უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 33-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ ახალ ზელანდიას გასაოცარი 35 წუთი შესთავაზეს, 26 უპასუხო ქულა გაუკეთეს, სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანეს და თავმოყვარე მეტოქეს ჯარიმის კარში დარტყმა აიძულეს.
ამას მოყვა მეტოქის კიდევ ორი ლელო და მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, მე-7 ადგილის ფინალში უმცროსმა ოლ ბლექსმა 50:26 გაიმარჯვა. შედეგის მიუხედავად, საქართველომ ჩემპიონატი სარეკორდო მე-8 ადგილზე დაასრულა.
თავად ჩემპიონატის გარდა, ჩვენი გუნდისთვის კონკრეტულად ეს თამაშიც ისტორიული და გამორჩეული იყო. 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ახალ ზელანდიას მესამედ შევხვდით და პირველად გავუტანეთ 4 ლელო და 26 ქულა. წინა ორ მატჩთან მიმართებაში, შემცირდა სხვაობა (2016 წელს – 0:55, 2019 წელს 13:45) და 32-იდან 24-მდე დავიდა; და რაც მთავარია, მორაგბეებმა იგრძნეს, რომ არავინაა უძლეველი და თუნდაც ახალი ზელანდია იყოს, მათ შეუძლიათ ლელოების გატანა და ნებისმიერ გუნდთან სრული სათამაშო უპირატესობის მოპოვება.
ამ თამაშშიც და მთელ ჩემპიონატშიც, საოცარი იყო უმცროსი ბორჯღალოსნების ხასიათი. სწორედ ხასიათის შედეგია ის, რომ ძალიან ცუდი დასაწყისისა და 33-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ გუნდი არ გატყდა და ცოტა ხნით სტელენბოშში სენსაციის სუნი დატრიალდა… თამაშის საბოლოოდ გარდატეხა ვერ მოხერხდა, თუმცა ამ ბიჭებმა განვლილ 24 დღეში ქვეყნის სახელი ღირსეულად დაიცვეს და მთელი მსოფლიოს პატივისცემა დაიმსახურეს!
30-წუთიანი შოკი და იმედისმომცემი დასასრული
მატჩის დებიუტში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქე შერკინებაში დააჯარიმეს და კარგი შესატევი პლაცდარმი შეიქმნეს, მაგრამ რაქიდან გამოვარდნილ ბურთს მეტოქის კონტრშეტევა მოყვა, რაშიც ზელანდიელები შეუდარებელი არიან და 80-მეტრიანი სპრინტი ტანგიტაუს ლელოთი დასრულდა. მე-10 წუთზე სამხრეთელებმა მაღალ სისწრაფეზე ფაზები აკინძეს, გარკვეული პერიოდით თავი დავიცავით, მაგრამ გადაწყობა ვეღარ მოვასწარით – 0:14.
მე-17 წუთზე ფეხით თამაშის შემდეგ ტანგიტაუმ თავისი მეორე ლელო გაიტანა; 25-ე წუთზე დერეფნის შემდეგ ხაზი სუფთად გაიჭრა და მორიგი ლელო გავიდა, თამაშის განახლებისთანავე კი, ზელანდიელებმა ხელდახელ ლამაზი შეტევა მეხუთე ლელოთი დაასრულეს – 0:33.
ასეთი შოკიდან გამოსვლა ნებისმიერ კაცთა გუნდს გაუჭირდებოდა და ეს ერთი შეხედვით შეუძლებელი, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეძლეს. ჩვენს თავგანწირულ შეტევებს ჯარიმა მოყვა, დერეფნიდან მოლი ვერ ჩამოვაყალიბეთ, თუმცა ბასა ხონელიძემ ჭკვიანურად ითამაშა და თავად შეუტია. ის ლელოდან ორ მეტრში შეაჩერეს, ბურთი ხაზზე გავიდა, ოვალი ხელდახელ კარგად გავათამაშეთ და ვაჟა მიქაძემ პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, პეტრე ხუციშვილმა კი გარდასახა.
ამის შემდეგ საქართველო სრულად დაეუფლა ინიციატივას. უმცროსი ბორჯღალოსნები დომინირებდნენ შერკინებაში, უშეცდომოდ ირჯებოდნენ დერეფანში და სრულ უპირატესობას ფლობდნენ მოლში. თითოეული მორაგბე ძალიან კარგი იყო კონტაქტის არეში და 35-ე წუთზე, ფორვარდების წითელ ზონაში დარტყმების სერიას აკეს სინბინი მოყვა. პოზიცია დასარტყმელი იყო, მაგრამ ხუციშვილმა ბურთი აუტში გადაიტანა, მოლმა დაახლოებით 10 მეტრი დაფარა და ბასა ხონელიძემ მატჩში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ხუციშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და ტაიმი 14:33 დასრულდა.
25-წუთიანი დომინაცია და ზელანდია ხელის გაწვდენაზე
როგორც ჩანს ტაიმის ასეთმა დასასრულმა უმცროს ბორჯღალოსნებს საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო გაუღრმავა და მეორე ტაიმის საწყისი 25 წუთი სიტუაციას სრულად აკონტროლებდა. საქართველო აკონტროლებდა ბურთს, ტერიტორიას, უდიდეს უპირატესობას ფლობდა მოლსა და შერკინებაში, ხაზი სახიფათოდ, ოფლოუდების სერიით უტევდა და 63-ე წუთზე სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე დავიდა.
