in ,

ვეღარ: ბულგარეთს ვერ გავუტანეთ – საქართველო მაინც პირველია

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მე-4 ტურის საშინაო მატჩი ბულგარეთთან ვეღარ მოიგო – 0:0. წინა სამ შეხვედრაში უხვი გოლების შემდეგ, ვეღარც გავიტანეთ. მიზეზებს სამწვრთნელო შტაბი უფრო გაანალიზებს, თუმცა გარკვეული შეფასების გაკეთება შეიძლება – ბევრად რთულია ჩაკეტილ მეტოქესთან თამაში და მომენტების შექმნა. შესაძლოა გადაღლაც იყო, მიუხედავად შემადგენლობის როტაციისა. საერთო ჯამში კი, ბუნებრივია, მშვენიერი მონაკვეთი გამოუვიდა ჩვენს გუნდს – 10 ქულა 4 მატჩში და დამაჯერებელი ლიდერობა – ის შედეგია, რომელზეც ნებისმიერი მოაწერდა ხელს.

სწორედ წინა მატჩების შედეგების დამსახურება იყო ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ თამაშის წინ შეიქმნა. ორი-სამი დღით ადრე გაიყიდა ყველა ბილეთი, ისევ გაჩნდნენ გადამყიდველები და ისევ აღტკინებით დაირაზმი გულშემატკივარი სტადიონისკენ.
ასეთ დროს განსაკუთრებით დასანანია, რომ მოგება ვეღარ გამოვიდა, ვერც გოლი.
თუმცა ფეხბურთელების მიმართ აუგი არავის ეთქმის, ბიჭებმა მოინდომეს, იბრძოლეს და ამას ქომაგიც ხედავს და აფასებს.

This image has an empty alt attribute; its file name is 287570996_1977963715737665_8251873138660169468_n-1024x778.jpg

საქართველო – ბულგარეთი 0:0
12 ივნისი. თბილისი. დინამო არენა. 55 000 მაყურებელი

საქართველო: ლორია, დვალი, ხოჭოლავა, კაშია, აზაროვი (კიტეიშვილი, 63), კვეკვესკირი, მექვაბიშვილი (დავითაშვილი, 63), ლობჟანიძე, კვარაცხელია, ყაზაიშვილი (წიტაიშვილი, 52), მიქაუტაძე (ზივზივაძე, 80)

გაფრთხილება: დავითაშვილი
მთ. მსაჯი: ესპეს ესკოსი (ნორვეგია)

პირველი ტაიმი

ემოციური მუხტის ფონზე საქართველომ თამაში აქტიურად დაიწყო. ისე ჩანდა, რომ სუსტ მეტოქეს ვეთამაშებოდით და გოლი დროის ამბავი იყო. თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, ბულგარეთმა მალევე მოახერხა ტემპის დაგდება.
პრინციპში მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო – სტუმრები მეტ ყურადღებას დაცვას უთმობდნენ, ჩვენებს კი, რომლებაც წინა ორი შეხვედრა მეტწილად კონტრშეტევებსა და სივრცეების წყალობით მოიგეს, ახლა პირველ ნომრად მოუწიათ თამაში და მჭიდროდ მოთამაშე მეტოქესთან გაჭირდა მომენტების შექმნა.

პირველ ტაიმში იყო რამდენიმე ეპიზოდ-მონაკვეთი, როდესაც ბულგარეთმა ბურთი დაიჭირა და ამით ტემპი დააგდო, მაგრამ მეტწილად ჩვენი პოზიციური შეტევები იყო. მიუხედავად ამსაა, მიუხედავად ინდივიდუალური მცდელობებისა (ძირითადად ფლანგებიდან კვარაცხელია და ლობჟანიძე), განსაკუთრებული საფრთხე ვერ შევქმენით.

ბლომად იყო სტანდარტულები. მეტწლად კუთხურები, რომლებსაც კვარაცხელია აწვდიდა ხოლმე, მაგრამ ვერც ამან მოგვიტანა ხეირი. მოკლედ, ძალიან ჭირდა საგოლე მომენტის შექმნა და ველოდებოდით მეორე ტაიმს, რომელიც წინა შემთხვევებში ჩვენმა გუნდმა უკეთ ჩაატარა.

მეორე ტაიმი

მეორე ნახევარიც რასაკვირველია ჩვენების უპირატესობით წარიმართა, თავიდანვე შევუტიეთ და უკვე რეალური მომენტებიც შევქმენით.
56-ე წუთზე კვარაცხელიამ ფლანგზე ორი მცველი სასწაულად მოიშორა და მეკარის საჯარიმოში ჩამორბენილ მიქაუტაძეს მიაწოდა, რომელმაც ერთი შეხებით ჰაერში დაარტყა, მაგრამ ააცილა.

62-ე წუთზე კი უნდა გაგვეტანა. ჯერ კვარაცხელია შევარდა და მეკარესთან ერთი ერთზე დარჩა, ტექნიკურად გადაუგდო წინ გამოსულ მიხაილოვს, მაგრამ დარტყმა სუსტი იყო და მცველმა გამოიტანა, ბურთი ფლანგზე ლობჟანიძეს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა და ბურთი თავზე დაასვა მიქაუტაძეს, რომელმაც მეკარის საჯარიმოს ხაზიდან კი დაარტყა, მაგრამ მეკარემ აუღო.

ამასობაში ვილი სანიოლმა შეცვლებს მიმართა და ძალიან შემტევი შემადგენლობა დატოვა მოედანზე.

ჩვენები აშკარა მოსაგებად წავიდნენ, ბულგარეთი ვერაფერს ახერხებდა შეტევებში და ამიტომაც შეიძლებოდა ასეთი ერთგვარი გარისკვა. თუმცა მერე და მერე თითქოს მიწყნარდა, ცოტა ბულგარელებმაც დაიჭირეს ბურთი, მოუხშირეს ჩვენსკენ გადმოსვლებს.
მორიგი აფეთქება იყო საჭირო, მაგრამ ასე მარტივიც არ აღმოჩნდა წიტაიშვილის ფლანგური გარღვევიდან ზივზივაძეს ჰქონდა შანსი, მაგრამ ჩაწოლილს მცველმა დაასწრო. ბოლოს მასირებული შეტევები ვცადეთ, მაგრამ ასეთივე დაცვა დაგვიხვდა და თან უკვე დაღლაც შესამჩნევი იყო. მოკლედ, აღარ გამოვიდა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს 10 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია. ჩვენი მდევარი ჩრდ მაკედონიაა, რომელსაც 7 ქულა აქვს და შანსიც გაუჩნდა. 5-ქულიანი უპირატესობის შემთხვევაში მაკედონილეები ფაქტობრივად განწირულები იყვნენ, ახლა კი ჩვენთან აქვთ სათამაშო და მცირედ იმედი გაუჩნდათ კიდეც.
ჯგუფის დასკვითი ამბები სექტემბერში მოხდება, როდესაც საქართველო ჯერ 23 სექტემბერს ჩრდ მაკედონიას მიიღებს და ბოლოს, 26 სექტემბერს გიბრალტართან დაასრულებს ჯგუფურ ეტაპს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გამარჯვება პირველ ადგილს გაგვიმყარებს: გულშემატკივრები ნედელევს გაამხნევებენ -დინამო არენა ანშლაგის მოლოდინში

4 თამაშის შემდეგ 10 ქულას ბევრი არ ელოდა: დღევანდელი იმედგაცრუება კარგიცაა, ანუ მეტის ამბიცია გვაქვს – მატჩისშემდგომი კომენტარები