ნიჭიერი, მაგრამ ბოლო დროს უიღბლობით გატანჯული გიორგი ჩაკვეტაძე ახალ ადგილზე ცდის ბედს. მოგეხსენებათ, ჩვენიანი ბრატისლავას „სლოვანში“ მივიდა ვლადიმირ ვაისთან, რომელთანაც საქართველოს ნაკრებში უმუშავია და სლოვაკმა სპეციალისტმა მშვენივრად იცის ქართველის მონაცემები.
ჩაკვეტაძემ პირველი კომენტარი გააკეთა „სლოვანში“ ჩარიცხვის შემდეგ:
„სლოვანზე“ შესანიშნავი რეკომენდაციები მქონდა გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავასგან. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მოუთმენლად ველი არა მხოლოდ მათ, არამედ ყველა ჩემს ახალ თანაგუნდელს. ასევე ვიცნობ ვლადიმირ ვაისს, რომლის ხელმძღვანელობითაც ნაკრებში თამაში დავიწყე. ვიცი, რას მოითხოვს ის ფეხბურთელებისგან და როგორ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.
მოვედი, რათა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ყველაზე კარგად თავს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვგრძნობ, მაგრამ მარცხნივ თამაშიც შემიძლია. ვეღარ ვითმენ პირველად როდის ვითამაშებ“.
„ჩვენმა გუნდმა ზაფხულში მეოთხე ტრანსფერი განახორციელა – ბრატისლავაში ჩამოვიდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც „სლოვანს“ გააძლიერებს. 22 წლის შემტევი ნახევარმცველი 70-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის „სლოვანში“ „გენტიდან“ ერთწლიანი იჯარით მოდის. ჩაკვეტაძე საქართველოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან ნაკრებში 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა, დებიუტი კი ჩვენი ამჟამინდელი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჩაატარა, – წერია სლოვაკეთის ჩემპიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის „დინამოდან“ 2017 წელს ბელგიურ „გენტში“ გადავიდა, სადაც პირველ სეზონში 6 გოლით და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. სულ კი „გენტის“ შემადგენლობაში 80 მატჩი ჩაატარა და ბელგიაში თითქმის ხუთწლიანი გამოსვლის შემდეგ, გაზაფხულზე „ჰამბურგში“ იჯარით გადავიდა – ჩაკვეტაძემ გერმანიაში 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings