მორიგი უქმეები მიილია და მიმოვიხილოთ როგორ ითამაშეს ქართველებმა თავიანთ კლუბებში.
მოკლედ, მიმოვიხილოთ მათი მონაგარი.
ლა ლიგაში “ვალენსიამ” “ვილეარეალი” 2:0 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გურამ გიორბელიძის დრეზდენის “დინამო” “ზანდჰაუზენთან” 0:1 დამარცხდა. გიორბელიძე სათადარიგო იყო.
ბელგიის იუპილერ ლიგაში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” “ბეერსხოტთან” 0:3 დამარცხდა. ჟორჟმა შეუცვლელდ ითამაშა.
პორტუგალიაში გიორგი აბურჯანიამ (“ჟილ ვისენტე”) 79-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო დამატებულ წუთებზე ყვითელი ბარათი მიიღო “მარიტიმუსთან” სტუმრად მოგებულ (2:1) მატჩში.
საბა ლობჟანიძემ (“ჰათაისფორი”) მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა. მე-6 წუთზე მან დაამატა აიუბ ელ ქააბის მიერ დარტყმულ ბურთს, რომელიც ისედაც გადიოდა კარში.
ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგმა” სტუმრად 3:0 მოუგო “შტურმს”, რომლის შემადგენლობაში ტრავმის გამო არ უთამაშია ოთარ კიტეიშვილს. რაც შეეხება ლოჩოშვილს, ის მე-6 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო შესვენებისას შეცვალეს.
ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინმა” 1:0 დაამარცხა ცსკა. საქართველოს ნაკრების შემტევმა შეუცვლელად ითამაშა. ის არ იყო ძალიან აქტიური, რაც, ყველაფერთან ერთად, არმიელთა დამსახურებაც გახლდათ.
ზურიკო დავითაშვილი (“არსენალი”) 57-ე წუთზე შეცვალეს “სოჩისთან” შინ წაგებულ (1:2) მატჩში.
ლუკა გაგნიძემ (“ურალი”) შეუცვლელად ითამაშა “ხიმკისთან” სტუმრად ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში.
ვაკო გვილია (“რაკოვი”) 62-ე წუთზე შეცვალეს “ლეჩნასთან” სტუმრად ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში.
ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარმა” შინ 2:1 დაამარცხა “პაკში”. ქართველი ფორვარდი თამაშში მე-80 წუთიდან ჩაერთო, 88-ეზე კი გააფრთხილეს.
ლუკა ლაკვეხელიანის “მეზოკოვეშდმა” შინ 2:2 ითამაშა გიორგი ბერიძის “უიპეშტთან”. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. ლაკვეხელიანმა 41-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო, ხოლო 78-ე წუთზე სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა, ხოლო ბერიძე 66-ე წუთზე შეცვალეს.
გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას “სლოვანმა” სტუმრად 3:2 მოუგო “ტრენჩინს”. ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს. 89-ე წუთზე კანკავამ ყვითელი ბარათი მიიღო.
დავით ხოჭოლავამ (“კოპენჰაგენი”) 58-ე წუთამდე ითამაშა “ვეილესთან” შინ მოგებულ (3:0) მატჩში.
ნიკა კაჭარავამ ერთწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” სწორედ მისი გოლით (37-ე წუთი) შეძლო სტუმრად კვიპროსული ფეხბურთის გრანდის, “ომონიას” დამარცხება (1:0).
კაჭარავამ 64-ე წუთამდე ითამაშა. “ანორთოსისის” კარს შესანიშნავად იცავდა გიორგი ლორია, რომელმაც რამდენიმე “სეივი” შეასრულა და ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, ხოლო ნიკა ნინუა სათადარიგო იყო.
ქართველების (მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია) აპოელ-მა სტუმრად 2:2 ითამაშა “დოქსასთა”, რომლის შემადგენლობაში ტრავმის გამო არ უთამაშია ავთო ებრალიძეს.
ამავე მიზეზით, აპოელ-ს არ ჰყავდა დაუშვილი და ოქრიაშვილი, ხოლო ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა.
ვაკო ყაზაიშვილმა (“ულსან ჰიუნდაი”) მიმდინარე ჩემპიონატში მე-9 გოლი გაიტანა და შეუცვლელად ითამაშა. მე-10 წუთზე მან 11-მეტრიანით გახსნა ანგარიში – ისე შეასრულა, მეკარეს შანსი არ დაუტოვა, მისმა “ულსანმა” კი “სუვონს” დაძაბულ ბრძოლაში მოუგო – 3:2.
GIPHY App Key not set. Please check settings