in

საქართველომ აშშ-საც რეკორდულად მოუგო: ამ თამაშმა ერთი დიდი პოზიტივი დაგვანახა

ბორჯღალოსნებმა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში მეორე გასახურებული მატჩი გამართეს და რუმინეთის (56-6) მსგავსად აშშ-საც სარეკორდო სხვაობით სძლიეს – 22-7.

თამაში ისეთი სანახაობრივი ვერ გამოვიდა, როგორც ერთი კვირის წინ რუმინეთთან. შეცდომებმა და ტექნიკურმა წუნმა მასპინძლებს მეტი ქულის აღების შესაძლებლობა არ მისცა, თუმცა ამის შანსი რამდენიმე იყო. ნამატჩევს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და კაპიტანი მერაბ შარიქაძე უკმაყოფილონი იყვნენ, თუმცა ორივემ აღნიშნა, რომ ანალიზისთვის ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა

დადებითი ბალანსი „არწივებთან“
საქართველო აშშ-ს მეშვიდედ ეთამაშა და ურთიერთშეხვედრებში პირველად დაწინაურდა. წინა ექვსი თამაშიდან სამი მეტოქეს ჰქონდა მოგებული, სამჯერ კი გამარჯვება ბორჯღალოსნებს დარჩათ, თუმცა სამივე ჯერზე მცირე სხვაობით.

პირველად „არწივებს“ 2010 წელს თბილისში, გაწითლებულ დროზე გატანილი ლელო-გარდასახვით 19-17 ვაჯობეთ. 2017 წელს მათ ატლანტაში 21-17, იმავე წლის ნოემბერში კი თბილისში 21-20 ვძლიეთ. ექვსი წლის შემდეგ აშშ-ს კვლავ შევერკინეთ და ამჯერად 15 ქულის სხვაობით გავიმარჯვეთ – 22-7, რის შემდეგაც ურთიერთშეხვედრებში 4:3 დავწინაურდით.

შეცვლილი შემადგენლობით
რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ ლევან მაისაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილება განახორციელა. ძირითად რაზმში ადგილი მერაბ შარიქაძემ, აკა ტაბუცაძემ, ლუკა მატკავამ, ნოდარ ჭეიშვილმა და ლუკა ივანიშვილმა შეინარჩუნეს.

პირველ ხაზში თამაში ამჯერად ნიკა აბულაძემ, შალვა მამუკაშვილმა და ბექა გიგაშვილმა დაიწყეს. მეორე ხაზში ჭეიშვილს კოტე მიქაუტაძე შეუწყვილდა, ხოლო მესამე ხაზში გიორგი ცუცქირიძე და თორნიკე ჯალაღონია გამოჩნდნენ, ივანიშვილმა კი ამჯერად ფლანკერად ითამაშა.

9 ნომრის პოზიციაზე ვასილ ლობჟანიძე დაბრუნდა, შარიქაძეს ცენტრში გიორგი კვესელაძე შეუწყვილდა, ფრთაზე სანდრო თოდუა, ხოლო ფულბეკად დავით ნინიაშვილი გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გიგაშვილმა და ნინიაშვილმა ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშეს.

მარქაფაში იყვნენ კვაჭი თენგიზ ზამთარაძე, ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და გურამ პაპიძე, მეორე-მესამე ხაზში შესაბამისად ლადო ჩაჩანიძე და ოთარ გიორგაძე. ამჯერად მარქაფაში იყო 9 ნომერი გელა აფრასიძე, ხაზში კი დემე თაფლაძე და მირიან მოდებაძე შევიდნენ.

სამი ლელო აშშ-ს
ბორჯღალოსნების წლის ბოლო საშინაო თამაშს „მიხეილ მესხზე“ მაყურებელი მრავლად დაესწრო. ხვალ გუნდი ედინბურგში მიემგზავრება, სადაც 26 აგვისტოს შოტლანდიასთან მსოფლიო თასამდე ბოლო გასახურებელ თამაშს გამართავს.

აშშ-სთან შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი ბევრს თამაშობდა ფეხით, რაშიც უპირატესობა საქართველოს ჰქონდა. ამერიკელებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს მოლში, თუმცა ერთ ეპიზოდში მოლით ლელო მაინც გავიტანეთ. ბორჯღალოსნები თავს კარგად იცავდნენ და სტუმრებმა ორ-სამჯერ შეძლეს ხაზის სახიფათოდ გაჭრა, რასაც პირველი ტაიმის ბოლოს ლელო მოყვა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-11 წუთზე გახსნეს. ხაზზე ბურთი კარგად გავიდა, აკა ტაბუცაძე მცველთან ერთი-ერთზე დარჩა, ცრუმოძრაობით გაექცა და ალამთან თავისი 29-ე ლელო გაიტანა (30-ე მატჩში). მოლმა 28-ე წუთზე იმუშავა და შალვა მამუკაშვილმა, რომელმაც 99-ე კეპი მოიხვეჭა, მე-14 სანაკრებო ლელო გაიტანა. ლუკა მატკავამ ერთი გარდასახვა გამოიყენა.

32-ე წუთზე სტუმრებმა პირველად გაჭრეს ხაზი, რასაც საპასუხო ლელო და ზუსტი გარდასახვა მოყვა. შესვენებამდე ისინი უპირატესობას ფლობდნენ და თოდუას სინბინის შემდეგ კაცნაკლულები დავრჩით, თუმცა თავი კარგად დავიცავით – 12-7.

მეორე ტაიმის დასაწყისში დაცვა კვლავ საიმედო იყო, 45-ე წუთზე კი მესამე ლელო გავიტანეთ. მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა, მატკავამ შექცეული პასით სივრცეში დავით ნინიაშვილი შეიყვანა, რომელმაც ფინტებით ორი მცველი უსაქმოდ დატოვა და ლელოში შეფრინდა. მატკავამ გარდასახა.

რადგან შეტევაში თამაში ისე არ წაგვივიდა, როგორც გვსურდა, 59-ე წუთზე გუნდმა ჯარიმის კარში დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო და მატკავამ მონაგარს კიდევ 3 ქულა შემატა. დასკვნით წუთებში ლელოს გატანის შანსი გვქონდა, მაგრამ შეცდომების გამო იერიშები ლოგიკურ დასასრულამდე არ მივიდა და საქართველომ აშშ 22-7 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ

სქოთ ლორენსი
(აშშ-ს მთავარი მწვრთნელი): „მიუხედავად შედეგისა ჩვენი გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებ. სამწუხაროდ ბევრჯერ დავჯარიმდით, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. საქართველო წნეხის ქვეშ გვამყოფებდა და ჯარიმების სიმრავლე ამის შედეგია. პორტუგალია და საქართველო ორი განსხვავებული სტილის გუნდია. ვფიქრობ, ორივე კარგადაა მომზადებული მსოფლიო თასის წინ“.

ლევან მაისაშვილი (ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი): „ტექნიკური წუნი ორივე ტაიმში გვქონდა, რაც ალბათ სიჩქარითაც იყო გამოწვეული. ანალიზისთვის ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. გამარჯვებას საფრთხე არცერთ წამს დამუქრებია, თუმცა ემოციის და ტემპის კონტროლი ისეთი ვერ იყო როგორიც გვსურდა. შემადგენლობაში გვქონდა ბევრი ცვლილება და ისეთმა მორაგბეებმა ითამაშეს, რომლებიც ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ დაუბრუნდნენ მოედანს. მეტოქემ საფრთხე ვერ შეგვიქმნა, უბრალოდ შეტევაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. არ მინდა ვიფიქრო, რომ რუმინეთთან დიდი სხვაობით მოგების შემდეგ მეტოქე არ დავაფასეთ. სამწუხაროდ ყოველთვის არ გამოდის სანახაობრივი თამაში.

