in ,

4 თამაშის შემდეგ 10 ქულას ბევრი არ ელოდა: დღევანდელი იმედგაცრუება კარგიცაა, ანუ მეტის ამბიცია გვაქვს – მატჩისშემდგომი კომენტარები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ივნისის სანაკრებო მატჩები კარგად ჩაატარა და 4 ტურის შემდეგ 10 ქულით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგის C4 ჯგუფში ჯერ გიბრალტარი გაანადგურა 4:0. შემდეგ რაზგრადში ბულგარელებს 5:2, სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას 3:0 მოუგო. დღეს კი, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ბულგარეთთან მხოლოდ ქულას დასჯერდა.

მთლიანობაში ეს სანაკრებო პაუზა მაინც დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს. მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მედიისთვის კომენტარები გააკეთეს.

ზურიკო დავითაშვილი

ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ბულგარეთის ნაკრები ძალიან უკნიდან გვეთემეშა, მაქსიმალურად გადაკეტილი ჰქონდა ზონები და ასეთ დროს რთულია მომენტების შექმნა. მიუხედავად, მეტოქის საოცრად დაცვითი სტილის ფეხბურთისა მაინც გვქონდა მომენტები, რომელთა გამოყენებაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ.

ჩემს საკლუბო კარიერას რაც შეეხება ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. არის სხვადასხვა ვარიანტები, მათ შორის ბათუმის “დინამოში” დარჩენასაც განვიხილავთ.

გურამ კაშია

რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვით და ესაა მიზანი, მაგრამ შეკრების დაწყების წინ ასეთ შედეგს და ამდენ გატანილ ბურთს რთულად თუ წარმოვიდგენდით. საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ. ერთი გამოკვეთილი აუტსაიდერი და სამი თანაბარი ძალის გუნდია. გათამაშება კარგად დავიწყეთ, საწყის 4 ტურში 10 ქულა დავაგროვეთ და იმედია კარგად დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

ბრატილსავას “სლოვანთან” 1+1 წლიანი კონტრაქტი მქონდა და ავტომატურად გაგრძელდა ჩემი ამ კლუბთან კონტრაქტი. მომავალ სეზონსაც “სლოვანის” შემადგენლობაში ვითამაშებ.

ხვიჩა კვარაცხელია

ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ცოტა იმედგაცრუებაც არის, რადგან 12 ქულა გვსურდა, მაგრამ დღეს ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მთლიანობაში რა თქმა უნდა წარმატებული შეკრება იყო და უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი სექტემბრის სანაკრებო მატჩებზე. ორივე შეხვედრა მოსაგებია, რომ ჯგუფი დამაჯერებლად მოვიგოთ.

“ნაპოლიში” ტყუილად წასვლას არ ვაპირებ. ნეაპოლში დიდი მოტივაციით მივდივარ, რომ იქ დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები. ყველაფერს გავაკეთებ ქართველი გულშემატკივრების იმედები გავამართლო.

ნიკა კვეკვესკირი

“ძალიან მაგარი საფეხბურთო გარემო იყო. თითქოს მთელი ერი შეიკრა ჩვენ გარშემო წინა წარმატებების და გამარჯვებების გამო. მართლა ძალიან დადებითი ემოცია მოდიოდა და გვეხმარებოდა გუშემატკივარი.

სამწუხაროა, რომ ეს შედეგში ვერ ავსახეთ და საფეხბურთო დღესასწაული ბოლომდე გამარჯვებით ვერ დავაგვირგვინეთ. გულშემატკივარს მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის, ისინი გვაძლიერებენ, მიუხედავად ასეთი მჭიდრო საფეხბურთო გრაფიკისა, არანორმალური გრაფიკია 10 დღეში ოთხი თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. რომ არა გულშემატკივრები ალბათ ამის გაკეთებაც რთული იქნებოდა.

სამწუხაროა, რომ ჩვენი მომენტები ვერ ავსახეთ გოლში, ვერ მოვახერხეთ გამარჯვება და მათთვის ზეიმის ჩუქება. დღეს არავის დამარცხება არ არის იოლი. მითუმეტეს როდესაც ზედიზედ ორ მატჩს ეთამაშები მართლა კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ბულგარეთის ნაკრებს, რომელსაც შესწავლილი ჰქონდა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ისეთი მჭიდრო დაცვის გარღვევა, როგორიც ბულგარეთმა მოაწყო საკუთარ საჯარიმოში ძნელი იყო. ამიტომ უნდა გამოგვეყენებინა ის მომენტები, რომელიც შევქმენით.

