელი და გოლეადორი ბენზემა ვერ ასწრებს წინა ტურში მიღებული ტრავმის მოშუშებას და ის “ბარსასთან” მატჩს გამოტოვებს.

პროგნოზი

ბუქმეკერები ურჩევენ ფრეს მიაქციონ ყურადღება. საყაიმო ანგარიშზე საკმაოდ მაღალი კოეფიციენტია – საშუალოდ 3.6.
ფავორიტად კი მაინც ჩემპიონატის ლიდერი “რეალი” მიიჩნევა – 2.1, “ბარსელონას” გამარჯვებაზე – 3.3-ია.
მაღალი კოეფიციენტია ფსონზე – ორივე გაიტანს – 3.9. ორივე გუნდი ბოლო დროს კარგად გამოიყურება და ბუქმეკერები ამ ვარიანტს შესაძლებლად მიიჩნევენ.
ასევე უფრო ჰგონიათ, რომ სტუმართაგან ობამეიანგი შეაგდებს – 2.3 გაბონელის გოლზე.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0