გუშინ, ევროპა და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა და ჩვენი ყურადღება ქართველთა ნაბურთალისკენ მივმართოთ.
ევროპა ლიგაზე „სლოვანი“ „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა და ნამდვილი თრილერიც გამოცხვა. პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, შესაბამისად, ორივე გუნდმა მოსაგებად გაიბრძოლა. უგოლო ნახევრის შემდეგ 54-ე წუთზე, ბერძენთა დანიელმა შემტევმა, ჩემპიონშიფში დაღვინებულმა, ფილიპ ცინკერნაგელმა გაისროლა და სტუმრები წინ გავიდნენ.
94-ე, ბოლო დამატებულ წუთზე „სლოვანმა“ ანგარიში გაათანბრა. საპოინიჩმა თავური გაიტანა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. სათქმელია, რომ 97-ე წუთზე სლოვაკები კაცნაკლულნი დარჩნენ. 101-ე წუთზე ბერძნები კამარას გოლით კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, თუმცა გრინმა გაათანაბრა და მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა.
პირველი დარტყმა პირეოსელებმა გააფუჭეს, თუმცა შემდეგ იურაი კუცკამ ვერ ივარგა და, სამწუხაროდ, ბოლო დარტყმა ჩაკვეტაძემ გააფუჭა, შედეგად, „სლოვანი“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში გადაერთო. სამივე ქართველი ძირითადში იყო.
ბუდუ ზივზივაძე შეუჩერებელია! უნგრულმა „ფეჰერვარმა“ მოლდოვურ „პეტროკუბს“ მეორე მატჩიც მოუგო და თან ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე იყო. ჯამში უნგრელებმა 7:1 გაიმარჯვეს, ხოლო ქართველი შემტევის ანგარიშზე 3 ბურთი აღმოჩნდა.
ბაქოს „ნეფტჩი“ კი სტუმრად ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. აზერბაიჯანელებს პირველი მატჩი 1:0 ჰქონდათ მოგებული, თუმცა ავსტრიელებმა იძალეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. სოლომონ კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვატო არველაძის განაცხადში შეყვანა არ შეიძლებოდა.
GIPHY App Key not set. Please check settings