65 მილიონი გირვანქა იმ მოთამაშის სანაცვლოდ, რომელსაც ლამის ჩატარებულ მატჩზე მეტი გოლი აქვს გატანილი, თან, მხოლოდ 21 წლისაა, იდეალურ სცენარს წააგავს. ასე გამოუვიდა „მან სიტის“ ერლინგ ჰოლანდთან მიმართებით. დაახლოებით 1 თვის წინ ტრანსფერი დადასტურდა, მაგრამ წარდგენა და ოფიციალური ინტერვიუ კლუბის საიტთან, მხოლოდ დღეს დილით ვიხილეთ.
„გამუდმებით ვუყურებდი სიტის მატჩებს, შეუძლებელია არ აღფრთოვანდე ამ გუნდის სათამაშო სტილით. ისინი უამრავ მომენტს ქმნიან და ჩემი სტილის მოთამაშისათვის ამაზე კომფორტული რაუნდა იყოს“. ჰო, სიტიში შანსების შექმნის პრობლემა არ დგას, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ აგუეროს ჩაუნაცვლებლობის გამო გუნდს მომენტის რეალიზების პრობლემა შექმნია. გაბი ჟეზუსი ნიჭიერია, მაგრამ ვერა და ვერ იქცა ძირითადის კაცად. სეზონის მსვლელობისას გვარდიოლამ არაერთგზის დაიწუწუნა, რომ როდესაც მოწინააღმდეგე გუნდი ღრმა დაცვითი ბლოკით იცავს თავს, ამ დროს 9-იანი სჭირდება. მფლობელმა კი ბაზარზე არსებული საუკეთესო ვარიანტი მიუყვანა ჰოლანდის სახით.
რატომ „სიტი“? – „ მიზეზი ჩემს ოჯახშია. მამაჩემი წარსულში სიტის მოთამაშე იყო, თან ინგლისში დავიბადე და ამ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია”. ალფ-ინგე ჰოლანდს ქალაქელთა მაისურით 45 მატჩი აქვს ჩატარებული.
ერლინგმა ცალკე გამოჰყო გვარდიოლას ფქტორი. „მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი და უამრავი ექსტრა კლასის მოთამაშე გუნდში. ეს ის არის, რასაც მოუთენლად ველოდი. ერთი სული მაქვს როდის დავიწყებთ“.
შეგახსენებთ, ჰოლანდმა „ბორუსიას“ მაისურით 89 ბუნდესლიგურ მატჩში 86 გოლი და 23 ასისტი მოაგროვა. 21 სანაკრებო შეხვედრაში კი მეტოქეები 20 ჯერ დაამწუხრა. ფენომენალური მაჩვენებლებია! გუშინ, შვედეთთან ერთა ლიგაზე დუბლს ასისტი დაუმატა და ნორვეგიამ სკანდინავიური დუელი 3-2 მოიგო. აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ „ლივერპულმა“ დარვინ ნუნიესის 80+20 მილიონიანი ტრანსფერი დახურა და პრემიერლიგა კიდევ უფრო გიჟური ხდება. წინ მთელი ზაფხულია და არც „სიტი“ და არც „ლივერპული“ გამჩერებლებს არ ჰგვანან.
GIPHY App Key not set. Please check settings