in ,

8 მატჩი 6 მარცხი და 2 ფრე-ბერძნებთან პირველი მოგების იმედად

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები, ბათუმში საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ. საქართველოს ნაკრებისთვის საბერძნეთი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა. გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 8-ჯერ ითამაშეს, მათგან 6 თამაში ბერძნებმა მოიგეს, ხოლო ორი – ფრედ დასრულდა.

საბერძნეთი 2:1 საქართველო 1996

პირველი და უკანასკნელი შეხვედრა, როდესაც გუნდები ერთმანეთს ამხანაგური მატჩის ეგიდით დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა გუნდებს შორის საბერძნეთში, ქალაქ იანინაში, 1996 წელს ჩატარდა. იმ დროინდელ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვხვდებით ისეთ საინტერესო სახელებს, როგორებიცაა, ირაკლი ზოიძე, გიორგი ნემსაძე, რევაზ არველაძე, თემურ ქეცბაია, არჩილ არველაძე  და სხვა. საინტერესოა, რომ ანგარიშის გახსნა ქართველმა ფეხბურთელებმა მოახერხეს, მე-15 წუთზე ბერძნების კარში გოლი გოჩა გოგრიჭიანმა გაიტანა. საქართველოს ნაკრები შეხვედრას 58-ე წუთამდე იგებდა, თუმცა შემდეგ საბერძნეთის ნაკრების მომავალმა ლეგენდამ და მომავალმა ევროპის ჩემპიონმა დემის ნიკოლაიდისმა ჯერ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო  87-ე წუთზე დააწინაურა კიდეც ბერძნები.

საბერძნეთი 3:0 საქართველო 1998

შემდეგი შეხვედრა გუნდებმა უკვე „ევრო 2000“- ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში ჩაატარეს. 1998 წლის ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები, რომელიც ძალიან ძლიერი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, ბერძნებთან სათამაშოდ ათენში ჩავიდა. საქართველოს ნაკრების განაცხადში ვხვდებით ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან, კახა კალაძე, მურთაზ შელია, გიორგი ნემსაძე, ლევან კობიაშვილი, შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქალაძე და სხვ. დიდი იმედების მიუხედავად, საბერძნეთმა ყველაფერი პირველივე ტაიმში დაასრულა. 45 წუთის შემდეგ ტაბლოზე 3:0 იყო დაფიქსირებლი.

საქართველო 1:2 საბერძნეთი 1999

1999 წლის გაზაფხულზე, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს „ევრო 2000“-ის შესარჩევის მეორე შეხვედრა უნდა გაემართათ. მატჩის მიმდინარეობისას ქართველები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც საბოლოოდ 55-ე წუთზე თემურ ქეცბაიას მიერ ბერძენთა კარის დალაშქვრითაც დასრულდა. თამაში მიდიოდა ლოგიკური დასასრულისკენ და ქართველებს დამსახურებული 3 ქულა უნდა აეღოთ, თუმცა საბერძნეთის ნაკრები ბოლო ათ წუთში ძალიან გააქტიურდა და 85-ე წუთზე ჯერ ოთარ ხიზანიშვილის ავტოგოლის წყალობით გაათანაბრეს ანგარიში, ხოლო 90-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში გოლი ნიკოს მაჰლასმა გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

საქართველო 1:3 საბერძნეთი 2005

6-წლიანი პაუზის შემდეგ, საბერძნეთის ნაკრები საქართველოში უკვე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩამოვიდა, ოტო რეჰაგელის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა და 2005 წელს თბილისშიც აშკარა ფავორიტის სტატუსით ჩამოვიდა. პირველი გოლი კვლავ ქართველებმა გაიტანეს. 22-ე წუთზე მალხაზ ასათიანმა ანგარიში გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის დასრულებამდე, ჯერ 43-ე და შემდეგ 44-ე წუთებზე თავი მიხალის კაპსისმა და ზისის ვრიზასმა გამოიჩინეს და საბერძნეთის ნაკრებს პირველი ნახევარი მოაგებინეს. 53-ე წუთზე სტელიოს ჯანაკოპულოსმა ქართველების იმედებს ბოლო მოუღო, როდესაც მან მესამე ბურთი გაიტანა ქართველების კარში.

საბერძნეთი 1:0 საქართველო

მეორე შეხვედრა უკვე საბერძნეთში გაიმართა. მიუხედავად ევროპის ჩემპიონის სტატუსისა, ბერძნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხეს და ბოლო ტურის მატჩი ჩვეულებრივად სიმბოლურ სტატუსს ატარებდა. მატჩი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა. მე-17 წუთზე დიმიტრის პაპადოპულოსმა ანგარიში გახსნა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში არც შეცვლილა.

საბერძნეთი 1:1 საქართველო

პირველი მატჩი, როდესაც ბერძნებმა საქართველოს წინააღმდეგ გამარჯვების მიღწევა ვერ მოახერხეს. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი საბერძნეთში „ევრო 2012“-ის შესარჩევი ეტაპის შეხვედრის ჩასატარებლად ჩავიდა. გუნდში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ერთგვარი ბალანსი იყო, ნუკრი რევიშვილი, კახა კალაძე, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მალხაზ ასათიანი, ლევან კობიაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე იაშვილი და სხვა. მატჩში ანგარიში კვლავ საქართველოს ნაკრებმა გახსნა. ჩვენი ნაკრები მე-3 წუთზე ალექსანდრე იაშვილმა დააწინაურა,მაგრამ მატჩის მიწურულს ბერძნებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

საქართველო 1:2 საბერძნეთი

ციკლის მეორე მატჩი თბილისში, მიხეილ მესხზე გაიმართა. შეხვედრა კვლავ ბოლო ტურის იყო და საბერძნეთს აუცილებლად სჭირდებოდა მოგება, რათა ხორვატიისათვის გადაესწრო და პირველი ადგილი დაეკავებინა ჯგუფში, თუმცა ანგარიში ისევ ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს. მე-19 წუთზე დავით თარგამაძემ ბერძნების კარში გოლის გატანა მოახერხა. საბერძნეთმა საქმე ისევ ბოლო წუთებამდე მიიყვანა და 79-ე წუთზე გეორგოს ფოტაკის გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე ანგელოს ხარისტეასისმა გამარჯვების გოლიც გაიტანა. საქართველომ შესარჩევი ციკლი 10 ქულით მე-5 ადგილზე დაამთავრა, ხოლო საბერძნეთმა 24 ქულით პირველზე.

საბერძნეთი 1:1 საქართველო 2021

და აი ბოლო შეხვედრაც, რომელიც სავარაუდოდ ნაკრების თითოეულ ქომაგს კარგად უნდა ახსოვდეს და დიდად გახსენება არც უნდა სჭირდებოდეს. საქართველოს ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა მასპინძლების წინააღმდეგ, თუმცა 76-ე წუთზე ბერძნებმა ოთარ კაკაბაძის კურიოზული ავტოგოლის წყალობით ანგარიში გახსნეს. მალევე 78-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გაათანაბრა და ტაბლოზე 1:1 დააფიქსირა. ამ ანგარიშით დასრულდა გუნდების ბოლო ურთიერთშეხვედრა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თანამშრომლობა როტერდამის სპარტასთან: რაჭაში ფეხბურთის აღორძინება იწყება

არის თუ არა ინდიანა მისი განვითარებისთვის საუკეთესო ვარიანტი?.. – მედია გოგაზე წერს