რაც შეეხება პოზიტივს, მეტოქის მოლი ყველა ჯერზე კარგად გავაჩერეთ, შეტევის მოლში კი თავიდან გაგვიჭირდა, მერე კი შევძელით ლელოს გატანა. აშშ-სთან წინა შეხვედრებს თუ გადავხედავთ, მოლში ყოველთვის გვიჭირდა, ახლა კი ამ კომპონენტში უკეთესები ვიყავით. ასევე პოზიტივი იყო ტრავმირებული მორაგბეების დაბრუნება. გვინდოდა მაყურებლისთვის უკეთესი სანახაობა გვეჩვენებინა, თუმცა კარგია, რომ შოტლანდიის წინ ასეთი მძიმე თამაში გვქონდა.

დაცვის კუთხით ორივე თამაში კარგად ჩავატარეთ. დღეს ისეთი შეცდომა დავუშვით, როგორსაც როგორც წესი არ ვუშვებთ ხოლმე. შეცდომები უფრო შეტევაში დავუშვით, სადაც ჩემი აზრით ზედმეტად ვჩქარობდით ქულების აღებას. დიდი იმედი მაქვს ჩვენი კონტრშეტევები ძალიან სახიფათო იქნება.

თედო აბჟანდაძის რეაბილიტაცია კარგად მიდის და სამშაბათს გადაწყდება ითამაშებს თუ ვერა შოტლანდიის წინააღმდეგ. დიდი ალბათობით დაგვაკლდებიან ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე და გიორგი ჭყოიძე, თუმცა ავსტრალიასთან სათამაშოდ ყველა მზად უნდა იყოს. შოტლანდიაში 36 მოთამაშით მივდივართ, საიდანაც მსოფლიო თასისთვის 33-ს შევარჩევთ.

დღეს რუმინეთზე მეტი მაყურებელი მოვიდა. ვფიქრობ რომ ნელ-ნელა მაყურებელიც ეჩვევა ჩვენს გულშემატკივრობას. ვისურვებდი, რომ სტადიონი ბოლომდე სავსე ყოფილიყო. ჩვენთვის გულშემატკივარი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია”.

მერაბ შარიქაძე (ბორჯღალოსნების კაპიტანი): „გული მწყდება რომ ქულების აღების ძალიან ბევრი შესაძლებლობა უმეტესად ტექნიკური წუნის გამო გავუშვით ხელიდან. ერთი-ორი ეპიზოდი მაინც რომ გამოგვეყენებინა, მერე ძალიან გაუჭირდებოდათ ჩვენი შეჩერება. მაგრამ რაგბი ზუსტად ესაა – ერთმა პატარა მომენტმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. ვფიქრობ, ასეთი მომენტი იყო მატჩის დასაწყისში ჯარიმების არ დარტყმა. როგორც რუმინეთთან, აქაც უნდა დაგვერტყა ჯარიმები და 6 ქულა რომ აგვეღო, თამაში სავარაუდოდ სხვა მიმართულებით წავიდოდა.

ამ თამაშმა ერთი დიდი პოზიტივი დაგვანახა. აშშ-სთან 4-ჯერ მაქვს ნათამაშები, საიდანაც ორი მოვიგეთ და 2 დავთმეთ. ყველა შეხვედრაში ბოლომდე იყო ბრძოლა. ახლა იმავე აშშ-ს დამაჯერებლად მოვუგეთ, თუმცა უფრო მეტი გვინდა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ გავიზარდეთ“.

19 აგვისტო. მიხეილ მესხი. 18 000 მაყურებელი
საქართველო – აშშ 22-7
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ოთარ გიორგაძე; 21. გელა აფრასიძე, 22. დემურ თაფლაძე, 23. მირიან მოდებაძე.

3 ლელო: ტაბუცაძე, მამუკაშვილი, ნინიაშვილი
2 გარდასახვა: მატკავა
1 ჯარიმა: მატკავა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ იაპონიაში ვარჯიში დაიწყო: ჯერ ფიტნესი, მერე ჩვეულებრივი – ვიდეო

ბევრი არ უთამაშიათ: როგორია კვერნაძის იტალიური დებიუტი – ლეგიონერები