ევროპაში ჩემპიონთა ლიგა დაიწყო, აზიაში კი დაწყებული იყო. აზიურ ტურნირს ინტერესი საუდის არაბეთის კლუბებში დიდი ვარსკვლავების მისვლამ შესძინა, ამ ტურნირზე კი ქართველი ფეხბურთელებიც გამოდიან.
დონეცკის „შახტარმა“ „შინ“ ჰამბურგში „პორტოსთან“ 1:3 წააგო.
დონეცკელეთა ძირითადში არ ყოფილა არც გიორგი გოჩოლეიშვილი და არც ირაკლი აზაროვი. აზაროვი 65-ე წუთზე შევიდა, ხოლო გოჩოლეიშვილი 76-ე წუთზე. ამით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნათამაშები ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება აზიის ჩემპიონთა ლიგას, გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრის“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.
მოულოდნელად „პერსეპოლისის“ კაპიტანი და ლიდერი გველესიანი ძირითად შემადგენლობაში მოედანზე არ გამოჩენილა.
ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ტაილანდურ „პატუმ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა.
ქართველი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა, საგოლე პასიც გააკეთა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც იყო – 7.4.
GIPHY App Key not set. Please check settings