საქართველომ მსოფლიო დაიწყო. წავაგეთ ავსტრალიასთან და ეს მოსალოდნელიც იყო – 15:35. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, რაც თამაშმაც გამოაჩინა. მეტოქემ განსაკუთრებით პირველ ტაიმში გვაჯობა. აი მეორე ნახევარი კი ბევრად უკეთ ჩავატარეთ და იმედიც გამოჩნდა და პერსპექტივაც, რომ დარჩენილ ძლიერ მეტოქეებს ტოლ-სწორად გავეჯიბრებით.
ბორჯღალოსნებმა ავსტრალიას მეორე ნახევარში ორი ლელო გაუტანეს, მაგრამ შეცდომების გამო მიღებული ქულების გასაბათილებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
გუნდებმა ისტორიაში სულ მეორედ ითამაშეს ერთმანეთში. პირველი შეხვედრა 2019 წლის მსოფლიო თასზე შედგა და მაშინ ავსტრალიამ 27:8 იმარჯვა. ამჯერად „ვოლაბებს“ 2 ლელო და 15 ქულა გავუტანეთ, თუმცა გამოცდილმა მეტოქემ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა.
„სტად დე ფრანსეზე“ გამართულმა მეორე ტაიმმა აჩვენა, რომ არა შეცდომები, საქართველოს ბევრად უფრო მისაღები შედეგის დაფიქსირება და გამარჯვების მოპოვების თუ არა, მინიმუმ ერთი საცხრილო ქულის აღების შესაძლებლობა ქონდა. მაგრამ ედი ჯოუნსმა რისკს თავი აარიდა. მისმა შეგირდებმა პირველ ტაიმში დასარტყმელი პოზიციებიდან სამი ჯარიმა გაიტანეს და მეტოქის შეცდომებითაც სათანადოდ ისარგებლეს.
ჯარიმებით და შეცდომებით
როგორც ჩანს ბორჯღალოსნებმა სადებიუტო მატჩის მღელვარებას ვერ სძლიეს და პირველ ტაიმში თამაში არ წაუვიდათ. პირველ ნახევარში ხშირი იყო ფეხით თამაში და საჰაერო ორთაბრძოლები, რითაც მეტოქემ მეტი სარგებელი მიიღო. ავსტრალია უკეთესი იყო შერკინებაში, ხშირად ვჯარიმდებოდით და გვიფუჭდებოდა ბოჭვები.
საწყისი პინგ-პონგის შემდეგ „ვოლაბებმა“ ჩვენს 22-ში დერეფნის მოწოდების უფლება მიიღეს, იქიდან ბურთი გაგვიშალეს, ბოლომდე ჩაათამაშეს და ჯორდან პეტაიამ ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა. განახლდა თუ არა შეხვედრა ვასილ ლობჟანიძემ დაფარებაზე ითამაშა, ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც ლუკა მატკავამ 3 ქულად აქცია.
მორიგი ფეხით თამაშის შემდეგ ავტრალიამ უკვე ხელდახელ შეუტია, ზედიზედ რამდენიმე ბოჭვა გაცუდდა და მე-9 წუთზე მეორე ლელო მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მე-14-ე და მე-20 წუთებზე ჯარიმები კარში დაარტყეს და უპირატესობა გაზარდეს.
ნელ-ნელა ქართველმა მორაგბეებმა ადაპტაცია გაიარეს და 25-ე წუთზე დავით ნინიაშვილმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც აკა ტაბუცაძემ გააგრძელა, თუმცა ფეხით თამაში იჩქარა და ბურთს ვეღარ მიუსწრო. 30-ე წუთზე ავსტრალიამ ჯარიმა კვლავ კარში დაარტყა 21-3 დაწინაურდა, ტამის ბოლოს კი ლუკა მატკავასა და მირიან მოდებაძის გარღვევის შემდეგ ლელოს გატანის პირველი რეალური შანსი გვქონდა, თუმცა მეტოქის 22-ში ბურთი დავკარგეთ.
რადგან ხშირად ვჯარიმდებოდით, ტაიმის მიწრულს მოდებაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ. მთლიანობაში, დიდი ხნის განმავლობაში უბურთოდ ყოფნამ და უმეტესად ჩვენს ნახევარზე თამაშმა, მეტოქეს 18-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა.
უკეთესი მეორე ტაიმი
მეორე ტაიმში საქართველომ ბევრად უკეთესი თამაში აჩვენა და ორი გატანილი ლელოს გარდა, მინიმუმ ამდენის გატანა კიდევ შეეძლო. ბორჯღალოსნები თამაშში უფრო მობილიზებული დაბრუნდნენ და მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლულები იყვნენ, მეტოქე წნეხში მოაქციეს.
შერკინებაში მოპოვებული ჯარიმის შემდეგ, ავსტრალია საკუთარ 22-ში დაჯარიმდა. მოლს წინსვლა არ ჰქონდა, თუმცა ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ფაზების გადაბმა მოახერხეს, მერე მატკავამ გრძელი გადაცემით ლუკა ივანიშვილი მოძებნა, რომელიც ორ მცველს ეკვეთა და მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს პირველი ლელო გაიტანა.
55-ე წუთზე მოდებაძემ ჩვენს 22-ში სწრაფად გაათამაშა თავისუფალი და ნინიაშვილმაც ხაზი გაჭრა. ფულბეკმა დაახლოებით ცენტრამდე ირბინა, მას შეტევის გაგრძელების ორი მიმართულება ჰქონდა, მაგრამ შებოჭილმა შეცდომა დაუშვა, ამოგდებული ბურთი პირდაპირ ავსტრალიელის ხელში აღმოჩნდა და კონტრშეტევაზე იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ.
ამან ჩვენი გუნდი არ გატეხა და 65-ე წუთზე ლელოს გატანის შანსიც გაჩნდა, როდესაც მერაბ შარიქაძემ ჭრაზე გიორგი კვესელაძე შეიყვანა. მან ხაზი გაგლიჯა, მაგრამ ბურთი ვეღარ დაიმორჩილა… ამას ავსტრალიელთა ზედიზედ სამი გაფუჭებული დერეფანი მოყვა, თუმცა ვერცერთის გამოყენება ვერ შევძელით, მეოთხე მოწოდება კი ზუსტი იყო და ავსტრალიამ მეოთხე, ბონუს-ლელო გაიტანა.
დასკვნითმა წუთებმა ბორჯღალოსნების იერიშებში ჩაიარა და სამჯერ მოგვეცა ლელოს გატანის შესაძლებლობა. პირველ ეპიზოდში ხაზმა კარგად გაშალა შეტევა და მოდებაძის პასის შემდეგ ტაბუცაძე ალამთან ლელოში შევიდა, თუმცა დამიწამებამდე მბოჭავმა ბურთი გააგდებინა. მერე კვესელაძემ ჩვენი ნახევრიდან წამოიწყო შეტევა, რომელიც ტაბუცაძემ გააგრძელა, მაგრამ მეტოქის 22-ში პასმა არ ივარგა.
სულ ბოლოს ლელო მაინც გავიტანეთ. დერეფნიდან მოლის ნაცვლად ბურთი შარიქაძეზე გავიდა, რომელსაც მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა საქმეში ბექა გიგაშვილი ჩაერთო, დამცველი დაჯაბნა და მისი ლელო თედო აბჟანდაძემ არეკნით გარდასახა – 35:15.
2023 წლის მსოფლიო თასი. I ტური. გ ჯგუფი
9 სექტემბერი. საფრანგეთი. პარიზი. სტად დე ფრანსე
ავსტრალია – საქართველო 35:15 (21:3)
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გურამ პაპიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. თორნიკე ჯალაღონია, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. ბექა გორგაძე.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ბექა გიგაშვილი, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.
2 ლელო: ივანიშვილი, გიგაშვილი
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: მატკავა
1 სინბინი: მოდებაძე
GIPHY App Key not set. Please check settings