in

აქედან გასვლა არ გინდა: საქართველოსთან ერთად ოლიმპიადისთვის 23 ნაკრები იბრძოლებს

მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში ადგილის მოპოვებასთან ერთად მომავალი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ოლიმპიადაზე გასვლასთან საქართველო აქამდე არასდროს ყოფილა – ანუ ისეთ ტურნირში მონაწილეობა არასდროს მიუღია, რომელში წარმატების შემთხვევაშიც ოლიმპიადაზე გავიდოდა. ახლა ამის შანსი არსებობს და ამ ეტაპზე ის ვიცით, რომ ჩვენი ნაკრები იქნება ერთ-ერთ ჯგუფში კიდევ 5 ქვეყნის ნაკრებთან ერთად, რომელთაგან საუკეთესო ოლიმპიადის საგზურს მიიღებს. ახლა უფრო დეტალურად:

ოლიმპიადაზე 12 ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ 1 ადგილი იყო დაკავებული და მისი მფლობელი თამაშების მასპინძელი საფრანგეთი გახლდათ. მსოფლიოს ჩემპიონატი გახლდათ ყველაზე სოლიდური საოლიმპიადო საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელმაც კონტინენტების მიხედვით საგზურების მფლობელები გამოავლინა. მსოფლიოზე ევროპის 2 ყველაზე შორს წასულმა გუნდმა – გერმანიამ და სერბეთმა ოლიმპიადის საგზურები მიიღეს, ისევე როგორს ამერიკის 2-მა საუკეთესო კანადამ და აშშ-მ. საგზური მიიღო ავსტრალიამ, როგორც ოკეანეთიდან საუკეთესო შედეგის მქონემ. თითო საუკეთესო გავიდა ოლიმპიადაზე აფრიკიდან და აზიიდან, შესაბამისად სამხრეთ სუდანი და იაპონია. ასე რომ, პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის 12 მონაწილიდან 7 ნაკრები გაცხადდა. სწორედ დარჩენილი 4 საგზურისთვის მოუწევთ ბრძოლა საქართველოს და კიდევ 23 ქვეყნის ნაკრებს.

საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლება ერთის მხრივ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებით, ასევე ოლიმპიადის წინასაკვალიფიკაციო ტურნირების შედეგად გამოვლინდა. ასეთი წინასაკვალიფიკაციო ტურნირი გასულ ზაფხულს მთლიანობაში 5 ჩატარდა – ევროპაში 2, და თითო აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში. ამ ტურნირების გამარჯვებულმა 5-მა ნაკრებმა და მსოფლიოს ჩემპიონატიდან 19-მა სხვადასხვა პრინციპით შერჩეულმა ნაკრებმა მიიღო საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობის უფლება. ჯამში ეს 24 ნაკრები არიან:

ეგვიპტე (აფრიკის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), პუერტო რიკო (ამერიკის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), ახალი ზელანდია (ოკეანეთის საუკეთესო ნაკრები კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), სლოვენია, ლატვია, იტალია, ლიეტუვა, ესპანეთი, მონტენეგრო, ბრაზილია, დომინიკის რესპუბლიკა, საბერძნეთი, საქართველო, ფინეთი, ლიბანი, ფილიპინები, მექსიკა, ანგოლა, კოტ დ’ივუარი (საუკეთესო 16 ნაკრები ყველა კონტინენტიდან კვოტების მფლობელი გუნდების შემდეგ), კამერუნი (აფრიკის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), ბაჰამები (ამერიკის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), ბაჰრეინი (აზიის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), პოლონეთი, ხორვატია (ევროპის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულები).

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მისი მონაწილე 24 ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებსა და კონტინენტებზე გაიმართება. თითოეულ ქალაქში მოხვედრილი 6 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდება და თითოეულის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინი პრინციპით დაპირისპირდება. თითოეული ქალაქის ფინალის მომგები 4 გუნდი მიიღებს ოლიმპიადის საგზურს. ქალაქები, რომლებიც უმასპინძლებენ საკვალიფიკაციო ტურნირებს, სავარაუდოდ ნოემბრის თვეში გაირკვევა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიცით როგორ ვეთამაშოთ ავსტრალიას, მთავარია შევძლოთ: საქართველოს შემადგენლობა ცნობილია

ესპანეთს თბილისში სულ რაღაც ემართება: ახლა ბუცები არ ჩამოუვიდა და ვერ ივარჯიშა