in

ილიას ზუროსი: არ ვიცით ნოემბერში ვინ რა შემადგენლობით იქნება, ასე რომ ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია

გუშინ, შვეიცარიაში 2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და გუნდები ჯგუფებში გადანაწილდნენ. შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე საქართველოს ნაკრები G ჯგუფში მოხვდა, რომელშიც მისი მეტოქეები ესპანეთის, უკრაინის და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების გუნდები იქნებიან.

ესპანეთი, უკრაინა, ჩრ.მაკედონია-საქართველოს მეტოქეები მსოფლიოს შესარჩევში გაირკვა

მეორე ეტაპზე ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს ბრძოლას.

წილისყრის დასრულების შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდთან კომენტარი ნაკრების მთავარა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა.

“ახლა რთულია ზუსტი შეფასებების გაკეთება, რადგან ნოემბრის ბოლომდე შორია და არ ვიცით, როგორი შემადგენლობები ეყოლებათ როგორც ჩვენს მეტოქეებს, ასევე – ჩვენ. თამაშების ნაწილი ევროლიგის კალენდართან კვეთაშია და ზუსტად არ ვიცით, ასეთ პერიოდებში გვეყოლება თუ არა ამ საკლუბო ტურნირში მოასპარეზე მოთამაშეები. ასევე არ ვიცით, როგორი პანდემიური ფონი იქნება ნოემბერში და რომელი ნაკრები რამდენ კალათბურთელს მოისაკლისებს.

სათითაოდ რომ ავიღოთ, ყველა მეტოქე საკმაოდ ძლიერი და ანგარიშგასაწევია. განსაკუთრებით ესპანეთი და უკრაინა. როგორც არ უნდა მივუდგეთ, ესპანეთი მსოფლიოში მოწინავეთა შორისაა და ამას შედეგებით ყოველ უმაღლესი რანგის ტურნირზე ამტკიცებს. უკრაინა ძალიან ძლიერი გუნდია, მით უფრო მაშინ, როცა სრული შემადგენლობითაა. ჩვენ ეს პირადად გვაქვს გამოცდილი, როცა 2017 წლის ევრობასკეტზე უკრაინასთან დავმარცხდით და ჯგუფიდან ამის გამო ვერ გავედით. მაშინ უკრაინას ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა და ჩვენც საკმაოდ ძლიერი გუნდით ვიყავით. უკრაინელებს ევროლიგასა და ნბა-ში არ ჰყავთ წამყვანი გამოცდილი მოთამაშეები და სავარაუდოდ, მოახერხებენ კიდეც სრული შემადგენლობის შეკრებას. აი, ასეთი უკრაინა ნამდვილად ძლიერია.

ჩრდილოეთ მაკედონიას კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ რაკი აქამდე მოვიდა, ამ ნაკრებს ნამდვილად შეუძლია სოლიდური წინააღმდეგობის გაწევა – განსაკუთრებით საკუთარ კედლებში. ასე რომ, ყველა მეტოქესთან ბრძოლა გველის და ჩემი შეფასებით, საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით.

ქომაგები ასე არიან: წილისყრის შედეგების შემდეგ იწყებენ ოცნებას და დაგეგმავენ ხოლმე არა მხოლოდ მომავალ, არამედ იმის შემდეგ ეტაპზე, რა შეიძლება მოხდეს. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი არის ჯერ ჯგუფიდან გასვლა, ასევე ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლა. თუკი ჯგუფიდან გასვლას გავინაღდებთ, მხოლოდ მერე შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი ქულა გავიყოლოთ. ეს ასეც იქნება, თუკი ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრინციპს ვუერთგულებთ, რაც ზემოთაც აღვნიშნე და რაც ყოველ მატჩში მაქსიმალურ მობილიზებას და გამარჯვებისთვის ბოლომდე ბრძოლას გულისხმობს. არაპროფესიონალურად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, რა იქნება მომავალში, არაა სწორი გათვლების ღიად გაკეთება. ჩვენი ორიენტირი პირველი მატჩია, შემდეგ მეორე და ასე შემდეგ. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და წარმატებასაც მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ”.-თქვა ილიას ზუროსმა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანური მედია მამარდაშვილზე: ცივსისხლიანი თამაში და სუპერ რეფლექსები

18 წლის რუსი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით იასპარეზებს