ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში დიდი ქართული ტრადიციები გრძელდება. ამჯერად, ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი ლუქსემბურგში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე შედგა. ნიკა ხარაზიშვილმა ფინალურ ორთაბრძოლაში ნიდერლანდელი ტიგო რენესი დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ფინალური დაპირისპირება ნიკას სრული უპირატესობით წარიმართა. ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრის სტარტზევე კისრული გდებით ვაზარზე დააგდო მეტოქე. ამის შემდეგ, მთელი ბრძოლა ნიკა ცდილობდა ილეთის შესრულებას და რენესს პასიურობისთვის შიდოს ჰქონდა. შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე კი, ნიკამ ნიდერლანდელს მეორე გდებაც შეუსრულა და ავასატე იპონით ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალს თორნიკე ფოლადიშვილი დაეუფლა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში რუსი იხვან ედილსულტანოვი დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings