in

პაატა გურასპაული: ჩვენთვის ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება – ახალ დარბაზს ნოემბერში გავხსნით

2022 წელს თბილისი ევრობასკეტის A ჯგუფს უმასპინძლებს. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქეები: ესპანეთი, თურქეთი, რუსეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან. შეხვედრებს თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს, რომელიც უკე შემოდგომაზე მზად იქნება.

მეტოქეების შესაფასებლად და ტურნირამდე სამზადისის შესახებ სასაუბროდ Sport4me.ge საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მეტოქეების შეფასება

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. თუმცა, ევრობასკეტზე სუსტი მეტოქე და ჯგუფი არ არსებობს. ამ ტურნირზე შემთხვევით არავინ ხვდება. ესპანეთი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ძალიან სასიხარულოა საქართველოს ასეთი მაღალი დონის ნაკრები რომ ეწვევა. ესპანელებს ის ოქროს თაობა აღარ ჰყავთ, მაგრამ მათ ჰყავთ გუნდი, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმისთვის იბრძვის. სხვას რომ თავი დავანებოთ, მათთან თამაში ჩვენი ნაკრებისთვის დიდი გამოცდილება იქნება.
რუსეთის ნაკრებთან დაპირისპირება ქართველი ადამიანისთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. ასევა მათთვისაც.
თურქეთს ძალიან მაგარი ახალგაზრდები ჰყავს და თურქულ კალათბურთში ძალიან მაგარი თაობა წამოვიდა.
ბელგია ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი და საკმაოდ უხერხული მეტოქეა. თბილისში დიდი ანგარიშითაც ვყავართ დამარცხებული და მათთანაც ძალიან რთული მატჩი გველის.
ბულგარეთი, ერთი შეხედვით, ჯგუფის ყველაზე სუსტი გუნდია, მაგრამ ბულგარელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიას ორივე მატჩი მოუგეს და ბალტიისპირელები ევრობასკეტის მიღმა დატოვეს. ამით ბევრი რამაა ნათქვამი. ასე რომ, ჯგუფი რთულია და თითოეულ მატჩში მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა გავიდეთ სათამაშოდ.

თბილისში რუსები მოდიან: ევრობასკეტი დაკომპლექტდა – საქართველო რთულ ჯგუფშია

რუსეთის მწვრთნელი: ქართველებს მასპინძლის სტატუსი აქვთ, თან საოცარი თაობა ჰყავთ

ახალი ლეგიონერი

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ორი ნატურალიზირებული კალათბურთელი ჰყავს თედიუს მაკფადენის და კონერ ფრენკამპის სახით. ორივე საკმაოდ მაღალი დონის კალათბურთელია და ეს მათ ნაკრებში თამაშითაც დაამტკიცეს. მოგეხსენებათ, ევრობასკეტზე ნაკრებს მხოლოდ ერთი ნატურალიზირებული კალათბურთელის ჰყოლა შეუძლია და კიდევ არის დრო. აგერ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მოდის და იმ თამაშებიდან გამომდინარე მიიღებს მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშებს ევრობასკეტზე. ეს სრულად ილიას ზუროსის პრეროგატივაა და მწვრთნელის კომპენტენციაში არ ჩავერევით.

ნაკრების მიზანი

მიზანის დასახვა ჯერ ძალიან ნაადრევია. ბევრ რამეზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. ვინ როგორ ფორმაში შეხვდება ევრობასკეტს და ასე შემდეგ. მთავარია ჯგუფიდან გავიდეთ, ეს არის პროგრამა მინიმუმი. შემდეგ, პლეი-ოფში ისეთ გუნდები არიან ჩვენი პოტენციური მეტოქეები, რომ მათთან თითოეული თამაში ფინალის ტოლფასი იქნება.

ახალი დარბაზი

დარბაზის მშენებლობის პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ის პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მშენებელს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დარბაზის მშენებლობაშია ჩართული, უდიდესი მადლობა გადავუხადო. დარბაზი ნოემბერში უკვე მზად იქნება და შეგვეძლება იქ ტესტმატჩების ჩატარება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ფანჯარაზე გასამართ შეხვედრებს დიდი ალბათობით ახალ დარბაზში ჩავატარებთ.

მანუჩარ მარკოიშვილი: გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა შევიქმნათ – პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა

ალექსანდრე ფევაძე: ურთულესი ჯგუფია, მაგრამ საკუთარი კედლების ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რამდენი გამოიმუშავეს კლუბებმა წინა ჩემპიონთა ლიგაზე

ფრანგმა ჩოგბურთელმა ტურნირზე 2 ევრო გამოიმუშავა