ბრატისლავას „სლოვანის“ მენეჯმენტი უკვე მუშაობს ტრანსფერებზე, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე ოცნება აისრულოს. გეგმებში კი გიორგი ჩაკვეტაძე მოიაზრება და გუნდი მისი ტრანსფერის გამოსყიდვას ცდილობს, – ამის შესახებ „სლოვანის“ გენერალურმა დირექტორმა, ივან კმოტრიკ უმცროსმა განაცხადა და ქართველი შემტევის გამოსყიდვის გეგმაზე ისაუბრა.
„ჩემი ამოცანაა შევქმნა გუნდი, რომელიც ხალხს მისცემს იმედს, რომ მომავალ სეზონში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ ევროტურნირზე. ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს – ვაისი, კუცკა, ჩავრიჩი, კანკავა და სხვები.
– მაგალითად, ჩაკვეტაძე.
– დიახ, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებული, მომავალ სეზონში „სლოვანში“ ითამაშებს თუ არა. ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც კლუბს ძალიან დაეხმარა სათამაშო კუთხით და გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი გახდა. ყველაფერს ვაკეთებ, რომ მისი ტრანსფერი გამოვისყიდოთ. ეს არის ჩვენი მიზანი. ძალიან რთული იქნება, მაგრამ საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.
– კულუარებში ამბობენ, რომ „გენტიდან“ მისი გასასყიდ პუნქტში ათი მილიონი ევრო წერია. რომც დათანხმდეთ, ვთქვათ, ნახევარ თანხაზე, შეძლებდა „სლოვანი“ დღეს ფეხბურთელის ხუთ მილიონად გამოსყიდვას?
– მე არ შემიძლია დავასახელო თანხა, რომელზეც „გენტთან“ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. „სლოვანი“ სხვა სიტუაციაში უნდა იყოს, რომ ერთ მოთამაშეში, ვთქვათ, ოთხი მილიონის გადახდა შეძლოს. ჩვენ ვეძებთ ტრანსფერის ისეთ ფორმას, რომელსაც გავუმკლავდებით. არის იჯარა ან შემდგომი ტრანსფერიდან პროცენტის გადახდა – ბევრი ალტერნატივაა. ტრანსფერებში ხშირად დიდ როლს თავად ფეხბურთელი თამაშობს.
– თავად ჩაკვეტაძეს რა უნდა?
– მას „სლოვანში“ დარჩენა სურს. თუმცა, ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. გიორგის შემთხვევაში სამი ვარიანტია: ან სრულყოფილი ტრანსფერით შემოგვიერთდება, ან სხვა გუნდი იყიდის, ან „გენტი“ ისევ იჯარით გაუშვებს. უცნობი მეტოქეების წინააღმდეგ ვიბრძვით და ვერ ვხვდები, ბელგიურ კლუბს მასთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს.
– ვის აქვს უფრო ძლიერი სიტყვა მოთამაშის მომავალზე, კლუბს თუ ფეხბურთელს?
– ტრანსფერებთან დაკავშირებით უპირატესობა ყოველთვის კლუბს ექნება, მაგრამ, მეორე მხრივ, ფეხბურთელს შეუძლია თქვას, სადაც არ სურს წასვლა. ეს მისი თავისუფალი არჩევანია.
– შესაძლოა, რომ ჩაკვეტაძემ სხვა კლუბში ითამაშოს?
– ის დარწმუნებულია, რომ სლოვანში დასარჩენად ყველაფერს გააკეთებს. გულშემატკივრების რეაქცია მის თამაშებზე, ყველაფერზე, რაც აქ განიცადა, მნიშვნელოვანია. „გენტში“ უმძიმესი პერიოდის შემდეგ ახლა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა.
– თუმცა, 23 წლის ქართველის შენარჩუნება, სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ახალი სეზონის სტარტზე გულშემატკივრებმა ტრიბუნები შეავსონ.
– გუნდში ჩვენი ბირთვი რჩება და ვფიქრობ, ეს საკმარისია, მაგრამ ამ ფეხბურთელების შენარჩუნება ადვილი არ არის. უახლოეს კვირებში ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო, რომ გავძლიერდეთ და ევროტურნირისთვის მაქსიმალურად მოვემზადოთ. ამ ბრძოლაში ჩვენ გულშემატკივრების მხარადჭერა გვჭირდება. ისინი იყვნენ და რჩებიან „სლოვანის“ მეთორმეტე მოთამაშედ.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings