in ,

სიტი ფავორიტია, მაგრამ ჩელსის ეს არ აწუხებს: ყველაფერი დიდი ფინალის შესახებ

დღეს, დიდი დღეა, დიდი! თბილისის დროით, 23:00 პორტუგალიის ქალაქი პორტო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 66-ე ფინალურ შეხვედრას უმასპინძლებს. ფინალი ინგლისურია – “მანჩესტერ სიტი”-“ჩელსის” წინააღმდეგ.
ამ მატჩისთვის სტამბოლს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, თურქეთს მეორედ ჩამოერთვა ფინალის მასპინძლობის უფლება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მატჩს გულშემატკივრის ატმოსფეროც შეემატება – შეხვედრას 16 500 მაყურებელი დაესწრება.

შიდა ჩემპიონატი

“მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის ჩემპიონი დამაჯერებლად გახდა. ქალაქელებმა ბოლო შეხვედრაში “ევერტონი” 5:0 გაანადგურეს. “ჩელსი” კი “ასტონ ვილასთან” 1:2 დამარცხდა და კინაღამ ოთხეულს მიღმა დარჩა. ლონდონელების სასიკეთოდ “ლესტერი” “ტოტენჰემთან” დამარცხდა და ტუხელის გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა. შესაბამისად, არისტოკრატებს ფინალში ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გარანტირებული აქვთ.

როგორ მოვიდნენ ფინალამდე?

ზედიზედ 9 უშედეგო მცდელობის შემდეგ “სიტიმ”, როგორც იქნა, ფინალში გააღწია და ახლა მისი მოგებაც სურს. გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგა შთამბეჭდავად მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზეც ფინალამდე დიდი ნერვიულობის გარეშე მივიდა. მერვედფინალში გლადბახის “ბორუსიას” მოუგო (2:0, 2:0), მეოთხედფინალში დორტმუნდის “ბორუსიას” ბარიერი გადალახა (2:1, 2:1), ხოლო ნახევარფინალში შარშანდელი ფინალისტი პსჟ მოიშორა (2:1, 2:0). ჯგუფში გვარდიოლას გუნდმა 18 შესაძლო ქულიდან 16 აიღო და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

“სიტი” მე-9 ინგლისური გუნდია, რომელიც ფინალში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ახლო წარსულში ჩემპიონთა ლიგის ფინალის დებიუტანტ გუნდებს წარმატების მიღწევა უჭირდათ. ფინალში პირველად გასული ბოლო 10 გუნდიდან ერთადერთი მხოლოდ დორტმუნდის “ბორუსია” იყო (1997 წელს), რომელმაც გადამწყვეტი მატჩის მოგება შეძლო. ბოლო ინგლისური კლუბი კი, რომელმაც ეს მოახერხა, “ასტონ ვილა” გახლდათ – 1982 წელს. თუმცა 1997 წლის “დორტმუნდი” და 1982 წლის “ასტონ ვილა” ვერ შეედრებიან ამ “სიტის”, რომელსაც ბევრი ფული აქვს და ძვირადღირებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. ფინალის მოგების შემთხვევაში “მანჩესტერ სიტი” 23-ე გუნდი გახდება, რომელიც ჩემპიონთა თასს აღმართავს.

თავიდან, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას მოახერხებდა. იმ დროს, როცა ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებმა ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლეს, გუნდი ინგლისის ჩემპიონატში მე-9 ადგილზე იყო. ტომას ტუხელის დანიშვნის შემდეგ კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. 47 წლის გერმანელმა პირველ რიგში “ჩელსის” დაცვა დაასტაბილურა. მას შემდეგ ლონდონელები ცოტას უშვებენ. ტუხელის ხელმძღვანელობით “ჩელსიმ” ორ-ორჯერ მოუგო “ლივერპულს”, “ტოტენჰემს” და “სიტისაც”

ვისი აჯობებს? გვარდიოლა თუ ტუხელი?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლამპარდის გუნდმა 18 შესაძლო ქულიდან 14 აიღო და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. მერვედფინალში, უკვე ტუხელის მწვრთნელობით, ლონდონელებმა მადრიდის “ატლეტიკო” დაამარცხეს (1:0, 2:0), მეოთხედფინალში “პორტო” გააგდეს (2:0, 0:1), ნახევარფინალში “კი მადრიდის “რეალს” სძლიეს (1:1, 2:0). ამრიგად, უშუალოდ ტუხელი ზედიზედ მეორედაა ჩემპიონთა ლიგის ფინალში – შარშან მან გადამწყვეტი მატჩი პსჟ-სთან ერთად 0:1 წააგო.

ბუქმეიქერები

ავტორიტეტული ბუქმეიქერული საშუალებები და ექსპერტები უპირატესობას “მანჩესტერ სიტის” ანიჭებენ. Opta-ს პროგნოზით, “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონობას 1.85 კოეფიციენტი აქვს, “ჩელსის” გამარჯვებას კი, 1.95-ად აფასებს.

სათამაშო ფორმა

ტრავმები არცერთ გუნდს არ აწუხებს და ყველა ჯანმრთელადაა. პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში ნგოლო კანტემ მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და წესით დღესაც ძირითადში იქნება.

ურთიერთშეხვედრები

ურთიერთშეხვედრებიდან 63 “ჩელსიმ” მოიგო, 38 მატჩი ფრედ დასრულდა, 49 გამარჯვება კი “სიტიმ” იზეიმა. ბოლო 10 დუელიდან 6 “სიტიმ” მოიგო, 4 კი – “ჩელსიმ”. ბოლო შეხვედრები ტაქტიკურად ძალიან დატვირთული იყო და ლოგიკურად, დღეს ბევრ გოლს არ უნდა ველოდოთ.

კომენტარები

გვარდიოლა:
“დარწმუნებული ვარ, რომ ფინალის მოსაგებად ბევრი შრომა და ტანჯვა მოგვიწევს. ფინალების უმეტესობაში ცუდ მომენტებს უნდა შეეგუო. საბოლოო ჯამში, ყველაზე მთავარი ის არის, რომ საკუთარ თავს და სტილს არ ვუღალატოთ და კარგი თამაში ჩავატაროთ”.

ტუხელი:
“ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პეპის და ტომასის დაპირისპირება. არასდროს ვიტყოდი, რომ ეს ჩვენი პირადი დუელია. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩოგბურთის მატჩი არ არის. ჩვენ ვგრძნობთ შიმშილს და არ ვართ იმით კმაყოფილები, რომ ფინალში გავედით. ჩვენი მიზანი ის არის, რომ კმაყოფილები თამაშის შემდეგ ვიყოთ. ბოლო ნაბიჯის გადადგმა და ამ თასის მოგება გვსურს”.

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი: ედერსონი, კანსელო, უოკერი, სტოუნსი, დიასი, როდრი, გიუნდოგანი, დე ბრუინი, ფოდენი, სილვა, მაჰრეზი.

ჩელსი: მენდი, ჯეიმსი, ტიაგო სილვა, რუდიგერი, ასპილიკუეტა, ჩილველი, კანტე, ჟორჟინიო, პულიშიჩი, მაუნტი, ვერნერი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთწლიანი იჯარა გამოსყიდვის უფლებით: მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელია

2 წლის შემდეგ: ალეგრი იუვეში დაბრუნდა