ამ ერთა ლიგის დაწყების წინ, ვინმეს რომ ეთქვა 10 ქულა გვექნებოდა ოთხი თამაშის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ყველა დაუფიქრებლად თანახმა იქნებოდა. ამ გადმოსახედიდან კარგი შედეგია, მაგრამ რა თამაშსაც და ხარისხსაც გუნდი აჩვენებდა, რამდენი გოლიც გაგვქონდა, როგორ ვთამაშობდით დაცვაში, გუნდურად, ერთსულოვნად, ამ ყველაფრიდან გამომდინარე მართლა დასანანია ეს წარუმატებლობა. იმიტომ რომ წარუმატებლობა არის ასეთი ნაკრებისთვის როგორიც ჩვენ გვყავს, სავსე დინამო არენაზე, რომ ვერ მივაღწიეთ გამარჯვებას”.

ვილი სანიოლი

„ბოლო ორ კვირას დადებითად შევაფასებ. ოთხი თამაშის შემდეგ 10 ქულას ბევრი არც ელოდა. გასაგებია, რომ ცოტა იმედგაცრუებულები ვართ დღევანდელი შედეგით, თუმცა ეს კარგიც არის, რადგან ნიშნავს, რომ მეტის მიღწევის ამბიცია გვაქვს. ეს დაგვეხმარება სექტემბერში და ზოგადად მომავალში.

არ მინდა მხოლოდ ბოლო ოთხი თვის შესახებ ვისაუბრო. ოქტომბრის შემდეგ, 9-დან 7 მატჩი მოვიგეთ, 2 ფრედ დავასრულეთ, 7 შეხვედრაში გოლი არ გაგვიშვია. ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ფეხბურთელები მაღალ დონეზე ასპარეზობენ. მიხარია, რომ ამის ნაწილი ვარ და მაქვს შესაძლებლობა მათი მწვრთნელი ვიყო. საკმაოდ მომთხოვნი მწვრთნელი ვარ, განსაკუთრებით დისციპლინის მხრივ და ვთვლი, რომ ფეხბურთელებმა ეს კარგად მიიღეს. აქედან გამომდინარე, დღეს დადებითი ემოციები მაქვს.

90 წუთის განმავლობაში ბულგარეთის ნაკრებს ერთი შანსიც არ ჰქონია. ამიტომ, დაცვის თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები უნდა გაგვეკეთებინა, რადგან ათ დღეში ოთხი თამაშის ჩატარება ძალიან რთულია. ჩვენი ინტენსივობა ბოლო კვირის განმავლობაში საკმაოდ მაღალ დონეზეა ევროპის წამყვან ნაკრებებთან შედარებითაც კი. ყველა ბოლომდე დაიხარჯა, ფეხბურთელები, მწვრთნელები, სტაფი. რა თქმა უნდა, როდესაც რამდენიმე ცვლილებას აკეთებ, ზოგჯერ თამაში თავისუფლად არ მიდის, თუმცა ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ეს აუცილებელი იყო. დღევანდელ თამაშში მნიშვნელოვანი იყო ფიტნესის, სისწრაფის პრობლემა. ის შეგრძნება, რომელიც მატჩის შემდეგ დაგვეუფლა, კარგია, რადგან ეს მეტ მოტივაციას მოგცემს, რომ ვიმუშავოთ და ვიფიქროთ იმაზე, რა არის გასაუმჯობესებელი. დაღლილები ვართ, რადგან მოკლე პერიოდში ბევრი რამ მოხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოთამაშეები, სტაფი, ფეხბურთის ფედერაცია მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ სექტემბერში კვლავ ერთად ვიქნებით.

ოთხი მატჩის შემდეგ 10 ქულა გვაქვს, კარგი მატჩები ჩავატარეთ და ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს უნდა მივულოცოთ. მათ ქვეყანას სიხარული მოუტანეს და ხალხმაც დიდებულად გვიპასუხა. ატმოსფერო შესანიშნავი იყო სტადიონზე და დარწმუნებული ვარ, სექტემბერში, როდესაც არენა კვლავ შეივსება, უფრო უკეთეს თამაშს შევთავაზებთ მაყურებელს, რათა კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვეღარ: ბულგარეთს ვერ გავუტანეთ – საქართველო მაინც პირველია

საუკეთესო კვარაცხელია – ქართველ ფეხბურთელთა შეფასებები ბულგარეთთან მატჩში