საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე ლა ლიგასთან ერთ ნაბიჯშია. მაკარიძის “ალმერიამ” გასულ ტურში ოფიციალურად გაინაღდა პლეი-ოფში თამაშის უფლება. მაკარიძე ბოლო ტურში ხიხონის “სპორტინგთან” (2:0) მატჩში განაცხადში არ ყოფილა. პლეი-ოფში “ალმერიას” მეტოქე “ჟირონა” იქნება.
ავსტრიის ბუნდესლიგაში გურამ გიორბელიძის და ლუკა ლოჩოშვილის “ვოფსბერგერმა” კონფერეს ლიგაზე მოსახვედრი პლეი-ოფის მეორე მატჩიც წააგო ვენის “აუსტრიასთან” 1:2 და ევროსარბიელს მიღმა დარჩა. ორივე ქართველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
საბერძნეთის მეორე სუპერლიგის პლეი-ოფში ბექა მიქელთაძის “ქსანტი” განმეორებით შეხვედრაში “პანეტოლიკოსთან” 0:1 დამარცხა. “ქსანტის” პირველი მატჩი 2:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით გამარჯვება და სუპერლიგის მთავარი ლიგის საგზური “პანეტოლიკოსს” დარჩა.
მიქელთაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.
ესტონეთში ზაქარია ბეგლარიშვილისა და ანტონ თოლორდავას “ლევადიამ” სტუმრად დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა “ლეგიონი” – 3:2. ქართველების (ორივე ძირითად შემადგენლობაში იყო) გუნდმა პირველი ტაიმი ბეგლარიშვილის საგოლე პასისა და გოლის (პენალტი, რომელიც თოლორდავამ მოიპოვა) წყალობით 2:0 მოიგო და თითქოს ადვილად უნდა მიეყვანა თამაში გამარჯვებამდე, მაგრამ… მეორე ტაიმის დასაწყისში თოლორდავამ 7-წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ამის შემდეგ თამაში თითქოს დაიძაბა, თუმცა “ლევადიამ” რიცხობრივ უმცირესობაში მესამე გოლიც გაიტანა.
სამხრეთ კორეის k ლიგაში ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაიმ” სტუმრად 2:1 მოუგო “ჯეჯუს”. საქართველოს ნაკრების შემტევმა 74-ე წუთიდან ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings