დღეს, ბათუმისთვის ღირსშესანიშნავი დღეა. 14-წლის შემდეგ, ადგილობრივ ქომაგს საკუთარ ქალაქში, ძალიან მაგარ ახალ სტადიონზე მიეცათ საყვარელი გუნდის ქომაგობა. დღეს, “ბათუმი არენა” ხელმეორედ გაიხსნა. ამჯერად, მატჩს 7000-მდე გულშემატკივარი დაესწრო და მათ სტადიონზე საოცარი ატმოსფერო შექმნეს, რამაც ფეხბურთელებს დამატებითი ენერგია მისცა.
სიმბოლურია, რომ ასეთ სტადიონზე, ასეთ ატმოსფეროში ერთმანეთს ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები ბათუმისა და თბილისის “დინამოები” შეხვდნენ. ეს ამ გუნდების 61-ე დაპირისპირება გახლდათ: 61 მოგება თბილისის “დინამო”, 10 – ფრე, 10 – მოგება ბათუმის “დინამო”.
დინამო ბათუმი – დინამო თბილისი 1:0
8 მაისი. ბათუმი. “ბათუმი არენა”. 7000 მაყურებელი
გოლი: 1:0 ჯიღაური (41)
დინამო ბათუმი: კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ნავალოვსკი (66. მანჯგალაძე) – მამუჩაშვილი, ჯიღაური, ალთუნაშვილი (76. ზარია), ტეიდი, გროცურეკი (58. აზაროვი) – ფანცულაია (66. შინდაგორიძე)
დინამო თბილისი: კვასხვაძე – მონხილი, პაპავა, ხვადაგიანი – სპორქსლედე, რადინი, მექვაბიშვილი (71. კუცია), ქარდავა (63. ანანიძე), კობოური – მარუშიჩი (63. კეიტა), გაბედავა (59. ახვლედიანი)
მატჩი მაინცდამაინც სანახაობრივი ვერ გამოვიდა, მაგრამ ზღვისპირელები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. პირველ ნახევარში გია გეგუჩაძის ფეხბურთელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ და მწვავედაც უტევდნენ. ორ-ორჯერ გიორგი ფანცულაია და მამუკა კობახიძე ურტყამდნენ თავით მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ კარის ხაზზე დამაჯერებელი იყო თბილისელთა მეკარე როინ კვასხვაძე. თბილისის “დინამოს” კი, პირველ ნახევარში კარში ზუსტი დარტყმა არც ჰქონია.
ბათუმელთა შეტევებმა შედეგი 41-ე წუთზე გამოიღო. გიორგი ფანცულაიას პასის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ ჯაბა ჯიღაური დარჩა და მანაც ახლო, დაბალ კუთხეში გაუტანა როინ კვასხვაძეს – 1:0.
მეორე ტაიმი გაცილებით დაძაბული გამოვიდა. ბათუმელები მაინც საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უფრო ზრუნავდნენ, თბილისის “დინამო” კი უტევდა, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდა. სტუმართაგან ყველაზე რეალური საგოლე მომენტი ზორან მარუშიჩს ჰქონდა, მაგრამ მისი ახლო მანძილიდან დარტყმული ლაზარე კუპატაძემ მოიგერია.
დღევანდელი მატჩი ასევე გამორჩეული იყო, რადგან საქართველოს ჩემპიონატში პირველად ითამაშა ჯანო ანანიძემ. ის შეცვლაზე შევიდა.
საბოლოოდ, 1:0 და ბათუმის “დინამომ” მშობლიურ სტადიონზე დაბრუნება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდთან გამარჯვებით აღნიშნა. ზღვისპირელებმა თბილისელ “სეხნიას” მიმდინარე სეზონში მეორედ მოუგეს.
ამ მოგებით გუნდები 25-25 ქულით ერთმანეთს გაუთანაბრდნენ, მაგრამ ბათუმელებს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ და პირველ ადგილზეც ისინი არიან.
აღსანიშნავია, რომ თბილისის “დინამომ” საიუბილეო შეხვედრა ჩაატარა. “დინამოსთვის” დღევანდელი შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართული მე-1000 მატჩი იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings