საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი ქულა მოიპოვა. სრულიად ალალად. მეტიც, ვერავინ იტყვის, რომ მოგვეგო ეს თამაში დაუმსახურებული იქნებოდაო. თუმცა კიდევ ერთმა უიღბლობამ დაგვაკარგვინა მორიგი ქულები. ასეა თუ ისე, საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრების მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს არ უთამაშია მეორე ნომრად, გუნდს ეტყობოდა, რომ მოგება უფრო სურდა, ვიდრე არგაშვება და ქულის ასე მოპოვება. ცდილობდა და ეძებდა მეტოქის კართან მისასვლელ გზებს და ეს უკვე ძალიან კარგი და პოზიტიურია. თუ ქართველი ფეხბურთელები კლუბებში სათანადო პრაქტიკას მიიღებენ და ნაკრებიც სხვა დროს ოპტიმალური შემადგენლობით შეიკრიბება, შანსი კიდევ უფრო მეტად გვექნება. ამ ეტაპზე კი იმით გვიწევს დაკმაყოფილება, რომ შვედეთს ცხოვრება გავურთულეთ, ესპანეთთან უიღბლოდ წავაგეთ და საბერძნეთიდან კი ქულა მოგვაქვს.
ჯერ ასეა – სანიოლის საქართველოზე აუგს ვერ ვიტყვით.
საბერძნეთი – საქართველო 1:1
31 მარტი. ათენი. ტუმბას სტადიონი.
საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი – ბაკაკისი (მავრიასი, 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი – ზეკა, ბაკასეტასი (ჯიაკუმაკისი, 71), ბუხალაკისი (სიოპისი, 87) – ზოლისი (ლიმნიოსი, 46), პავლიდისი (მასურასი, 70), ფორტუნისი
საქართველო (4-3-3): ლორია – კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – აბურჯანია (გვილია, 74), კანკავა – კვარაცხელია, კიტეიშვილი (კვეკვესკირი, 84), ლობჟანიძე (ჯიღაური, 84) – ზივზივაძე (ქვილითაია, 63)
გოლები: 1:0 – კაკაბაძე, 76 – საკ. კარში. 1:1 – კვარაცხელია, 78.
გაფრთხილება: აბურჯანია, კიტეიშვილი, კანკავა, ფორტუნისი, პაპადოპულოსი, ჯიაკუმაკისი
პირველი ტაიმი
თამაში დიდად სახარბიელოდ არ დაგვიწყია და შეცდომებიც მოგვდიოდა, მაგრამ საერთო ჯამში, პირველი ნახევარი მაინც პოზიტიურად უნდა შეფასდეს. მსგავს მატჩებში მეორე ნომრად თამაშს უფრო ვართ მიჩვეულები, ახლა კი სხვაგვარად იყო საქმე – ჯერ ერთი სერიოზული ხიფათი არ შევაქმნევინეთ მეტოქეს და მიუხედავად იმისა, რომ 100 პროცენტიანი მომენტი არც ჩვენ გვქონია, აშკარად იგრძნობოდა, რომ ბერძნების კართან პოტენციურად მუდმივად სახიფათო ვითარება იყო – განსაკუთრებით ბუნებრივია მარცხენა ფლანგიდან, საიდანაც კვარაცხელია თავისი აჩქარებებით დაძაბულობას არ აკლებდა მასპინძლებს.
ერთ ეპიზოდში ჩვენი შემტევი ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, თან გზად ბერძენი დამცველები მიყვებოდნენ, ბოლოს ხვიჩა საჯარიმოს მარჯვენა მხარეს უფრო აღმოჩნდა და როგორც იქნა დარტყმა რომ მოახერხა, მაშინ ჩაუწვა ორი ბერძენი მცველი და ბურთმა კარამდე ვერ მიაღწია.
მოკლედ, ბერძნებს ეტყობოდათ, რომ უფრთხოდნენ ჩვენს კონტრშეტევებს და ცდილობდნენ სივრცე არ დაეტოვებინათ. ვერც გაამტყუნებდით, ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი ქართველები გაქცეოდნენ. სწორედ ამ იმედით გავედით შესვენებაზე, რომ მეორე ნახევარში ბევრად ხეირიან მომენტებს შევქმნიდით.