ლელოს გატანამდე, 51-ე წუთზე, ქართველთა მოლმა დაახლოებით 20 მეტრი იარა. ამ პერიოდში ზელანდიელები ზედიზედ სამჯერ დაჯარიმდნენ და 10 წუთით კვლავ კაცნაკლული დარჩნენ. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შერკინება ირჩიეს, ლაშა ლომიძის მიძალების და გიორგი გერგედავას წინსვლის შემდეგ კი სერგი აბრამიშვილი ლელოში შევიდა, მაგრამ მსაჯმა დამიწება ვერ დაინახა და ნაღდი ლელო ჩახურვისთვის გაგვიუქმა.
სამართალი 1 წუთში აღდგა. ზელანდიელებმა ბურთი თამაშში რომ შეიყვანეს ვაჟა მიქაძემ შეუტია და დაახლოებით 25 მეტრი იარა, ამას 10 ფაზა მოყვა, მიქაძე მეტოქეს კიდევ ორჯერ მიეძალა, თორნიკე კახოიძემ ბურთი წინ წაწია, ირაკლი აფციაურმა კი დარჩენილი 5 მეტრი დაფარა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. ხუციშვილმა კარის წინიდან გარდასახა.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შეტევები გააგრძელეს, ხაზითა თუ ძალისმიერ სტილში, სახელოვან მეტოქეს არაფერი დაუთმეს და 63-ე წუთზე აგორებული მოლი ბასა ხონელიძის მეორე ლელოთი დასრულდა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა სხვაობა 7 ქულამდე დავიდა.
და მაშინ, როდესაც საოცრებამდე ასე ცოტა რჩებოდა, 66-ე წუთზე დანიშნული ჯარიმის კარში დარტყმა ზელანდიამ აღარ ითაკილა და მეორე ტაიმში ქულების აღების პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა. მოედანზე დიდი ბრძოლა გაჩაღდა, 71-ე წუთზე მეტოქემ მოახერხა ხაზის გაჭრა და ლელო-გარდასახვით უპირატესობის გაზრდა, სულ ბოლოს კი შალვა აფციაურს ბურთის ჩაჭრა არ გამოუვიდა, რის გამოც თავად სინბინით დაისაჯა, ახალმა ზელანდიამ კი საჯარიმო ლელო მიიღო და 50:26 გაიმარჯვა.
მატჩის შემდეგ
მატჩის დასრულების შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანმა ლაშა ციხისთავმა განაცხადა:
„ვფიქრობ კარგი რაგბი ვითამაშეთ და მთელ მსოფლიოს დავანახეთ რომ ნებისმიერ გუნდთან, ყველა კომპონენტში თანაბრად თამაში შეგვიძლია, მოლსა და შერკინებაში კი საქართველო უბრალოდ საუკეთესოა. იმედი მაქვს მომავალი თაობა ჩვენს ისტორიულ შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. გვქონდა შანსი თასის ნახევარფინალში გვეთამაშა, საბოლოოდ კი მე-8 ადგილი დავიკავეთ, მაგრამ ესეც ძალიან კარგი შედეგია“.
„რაც შეეხება ახალ ზელანდიასთან თამაშს, თავიდან ერთგვარი შოკი გვქონდა, მაგრამ მერე ჩვენი თამაში ვიპოვეთ და პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმში ვდომინირებდით. სამწუხაროდ მერე რამდენჯერმე დავჯარიმდით და მეტოქემ ეს გამოიყენა“.
„და ბოლოს, მინდა ვთქვა რომ საქართველო არ მიმაჩნია ტიერ2 სარაგბო ქვეყანად, ჩვენ ვართ ტიერ1 და ვფიქრობ განვლილი თამაშებიდან ეს ყველამ დაინახა“.
უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია:
„ჩვენ კარგად ვიცოდით რაში იყო სახიფათო ახალი ზელანდია – ეს არის ცუდად დარტყმული ფეხი და დაგვიანებული ახურვა, სწრაფი ბურთი და კონტრშეტევა. პირველ 30 წუთში სამივე ამ კომპონენტში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც მეტოქეს ძალიან წინ გაჭრის შესაძლებლობა მისცა. მე ამაყი ვარ ამ ბიჭების ხასიათის, რადგან ისინი არ გატყდნენ, იმ დეტალებს მიაქციეს რაზეც მზადებისას ვამახვილებდით ყურადღებას და დაბრუნდნენ თამაშში. მსოფლიოში ბევრი არაა ისეთი გუნდი, რომელიც 0:33 ჩამორჩენის შემდეგ ასე ახლომდე დაიყვანს სხვაობას. მერე იყო მსაჯის მხრიდან ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩემში კითხვის ნიშნებს აჩენს. ამიტომ დანარჩენი შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“.
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
მატჩი VII ადგილისთვის
14 ივლისი. პარასკევი.
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
საქართველო – ახალი ზელანდია 26:50 (14:33)
საქართველო
ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);
შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გიორგი ნიკოლაძე (აია), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა ხორბალაძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
4 ლელო: მიქაძე, ხონელიძე (2, 4), აფციაური
3 გარდასახვა: ხუციშვილი
GIPHY App Key not set. Please check settings