საკმაოდ წარმატებული გამოდგა გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის, თუმცა უკეთესიც გვინახავს. პოლონეთში გიორგი მერებაშვილმა მორიგი გოლი გაიტანა. ოთარ კიტეიშვილმა “რაპიდის” წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩააატარა. რაც ყველაზე მთავარია, “გენტის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართული ფეხბურთის გამორჩეული ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც საგოლე პასიც მიითვალა.
ლა ლიგაში “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინძლა და მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა. აღნიშნულ შეხვედრაში ხოსე ბორდალასმა კარის დაცვა გამოცდილს იასპერ სილესენს ანდო. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო.
ლა ლიგა 2-ში გიორგი მაკარიძის “ალმერიამ” “ტენერიფრემ” 3:1 დაამარცხა. ქართველი მეკარე თადარიგში იყო.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გურამ გიორბელიძის დრეზდენის “დინამო” “ვერდერს” დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი სათადარიგო იყო.
საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი კოხრეიძის დებიუტი შედგა. 22 წლის ქართველი შემტევი სათადარიგო იყო და მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. მისი “გრენობლი” ამირან სანაიას “როდეზთან” ფრეს დასჯერდა. სანაია თადარიგში იყო.
ბელგიის იუპილერ ლიგაში გიორგი ჩაკვეტაძის “გენტი” “სერკლ ბრიუგეს” დაუპირისპირდა. გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველმა შემტევმა საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა და საგოლე პასითაც გამოიჩინა თავი. მატჩი “ბუფალომ” 2:1 მოიგო.
გიორგი მიქაუტაძის “სერენი” “გენკთან” 0:3 დამარცხდა. ჩვენიანმა შეუცვლელად ითამაშა.
ლევან შენგელიას “ლეუვენი” “ბრიუგესთან” ფრეს 1;1 დასჯერდა. შენგელია 75-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.
პორტუგალიაში გიორგი აბურჯანიას “ჟილ ვისენტე” “პორტოსთან’ 1:2 დამარცხდა. ქართველი სათადარიგო იყო და მოედანზე არ გასულა.
თურქეთის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის “ჰათაისპორი” “ფენერბაჰჩესთან” 1:2 დამარცხდა. ლობჟანიძე ძირითადში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს.
ავსტრიაში ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგი” “ზალცბურგთან” 0:2 დამარცხდა. ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ოთარ კიტეიშვილის “შტურმმა” ვენის “რაპიდი” 3:0 დაამარცხა. კიტეიშვილი 83-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ ამ დროში ორი საგოლე პასი გააკეთა.
რუსეთში ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” მოსკოვის “დინამოსთან” 0:2 დამარცხდა. კვარაცხელია 64-ე წუთზე შეცვალეს.
პოლონეთში ნიკა კვეკვესკირის “ლეხი” “იაგელონიასთან” 0:1 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა 65 წუთი ითამაშა.
ვაკო გვილიას “რაკოვი” “ლეგიას” გაეჯიბრა და 3:2 დაამარცხა. ვაკომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა.
პოლონეთის რანგით მეორე დივიზიონში გიორგი მერებაშვილმა მეორე გოლი გაიტანა. მერებაშვილის “პოდბესკიძიე” რჟეშოვს” დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. მერებაშვილმა თავად დაიწყო შეტევა, 70-მეტრიანი რეიდი განახორციელა და აუღებელი დაურტყა მეკარეს. ქართველი ფორვარდი 73-ე წუთზე შეცვალეს.
უნგრეთში ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის “ფერენცვაროშმა” გიორგი ბერიძის “უიპეშტი” მიიღო და 3:1 გაიმარჯვა. “ქართული” დერბი კი არ გამოვიდა – ითამაშა მხოლოდ ბერიძემ, რომელიც 81-ე წუთზე შეცვალეს, დვალი სათადარიგო იყო, ხარაიშვილი კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა.
სლოვაკეთში გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას “სლოვანმა” სტუმრად 3:0 სძლია “სენიცას”. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. კანკავა 68-ე წუთზე შეცვალეს, კაშია – ბოლო წუთზე.
დავით ხოჭოლავამ (“კოპენჰაგენი”) 83-ე წუთამდე ითამაშა “ნორდსიელანდთან” სტუმრად მოგებულ (5:1) მატჩში.
ქართველების “ანორთოსისმა” (გიორგი ლორია, ნიკა ნინუა, ნიკა კაჭარავა, მწვრთნელი თემურ ქეცბაია) სტუმრად 2:3 წააგო “არისთან”, რომელიც მთავარი დივიზიონის დებიუტანტია და ლიდერთა შორისაა.
ლორიამ სამივე გოლი პირველ ტაიმში გაუშვა, ამასთან, მეორე გოლისას შეცდა და ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა. მიუხედავად 3-ბურთიანი ჩამორჩენისა, ქეცბაიას შეგირდებმა ბოლომდე იბრძოლეს და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ.
GIPHY App Key not set. Please check settings