in ,

ჩვენ ისევ წავაგეთ: მსაჯო, კიდევ ეს გვინდოდა – ვიღას ახსოვს როგორია 3 ქულა

საქართველოს ნაკრებმა თამაში წააგო. რა არის ამაში გასაკვირი ან მოულოდნელი, მაგრამ რომ არა მსაჯის უცნაური გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით ერთ გასაცოდავებულ ქულას კი ავიღებდით. მატჩის მიწურულს, როდესაც დაინახეს, რომ ბერძნები დიდად გამტანები ვერ იყვნენ, არბიტრმა რომელიღაც წინა ეპიზოდი VAR-ზე ნახა და გიორბილეძეზე ისეთი ხელი დააფიქსირა, რომ არანაირ ხიფათს ის ეპიზოდი არ ქმნიდა. მოკლედ, უწყინარ ვითარებაში პენალტით გაგვწირეს და სანამ მსაჯი ორჭოფობდა, მანამდე 90-ე წუთიც დადგა. ლორიამ მიმართულება გამოიცნო, მაგრამ სულ ბოლოს მაინც ვერ შესწვდა ბურთს და ასე დავკარგეთ ქულა, თუმცა…

რჩებოდა კიდევ 5 წუთი და 2 ვარიანტი: ადექი, შეუტიე, სცადე, იბრძოლე ან ჩამოუშვი ყურები. რომელს აირჩევდა სააქართველო, ადვილი გამოსაცნობიცაა და ტაბლოზეც აწერია – კიდევ ერთი გაშვებული გოლი და 0:2.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო – საბერძნეთი 0:2
9 ოქტომბერი. ბათუმი. აჭარაბეთ არენა. უმაყურებლოდ.

ბაკასეტასი, 90 (პენ). პელკასი, 90+5

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი, 90), ლობჟანიძე (ქვილითაია, 90), ჩაკვეტაძე (გვილია, 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი, 60).

გაფრთხილება: აბურჯანია, კანკავა, გიორბელიძე

This image has an empty alt attribute; its file name is 244558488_6234195613318270_1056421585768089860_n-1024x589.jpg

ბათუმში დატრიალებული საზარელი ტრაგედიის გამო თამაშმა განწყობა დაკარგა (ორივე გუნდმა შავი საკმლაურით ითამაშა), სტადიონზე ლაზათიანი ბათუმელი მაყურებელიც არ დაუშვეს და ეს დღეები საფეხბურთოდ საქმე არც გვაქვს, მაგრამ თამაში ამ შემთხვევაში ჩვენი მოვალეობაა და მსგავს სიტუაციებში ვლინდება კიდეც პროფესიონალიზმი.

მაგრამ სადაა პროფესიონალიზმი: გულშემატკივარს ენატრება ჟინი, ბრძოლა, მონდომება, ქომაგს სურს ფეხბურთელებისგან დაინახოს ქვეყნისთვის რაღაც საათნახევარი თავის გადადება და ისიც წელიწადში სულ რამდენჯერმე. გვსურს, ველით, მაგრამ თუ მოდის ძალიან იშვიათად. რაც იშვიათობას ნაღდად არ წარმოადგენს, ეს იმედგაცრუებაა.

მართალია ქულის აღება შეიძლებოდა, რომ არა მსაჯის უცნაური გადაწყვეტილება (რბილად რომ ვთქვათ), მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რომ ისევ უნიათოები ვიყავით შეტევაში, ვუშვებდით გარკვეულ შეცდომებს დაცვაში, ვარღვევდით თამაშის წესებს სადაც თითქოს საჭირო არ იყო, წესივრად ორ გადაბმულ პასს ვერ ვაკეთებდით, ვკარგავდით ბურთს და ა.შ. მსაჯისათვის დაბრალება თავის მოტყუება იქნება.

