in

21-ე საუკუნის ყველაზე გამტანი ფეხბურთელები: რონალდო პირველია, მესი მეორე

კრიშტიანო რონალდო არა მხოლოდ 21-ე საუკუნის, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამტანი კაცია. თან, როგორ მოახერხა ეს? – 12 მარტს, „ოლდ ტრაფორდზე“, „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ შესრულებული ჰეტ-ტრიკი და უკან ჩამოტოვებული იოზეფ ბიკანი, რომელსაც კარიერაში 805 გოლი ჰქონდა შეგდებული.

რაც შეეხება ახალ მილენიუმს, წარმოგიდგენთ ყველაზე გამტან 40 მოთამაშეს, მაგრამ ძირითადი ყურადღება მოქმედ მოთამაშეებზე შევაჩეროთ (ამ სიაში იგულისხმება როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო გოლები).

მე-40 პოზიციაზე რაულ გონსალეს ბლანკოა. მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა კარიერაში 430-მდე გოლი გაიტანა, მაგრამ ამ ბურთთა ნაწილი მან მე-20 საუკუნეში შეაგდო, შესაბამისად, ნუსხაში 279 გოლი მოხვდა.

შემდეგ უკვე მო სალაჰი მოდის, რომელსაც ასევე 279 აქვს შეგდებული, მაგრამ საშუალოდ 0.48 გამოსდის და რაულის 0.4-ს უსწრებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სალაჰს სულ ახლახანს შეუსრულდა 30 წელი, თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სალაჰს კიდევ 100 გოლის გატანა არ უნდა გაუჭირდეს, რითაც ტოპ-15 ში შესვლა არ უნდა გაუძნელდეს.

ტომას მიულერი გატანილი 287 გოლით, 35-ე პოზიციაზეა და ოლივიე ჟირუს 9 გოლით ჩამორჩება. 301-იან ნიშნულზეა ფერნანრდო ტორესი, რომელიც 31-ე საფეხურზეა.

29-ე საფეხურზეა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი მიროსლავ კლოზე, რომელსაც 301 გოლი დაუგროვდა კარიერაში.

26-ე პოზიციაზეა ძალიან საინტერესო პიროვნება- ჰარი კეინი. ის, მხოლოდ 28 წლისაა და უკვე 314 გოლი აქვს გატანილი. თუკი სალაჰს ხელეწიფება 100 გოლის გატანა, მაშინ კეინი… მოკლედ, დაველოდოთ, მაგრამ ამ ბიჭს აქვს პოტენციალი, რომ მინიმუმ 5-ეულს უწიოს, რადგან ლუის სუარესს 521 აქვს გატანილი და კეინის ასაკის გათვალისწინებით, თუნდაც სეზონში 35 გოლის გატანა, სავსებით რეალურია.

21-ე საფეხურზეა კიდევ ერთი 28 წლის შემტევი, რომელუ ლუკაკუ, რომელიც ვერაფრით გაერკვა სად სურს თამაში. დღეს დადასტურდა, რომ ის „ინტერში“ ბრუნდება, მაგრამ ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით და უკვე გატანილი 333 გოლის მხედველობაში მიღებით, მასაც აქვს 5-ეულის პოტენციალი.

ძალიან საინტერესოდ გამოიყურება: მე-17, მე-16, მე-15 და მე-14 საფეხურები. ნისტელროი, ანრი, რუნი და დროგბა. ამ კვარტეტს თუ ცივად აუქცევ გვერდს… 2000-იანების სტარტზე პრემიერ ლიგაში მქუხარე სახელები. ჰო, ანრიც იმ მოთამაშეთაგანია, რომელსაც გოლების ნაწილი მე-20 საუკუნეში აქვს შეგდებული.

შევაბიჯოთ 10-ეულში და მივესალმოთ, ოქროს ბურთის მოგების უმთავრეს პრეტენდენტს, კარიმ მუსტაფა ბენზემას, რომელიც მე-9 ადგილზეა 426 გოლით. კრიშტიანუ რონალდუ გოლების მაგნიტი რომ არის ეს არახალია. ჰოდა, ერთად გატარებულმა 9 წელიწადმა ბენზემას რობინის მანტია მოარგო, ახლა კი ბეტმენობის ჯერი დადგა და ფრანგმა ბრწყინვალება დაიწყო.

თითო გოლისა და საფეხურის დისტანციაში არიან ედინსონ კავანი და კუნ აგუერო. არგენტინელს 429 აქვს გატანილი კავანის 430. იმ განსხვავებით, რომ არგენტინელს დაწევის შანსი აღარ ექნება, რადგან გულის პრობლემების გამო კარიერა დაასრულა.

რაც შეეხება ტოპ-5ს. აქ ყველა მოქმედია და, ალბათ, ყოველი მათგანი იმსახურებს ორიოდ წინადადებას.

5) ლუის სუარესი (ურუგვაელი) – 521 გოლი. ურუგვაელ გოლების მანქანას ყველგან ტურბო ძრავივით მოუხდა შრომა. „აიაქსი“; „ლივერპული“; „ბარსა“ და „ატლეტიკო“. შთამბეჭდავი სიაა, მაგრამ უფრო დიდებული ისაა, რომ ყველგან მინინმუმ 75 გოლი შეაგდო.

4) ზლატან იბრაჰიმოვიჩი – ამ ადამიანის ერთ სიტყვაში აღწერა რომ დაგვავალონ, ურთულესი იქნება, რადგან მისი ეგო და ბრწყინვალე კარიერა ერთ სიტყვას ვერ დაიტევს. „მილანთან“ ერთად სერია ა-ს მომგები და შემდეგი სიტყვების მთქმელი: „ყველამ გაიგოს, მილანს ეკუთვნის იტალია“. 572 გატანილი გოლი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამტანი.

3) რობერტ ლევანდოვსკი – გასული დეკადის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი. 601 გატანილი გოლი, ჩემპიონთა ლიგა და ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა. ეს მოახერხა 33 წლის პოლონელმა, რომელსაც „ბაიერნის“ დატოვება და „ბარსაში“ გადაბარგება სურს, მაგრამ გერმანელებმა არაო…

2) ლიონელ მესი – 769 გოლი (0.79 საშ)

1) კრიშტიანო რონალდო – 815 გოლი (0.73 საშ)

მკითხველი, ალბათ, გამიგებს, რომ მესისა და რონალდოს საკადრისი სიტყვები რამდენიმე წინადადებაში არ მოინახება. არც ის ივარგებს, საქმე დავიწყოთ და შუა გზაში მივატოვოთ. ისიც არ გამოვა, რომ ბროშურად ვაქციოთ ეს სიახლე… მგონი, ამ ორის კარიერას, ისედაც კარგად იცნობთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვერატი რონალდოს სახლში გაძარცვეს: ზარალი 3 მილიონია

სრული ანშლაგი ბათუმში… დინამოების მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია!