ქართველების „სლოვანმა“ ჩემპიონატში მესამეადგილოსან ტრნავას „სპარტაკს“ უმასპინძლა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
საჩემპიონო ჯგუფში ვლადიმირ ვაისის გუნდი მე-2 ადგილზე იყო. ამ მოგებით გუნდმა ლიდერი „დუნაისკა სტრედა“ ჩამოიტოვა.
სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, ჩაკვეტაძე თავდამსხმელების უკან მოქმედებდა. ის 90+2 წუთზე შეცვალეს.
ჩაკვეტაძეს (7.2 – ერთ-ერთი მაღალი შეფასება თავის გუნდში) გატანაც შეეძლო, მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და მეკარეს ვერ აჯობა. მისი პასებით თანაგუნდელებს ორი-სამი საგოლე მომენტი შეექმნათ.
გურამ კაშიამ 7.0 დაიმსახურა, ჯაბა კანკავამ – 6.9. ორივემ სრულად ითამაშა.
„სლოვანმა“ ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე პენალტით გაიტანა (ჩავრიჩი). ეს შეტევა ჩაკვეტაძის წამოწყებული იყო.
„სლოვანს“ 63 ქულა აქვს, „დუნაისკა სტრედას“ (61) გადაასწრო, თუმცა ამ უკანასკნელს ტურის მატჩი სათამაშო აქვს.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო მატჩი „სლოვანს“ ისევ ტრნავასთან აქვს, ოღონდ უკვე თასის ფინალში 1 მაისს. აი შემდეგ კი ჩემპიონატში მთავარ კონკურეტთან, სტუმრად 7 მაისს.
GIPHY App Key not set. Please check settings