in

უეფამ მადლობაო: ქართული მასპინძლობა, ულამაზესი ქალაქები, მომნუსხველი თამაშის სტილი დაგვირგვინდა მასშტაბური დასწრებით

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ წერილში ალექსანდერ ჩეფერინი ხაზს უსვამს საქართველოში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას და ტურნირის მიმდინარეობისას დამყარებულ რეკორდებს.

“მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და პირადად თქვენდამი იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელმაც საოცარი წარმატება მოუტანა ამ ტურნირს.

გულთბილი ქართული მასპინძლობა, ულამაზესი მასპინძელი ქალაქები და გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც თქვენი გუნდის მომნუსხველი თამაშის სტილი, დაგვირგვინდა ქართული გუნდის მატჩებზე მასშტაბური დასწრებით, რამაც, ზედიზედ სამჯერ შეუწყო ხელი 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე დასწრების რეკორდის დამყარებას. შედეგად, 2023 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ყველაზე მაღალი ჯამური დასწრების მქონე ღონისძიება.

ამაღელვებელი თამაში, რომელიც მრავლად ვიხილეთ ამ ჩემპიონატზე ჩვენს მეხსიერებაში დიდი ხნით დარჩება ულამაზეს მოგონებად. ამასთან, ეს ღონისძიება უფრო ხანგრძლივი ეფექტის მქონე იქნება იმ მნიშვნელოვანი ინვესტიციის გამო, რომელიც დროისა და ფინანსური რესურსით გამოიხატა, რაც არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ახალი სპორტული ობიექტების მშენებლობას მოხმარდა.

სახელდობრ, ორი არსებული სტადიონით – თბილისში მიხეილ მესხის სახელობისა და ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის – ისევე, როგორც ხუთი ახალი, უმაღლესი დონის სამწვრთნელო ბაზით მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვანი წვლილი იქნა შეტანილი ევროპის ჩემპიონატის საერთო წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფრასტრუქტურული ობიექტები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ქართულ ფეხბურთს.

თქვენი ხედვა და ზრუნვა, ისევე როგორც თანამასპინძელი რუმინეთისა, განაპირობებდა ამ ღონისძიების უდიდეს წარმატებას, რამაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შექმნა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ფეხბურთელებისთვის, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და გულშემატკივრებისთვის“, – აღნიშნავს ალექსანდერ ჩეფერინი ლევან კობიაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

35-წუთიანი ზღაპარი და 4 ლელო ზელანდიას: ახალგაზრდა საქართველო მსოფლიოში მერვეა

ვიდეო: მესიმ წითელზე გაიარა და კინაღამ ავარიაში მოყვა