შვეიცარიის ქალაქ მიესში ოლიმპიადის წილისყრა გაიმართა.
პირველად, დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირში იასპარეზებს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი კიდევ 5 ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის 1 საგზურისთვის 2-დან 7 ივლისის ჩათვლით, ლატვიის დედაქალაქ რიგაში იბრძოლებს.
ერთ ქვეჯგუფში საქართველოსთან ერთად ლატვია და ფილიპინები მოხვდნენ, ხოლო მეორე ქვეჯგუფში – ბრაზილია, კამერუნი და მონტენეგრო. პირველი და მეორეადგილოსნები ნახევარფინალში შეხვდებიან, შემდეგ ფინალი ჩატარდება, რომელშიც გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს.
გაირკვა, რომ რიგის ტურნირის გამარჯვებული ოლიმპიადაზე B ჯგუფში მასპინძელ საფრანგეთთან, გერმანიასთან და იაპონიასთან ერთად ითამაშებს.
ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირი 27 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქ ლილში ჩატარდება. როგორც გითხარით, 8 მონაწილე უკვე ცნობილია.
დარჩენილი 4 საგზურისთვის საქართველოსთან ერთად კიდევ 23 ქვეყნის ნაკრები იბრძვის
წილისყრის შედეგები:
A ჯგუფი: ავსტრალია, კანადა, საბერძნეთის საკვალიფიკაციოს გამარჯვებული, ესპანეთის საკვალიფიკაციოს გამარჯვებული;
B ჯგუფი: საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ლატვიის საკვალიფიკაციოს გამარჯვებული;
C ჯგუფი: სერბეთი, სამხრეთ სუდანი, აშშ, პუერტო რიკოს საკვალიფიკაციოს გამარჯვებული.
GIPHY App Key not set. Please check settings