დღეს, ქართული სპორტის დედოფალს, ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ქართული სპორტის ისტორიაში უდიადეს ფიგურას – ნონა გაფრინდაშვილს 80 წელი შეუსრულდა.
ვულოცავთ ქალბატონ ნონას და მხნეობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ!
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა ტერენტი გაფრინდაშვილისა და ვერა გრიგოლიას ოჯახში. იგი ექვს დედმამიშვილში მეხუთე შვილი და ერთადერთი ქალიშვილია.
ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. 1953 წელს ნონა გაფრინდაშვილმა ზუგდიდის ნაკრების შემადგენლობაში ბათუმში გამართულ მოსწავლეთა პირველობაზე იასპარეზა. ამ ტურნირზე შეამჩნია მომავალი ჩემპიონი ამ სპორტის ცნობილმა პედაგოგმა ვახტანგ ქარსელაძემ.
“შევამჩნიე, რომ მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა”-თქვა ნონაზე ვახტანგ ქარსელაძემ.
თავად ნონა იხსენებდა:
“…ჭადრაკს რაც შეეხება, ძმებმა მასწავლეს – ისინი ხშირად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. იმ დროს მსოფლიო ჩემპიონობაზე, ცხადია არ ვფიქრობდი, უბრალოდ, ბუნებით მოთამაშე ვარ და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვეჯიბრებოდი ძმებს. ჭადრაკის შესწავლა ერთი შემთხვევის შემდეგ გადავწყვიტე: ერთ-ერთი ძმა ზუგდიდის ნაკრებში საქართველოს პირველობაზე უნდა გამოსულიყო. ერთი მოთამაშე გოგოც სჭირდებოდათ და რადგან მეტ-ნაკლებად კარგად ვთამაშობდი, გუნდში შემიყვანეს. ის ტურნირი ბათუმში გაიმართა. როგორც ჩანს, კარგად ვითამაშე, რადგან მწვრთნელებმა ყურადღება მომაქციეს და მალე თბილისში გადავედი”.
ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული 1962 წელს 21 წლის ასაკში ელიზავეტა ბიკოვას დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ამ გამარჯვების შემდეგ, ნონა ქალ მოჭადრეკათა შორის მეხუთე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ნონა:
“მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული იოლად მოვიგე – ელიზავეტა ბიკოვას 9:2 ვძლიე. ბიკოვა ლამის დედად მეკუთვნოდა – 21 წლის ვიყავი, ის კი 49 წლის გახლდათ. ჩემი გამარჯვება ყველასთვის სიურპრიზი იყო, ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე პატარა გავხდებოდი ჩემპიონი. მოგვიანებით, ფინალის შემდეგ თენგიზ გიორგაძემ მიამბო – ბიკოვას მასთან ინტერვიუში უთქვამს, ნონა იმედისმომცემი მოჭადრაკეა, ბევრს მიაღწევს, მაგრამ მას არ უნდა მოეგო, რადგან რიგში სხვები იდგნენო. ბატონ თენგიზს ბიკოვასთვის ხუმრობით ბოდიში მოუხდია: „ქალბატონო ლიზა, გვაპატიეთ რომ ასე მოხდა, რას იზამთ, ქართველებს რიგში დგომა არ გვიყვარსო”.
მსოფლიო ჩემპიო ჩემპიონის ტიტული ნონამ კიდევ ოთხჯერ მოიპოვა. მათ შორის, გამოსარჩევია 1975 წელი, როდესაც ნონა გაფრინდაშვილმა ფინალში ნანა ალექსანდრია დაამარცხა. 1978 წელს კი, მეექვსე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკესთან მაია ჩიბურდანიძესთან დათმო.
ნონა გაფრინდაშვილი საერთო ჯამში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და ასევე საჭადრაკო ოლიმპიადაზე 11 გუნდური და 9 პირადი ოქროს მედლის მფლობელია.
1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს. ბათუმის ბულვარში არის საჭადრაკო კლუბი, რომელსაც ასევე ჰქვია – ნონა.
2001 წელს, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოიცა წიგნი, სადაც ნონას რჩეული 206 პარტიაა აღწერილი.
1999 წელს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დაასახელა.
ნონა – მუდამ და ყველგან პირველი:
პირველი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი;
პირველი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი;
პირველი დიდოსტატი ქალი;
პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის;
ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი…
ნონა გაფრინდაშვილი 1969 წელს დაქორწინდა ექიმ ლერი ჭიჭინაძეზე, 1971 წელს შეეძინათ ვაჟიშვილი დათო.
ის, რაც ჭადრაკმა მომცა, ხალხის სიყვარულია, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია – ნონა.
GIPHY App Key not set. Please check settings