როდის და სად არის მატჩი
ელ კლასიკო შაბათს, 10 აპრილსაა. თამაში გაიმართება მადრიდში, „ალფრედო დი სტეფანოზე“, რომელიც „რეალის“ საწვრთნელ კომპლექსში მდებარეობს. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
რამდენად მნიშვნელოვანი მატჩია სატურნირო თვალსაზრისით
წლევანდელ ელ კლასიკოს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს საჩემპიონო ბრძოლაში. ლიდერი ჯერ ისევ „ატლეტიკოა“ (66 ქულა), მაგრამ „ბარსელონა“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო „რეალი“ – 3 ქულით. თუ კატალონიელები მოიგებენ, „სამეფო კლუბს“ დაუსხლტებიან. თუ მასპინძლები გაიმარჯვებენ, 1 ქულით გადაასწრებენ საძულველ მეტოქეს და ისე აირევა ვითარება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ “ატლეტიკოს” ბოლო დროინდელ თამაშს და შედეგს გავითვალისწინებთ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში შაბათის კლასიკოს გადამწყვეტი როლი ენიჭება. ისე, „ატლეტიკოს“ ალბათ ყველაზე მეტად ფრე გაუხარდება.
ბოლო 10 მატჩში „რეალმა“ 23 ქულა აიღო 30 შესაძლებლობიდან, „ბარსამ“ – 28 ქულა 30-დან. შედარებისთვის, „ატლეტიკოს“ მხოლოდ 16 ქულა აქვს მიმატებული. ისე კი, „ბარსელონამ“ 2021 წელს ჩემპიონატში 14-დან 13 თამაში მოიგო, ხოლო წაუგებელი სერია 19 მატჩამდეა გაზრდილი (+16=3).
როგორ დასრულდა პირველი წრის მატჩი
პირველი ელ კლასიკო 2020 წლის 24 ოქტომბერს შედგა „ნოუ კამპზე“ და „რეალის“ გამარჯვებით – 3:1 დასრულდა. თავიდან გუნდებმა გოლები გაცვალეს – ვალვერდე და ფატი. თუმცა მეორე ტაიმის შუისკენ სერხიო რამოსმა პენალტი გაიტანა, ბოლოს კი ლუკა მოდრიჩმა დასვა წერტილი.
როგორ თამაშობენ ერთმანეთში ბოლო დროს
ბოლო სამ კლასიკოში „რეალი“ არ აგებს – 2 გამარჯვება და 1 ფრე. ბურთების შეფარდება 5-1. „ბარსამ“ ბოლოს 2019 წლის 2 მარტს მოიგო, „ბერნაბეუზე“, გამარჯვების გოლი ივან რაკიტიჩმა გაიტანა.
სულ კი „რეალისა“ და „ბარსას“ ჯახი 278 მატჩს ითვლის: 101 მოგება აქვს „რეალს“, 115-ჯერ გაიმარჯვა „ბარსამ“, ხოლო 62 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
ვინ ვერ ითამაშებს კლასიკოს
მატჩს გამოტოვებს „რეალის“ ტრავმირებული კაპიტანი სერხიო რამოსი, არ იქნება არც დანი კარვახალი. რაფაელ ვარანს კორონავირუსი დაუდგინდა. ბუნდოვანი სიტუაციაა იყო ედენ აზართან დაკავშირებით, ბელგიელი კი ვარჯიშობს, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ განაცხადაში ვერ მოხვდა. აზარს ელ კლასიკოში მონაწილეობა არასოდეს მიუღია, არადა ძალიან დიდი სურვილი ჰქონია.
„ბარსელონას“ განკარგულებაში არ იქნება სათადარიგო მეკარე ნეტო, და კარგა ხნის ტრავმირებული კოუტინიო და ფატი. აი სერხი რობერტო კი, რომელიც წესით არ უნდა ყოფილიყო, ბოლო წამს მოხვდა განაცხადში.
განსხვავება შესამჩნევია.
ვინ არის კლასიკოს ბომბარდირი
რა თქმა უნდა, მესი. არგენტინელს 26 გოლი აქვს გატანილი „რეალისთვის“, მათგან 18 ლა ლიგაში. მოედანზე გამსვლელთაგან მეორე ადგილზეა ქარიმ ბენზემა – 9 გოლი. რონალდოს 18 გოლი დაუგროვდა.
ქარიმ ბენზემა:
„მესის მოედანზე ყველაფრის კეთება შეუძლია, მასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამის შესახებ ყველამ ვიცით. გარდა ამისა, „ბარსას“ კარგი მეკარეც ჰყავს.
კლასიკო – ეს საუკეთესო მატჩია მსოფლიოში. ამ მატჩს ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
რთული თამაში გველოდება. ორი ისეთი გუნდი თამაშობს, რომლებთაც ბურთის ფლობა უყვართ. თამაშის ბედს მოედნის ცენტრი გადაწყვეტს, როგორც ეს პირველი წრის მატჩში იყო. მოსაგებად გავალთ, რადგან ეს ჩვენთვის ფინალივითაა“.
მსაჯი შეიცვალა
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ “რეალი”-“ბარსელონას” მატჩზე მსაჯის შეცვლის შესახებ გამოაცხადა.
თავდაპირველად დანიშნული მატეო ლაოსი ტრავმირებულია. მის ნაცვლად კლასიკოს მთავარი არბიტრი ხესუს ხილ მანსანო იქნება.
ბუქმეკერები
შანსები თითქმის თანაბარია, თუმცა მცირე უპირატესობას რატომღაც მაინც სტუმრებს ანიჭებენ. “რეალის” მოგებაზე კოეფიციენტი 2.90-ია, ხოლო “ბარსას” გამარჯვებაზე – 2.25. ფრე – 3.80.
ექსპერტები დიდი ალბათობით ელოდებიან 2.5-ზე მეტ გოლს. კიდევ უფრო სავარაუდოდ მიაჩნიათ – ორივე გაიტანს.
ყველაზე მეტად ელოდებიან ანგარიშებს: 1:2; 2:1; 1:1. ამათზე არანაკლები პროცენტი აქვს – სხვა ანგარიშს.
GIPHY App Key not set. Please check settings