საკმაოდ წარმატებული უქმეები ჰქონდათ ქართველ ლეგიონერებს. კორონამოხდილი ბუდუ ზივზივაძე “ფეჰერვარის” ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და ეფექტური გოლიც გაიტანა. მორიგი გოლი შეაგდო ბელგიაში გიორგი მიქაუტაძემ. ზურიკო დავითაშვილმა კი, რუსეთში ჩემპიონს გაუტანა.
ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “ბარსელონასთან” 1:3 დამარცხდა.მამარდა თადარიგში იყო.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გურამ გიორბელიძე (“დინამო” დრეზდენი) სათადარიგო იყო “ნიურნბერგთან” შინ წაგებულ (0:1) მატჩში.
ბელგიის იუპილერ ლიგაში . მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა გიორგი მიქაუტაძემ. ამჯერად მან “როიალ უნიონის” კარი აიღო და მისი “სერენი” პირველი ტაიმის მერე სტუმრად 2:0-ს იგებდა, მაგრამეორე ნახევარში კაცნაკლული მეტოქისგან 4 უპასუხო გოლი გაუშვა და დამარცხდა. მიქაუტაძემ სრულად ითამაშა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბოლო 2 მატჩში მე-4 გოლი შეაგდო.
ლევან შენგელიამ (“ლეუვენი”) 83-ე წუთიდან ითამაშა “სტანდარდთან” სტუმრად ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში. ამ დროისთვის მისი გუნდი 0:2-ს აგებდა. შენგელიამ მეხუთე დამატებულ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. სწორედ ამის შემდეგ გაიტანა “ლეუვენმა” გოლი და თამაში გადაარჩინა.
პორტუგალის თასზე გიორგი აბურჯანიამ (“ჟილ ვისენტე”) შეუცვლელად ითამაშა “კონდეიშასთან” სტუმრად მოგებულ (5:0) მატჩში. “ჟილ ვისენტე” შემდგომ ეტაპზე გავიდა.
ზურიკო დავითაშვილმა (“არსენალი”) მიმდინარე სეზონში მე-2 გოლი გაიტანა. ამჯერად მან ჩემპიონატის ლიდერის, სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” კარი აიღო – მეკარესთან პირისპირ გასულმა წამებში გადაგზავნა ბურთი კარში და ანგარიში გახსნა, რითაც სათავე დაუდო თავისი გუნდის გამარჯვებას. დავითაშვილი დამატებულ წუთებზე შეცვალეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა ყოფილი გუნდის, “ლოკომოტივის” წინააღმდეგ და აქტიურიც იყო. მისი “რუბინი” კი 68-ე წუთამდე 2:0-ს უგებდა “რკინიგზელებს”, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
პოლონეთში ვაკო გვილიამ (“რაკოვი”) 76-ე წუთიდან ითამაშა “შლიონსკთან” სტუმრად მოგებულ (2:1) მატჩში.
ოთარ კაკაბაძე (“კრაკოვია”) სათადარიგო იყო “ვარტასთან” შინ მოგებულ (2:0) მატჩში.
ნიკა კვეკვესკირმა (“ლეხი”) 76-ე წუთიდან ითამაშა “ლეგიასთან” სტუმრად მოგებულ (1:0) მატჩში.
გიორგი მერებაშვილმა (“პოდბესკიძიე”) შეუცვლელად ითამაშა “სანდეციასთან” შინ წაგებულ (0:1) მატჩში.
უნგრეთში ბუდუ ზივზივაძემ (“ფეჰერვარი”) მიმდინარე ჩემპიონატში მე-5 გოლი გაიტანა. 24-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა, შესანიშნავად ჩამოიცილა მეურვე და ბურთი შორეულ “ცხრიანში” გაახვია – ასე გაიხსნა ანგარიში “ჰონვედთან” საშინაო მატჩში, რომელიც ქართველი ფორვარდის (88-ე წუთზე შეცვალეს) გუნდმა 2:1 მოიგო.
კვიპროსში ემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილმა “ანორთოსისმა” (გიორგი ლორია, ნიკა ნინუა, ნიკა კაჭარავა) სტუმრად 1:2 წააგო აელ-თან. ქართველებიდან მხოლოდ ლორიამ ითამაშა, ნინუა და კაჭარავა სათადარიგოები იყვნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings