დღეს იტალიაში დიდი მატჩია – „ნაპოლი“ vs „მილანი“. განსაკუთრებული დაპირისპირება სამხრეთელებისთვის. თუმცა დღევანდელი შეხვედრა ცოტა ჩრდილში მოექცა, ორი მიზეზის გამო – ჯერ ერთი, რომ საჩემპიონო ინტრიგა თითქმის აღარ არსებობს (თანაც „ნაპოლი“ მეტოქეს 23 ქულით უსწრებს), მეორეც ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს და ახლა მთელი ყურადღება და მუღამი სწორედ სალიგო დაპირისპირებისკენაა (12 და 18 აპრილი). საჩემპიონო თამაშს კი უფრო რეპეტიციად განიხილავენ, თუმცა ბუნებრივია ამას ხმამაღლა არავინ აღიარებს.
ლუჩანო სპალეტი:
„რა თქმა უნდა, ოსიმენის არყოფნა მტკივნეულია. დარწმუნებული ვართ, რომ ორ კვირაში დაბრუნდება. მაგრამ ჩვენ გვყავს სიმეონე, რომელსაც ბევრი შესანიშნავი თვისება აქვს. მან დაიმსახურა თამაში.
„მილანთან“ სამი შეხვედრა გველის. ძალიან ძლიერი გუნდია. იტალიის მოქმედი ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგიდან „ტოტენჰემი“ გამოთიშა. ეს არის გუნდი, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია.
ვამაყობთ, რომ გუნდის დროშები მთელ ნეაპოლში ფრიალებს, მაგრამ ისტორია ჯერ არ დაწერილა, ამიტომ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, რადგან ჯერ საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ჯერ არაფერი დასრულებულა.
ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს არაჩვეულებრივი სეზონი, „ნაპოლი“ რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს და ასე უნდა გავაგრძელოთ“.
სტეფანო პიოლი:
„ვფიქრობ, შეგვიძლია ვცადოთ „ნაპოლისთან“ პირველ ნომრად თამაში, მიუხედავად მეტოქის ყველა თვისებისა. ახლა შეგვიძლია ვითამაშოთ როგორც „მილანმა“, აი ჩემპიონთა ლიგაზე კი სულ სხვა ისტორია იქნება“.
ბუქმეკერები ფავორიტად ბუნებრივია გათამაშების ლიდერ „ნაპოლის“ მიიჩნევენ. მის მოგებაზე კოეფიციენტი 1.9-ია, ხოლო „მილანელთა“ წარმატება 4.2-დ ფასდება. ფრეზე – 3.4-ია.
ერთი ძალიან საინტერესო სტატისტიკა: ბოლო ურთიერთშეხვედრებიდან მუდმივად სტუმარი გუნდი იგებს. გეხსომებათ, პირველ წრეში მილანში, „ნაპოლიმ“ 2:1 მოიგო (18 სექტემბერს).
აი მანამდე კი იყო: „ნაპოლი“-„მილანი“ 0:1 (6.02.2022); „მილანი“-„ნაპოლი“ 0:1 (19:12.2021); „მილანი“-„ნაპოლი“ 0:1 (14.03.2021); „ნაპოლი“-„მილანი“ 1:3 (22.11.2020).
GIPHY App Key not set. Please check settings