ტრადიციულად და როგორც ისტორიულად მიგვაჩვია ჩვენმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლის შუისკენ უკვე ყველანაირი სპორტული ინტერესი დაკარგული გვაქვს და ვთამაშობთ კარის გაჯახუნებისთვის, პრესტიჟისთვის, მომავლის იმედის შესაქმნელად. ეს მატჩიც ამ კატეგორიიდან იყო, უნდა ყოფილიყო, მაგრამ…

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ძალიან ცუდად გვაქვს დაცდილი (დაცდილი თუ ჰქვია ამას). 2012 წლის შემდეგ არ მოგვიგია და მანამდე მოუგებელ წლებსაც თუ მივათვლით, 16 წელიწადი და 38 თამაშია უკვე 3 ქულა როგორია არ გვინახავს მუნდიალის საკვალიფიკაციოში.

საინტერესო იყო ის, რომ ჩვენი სამი იმედი და მომავალი ერთად დადგა და აბა რას იზამდნენ. ჩაკვეტაძე-კვარაცხელია-მიქაუტაძის ტრიოს დიდი არაფერი გამოსვლია. კვარაცხელია „რუბინში“ რომ ჩარჩა, მაგის გამო ვერც რუსეთში თამაშობს გულიანად და აქაც იმის ნახევარი თუ იყო, რასაც მიგვაჩვია. ჩაკვეტაძის მოედნის ცენტრში გაკეთებული ორიოდ ტექნიკური ილეთი თამაშზე გავლენას აბა რას მოახდენდა და ბელგიაში გოლების გამტანი მიქაუტაძე კი ბურთით არც გვინახავს.

ერთიც: ეს იყო მე-100 საიუბილეო მატჩი გუნდის კაპიტნისთვის, ჯაბა კანკავასთვის.

პირველი ტაიმი უფრო ბერძნების იყო. სტუმრები შედარებით სახიფათოდ უტევდნენ. მათი გოლი VAR-მა გააუქმა (ლორიას მოგერიებულმა ბურთმა ხაზი გადაკვეთა, არადა შემობრუნებული ბურთი შეაგდეს ბერძნებმა), ერთხელ ისედაც ითხოვდნენ გოლს, როდესაც ლორიამ ბურთი ხელში ისე დაიჭირა, რომ ფეხი კარის ხაზს გადაცდენილი ჰქონდა. მოკლედ, გვაწუხებდნენ და ასეთ დროს დაცვაში შეცდომებიც არ არის ხოლმე გამორიცხული, აი ჩვენები კი შეტევაში მაინც და მაინც დიდ დროს ვერ ატარებდნენ, არადა ეს დაცვას ამოასუნთქებდა და ისედაც უკეთესი სანახავი იქნებოდა ჩვენი თამაში.

ჩვენგან განსხვავებით ბერძნებს აუცილებლად მოსაგები ჰქონდათ თამაში, მსოფლიოზე წასვლის შანსი რომ შეენარჩუნებინათ. ამიტომ მეორე ტაიმში მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან მეტი აგრესიულობა შეტევაში, რასაც წესით ჩვენთვის მეტი სივრცეები უნდა დაეტოვებინა კონტრშეტევაზე. თუმცა ასე არ მოხდა. საბერძნეთი თავქუდმოგლეჯილი წინ წამოვიდაო ვერ ვიტყვით, ჰქონდა უპირატესობა და ელოდა შანსს. 100%-იანი შანსი პრინციპში არც ჰქონია, რომ არა ის საცოდავად მიგდებული პენალტი მატჩის ბოლოს…

მოაგებინეს ბერძნებს თუ მართლა ეკუთვნოდათ ის პენალტი, რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენთვის მაინც არაფერი იცვლება – ჩვენ ისევ წავაგეთ!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიფამ თამაში არ გადადო: საქართველო-საბერძნეთი უმაყურებლოდ გაიმართება

ვილი სანიოლი: თავდადება და მონდომება გვაკლდა – მხოლოდ ნიჭით თამაშს ვერ მოიგებ