მეორე ტაიმის ნახევარი საათი
სურათი დიდად არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. მასპინძელთა უპირატესობა სულაც არ ეთქმოდა იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. მეტიც, ჩვენები უფრო დიდ დროს ატარებდნენ მეტოქის ნახევარზე და თითქოს უფრო მეტად მონდომებულები იყვნენ გასატანად. მართალია ჯამში თანაბარი თამაში იყო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დაცვაში საიმედოდ ვთამაშობდით და ბერძნებს არც შეუქმნიათ ხიფათი და არც ჰქონიათ ამის წინაპირობაც კი. საგოლე ეპიზოდამდე ვერც ჩვენ მივედით, უფრო მცდელობები და მონდომება გვქონდა.
68-ე წუთი. ჯარიმა ბერძნების საჯარიმოსთან. კიტეიშვილის წაქცევისთვის სახიფათო ჯარიმა მივიპოვეთ. აბურჯანიას ცუდად არ დაურტყამს, მაგრამ მეკარემ მაინც მოახერხა მაღალ კუთხეში დარტყმულის კუთხურზე გადაგდება.
მწვრთნელებმა თანდათან შეცვლებსაც მიმართეს, თუმცა დიდი ცვლილება არც ამას მოჰყოლია… და…
ბოლო 15 წუთი
და… 76-ე წუთი. ბერძნებმა მარჯვენა ფრთიდან ჩააწოდეს, არანაირი ხიფათი, არავინაა მასპინძელთა შემტევი და ბურთსაც მშვიდად მოვიგერიებთ, მაგრამ… ოთარ კაკაბაძემ მოულოდნელად, მარტოდ მყოფმა, უწყინარ ვითარებაში, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 1:0.
ისევ ასეთი უიღბლობა. ნეტა გავტყდებით?
და ისევ ხვიჩა
78-ე წუთი. მარცხენა ფრთაზე ბურთს კვარაცხელია იღებს. შედის საჯარიმოში, ატყუებს მცველებს, ურტყამს დაბალ კუთხეში და არის, ხვიჩას ისევ გააქვს გოლი – 1:1.
მეორე ტაიმში არაფრის შემქმნელი ბერძნები თითქოს გამოცოცხლდნენ, შეტევას მოუხშირეს, ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან. არც ჩვენები დარჩნენ უკან, ერთ-ერთ ეპიზოდში ქვილითაიას უკეთ დარტყმაც მართებდა. 86-ე წუთზე კი კანკავამ შორიდან უმაგრესად დაარტყა, ბურთი ხარიხასთან წავიდა, მაგრამ მეკარემ ისევ მოიგერია.
ბოლო წუთებმა ჩვენს შეტევებში ჩაიარა, მაგრამ მასირებული შეტევები უფრო ქაოსურ ხასიათს ატარებდა და კარში დარტყმამდე საქმე ვერ მივიდა.
საერთო ჯამში
კარგი თამაში იყო – ხარისხიანი. დაცვა თავის საქმეს მშვიდად აკეთებდა, ბურთის ამოტანა ხერხდებოდა, გუნდი შეტევას ცდილობდა, გამწვავებას არ ერიდებოდა, გუნდს ნერვიულობა და პატარა ბიჭობა არ ეტყობოდა და ბევრი კარგი ელემენტი გამოჩნდა. თუმცა, გვაქვს ისევ პრობლემები, განსაკუთრებით თავდასხმაში. ხვიჩას რომ კარგ ფორმაში მყოფი ოქრიაშვილი უმაგრებდეს მხარს, ან თუნდაც ყაზაიშვილი, ალბათ ბევრად ეფექტიან მოქმედებებს მივიღებდით. ჩაკვეტაძეზე არაფერს ვამბობთ.
არის მონდომება, მაგრამ საჭიროა მეტი გუნდურობა და უფრო უკეთ შეთამაშებული და კომბინაციური ფეხბურთი. თუ ასე გაგრძელდა აქამდეც მივალთ. ახლა მთავარი ორი რამაა – ბიჭებმა ირწმუნონ საკუთარი თავის და პერსპექტივის და მეორე: ხშირად ყოფილა მსგავსი რამ: იმედი გაგვჩენია, გუნდი და თამაში გამოჩნდაო გვითქვამს და მერე ისევ იმ საწყისს და უიმედო წერტილს ვუბრუნდებოდით. აი ეს არ უნდა მოხდეს თავიდან… ვილიმ, ხვიჩამ და ამ გუნდმა წინ უნდა გვატარონ…
GIPHY App Key not set. Please check settings