in

ნაპოლიმ რეალთან მაინც წააგო: როგორ ითამაშა კვარაცხელიამ

„ნაპოლიმ“ მადრიდის „რეალთან“ მაინც წააგო – 2:3. არადა, ქულის აღება ნამდვილად შეეძლო და სამართლიანიც კი იქნებოდა.

იტალიური გუნდი თავადაც კარგად თამაშობდა (მეტოქის გათვალისწინებით) და თამაშიც მშვენიერი სანახავი გამოვიდა – იყო ორმხრივი შეტევები, გარდამავალი უპირატესობა, ტემპის მომატება, ბრძოლა, სახიფათო იერიშები და რაც მთავარია გოლები.

ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლოა სასწაული არ გაუკეთებია, მაგრამ საერთო ჯამში კარგი მატჩი ჰქონდა. ცხადია, ქართველი შემტევი მარწუხებში იყო მოქცეული და ხშირად ვერ ახერხებდა სათანადოდ გამწვავებას, მას კარვახალი და ზოგჯერ ვალვერდე აჩერებდნენ, მაგრამ ყოველთვის ვერა. ხვიჩამ ერთი-ორჯერ გაამწვავა ვითარება. 56-ე წუთზე ყველაზე კარგი მომენტი ჰქონდა, როდესაც ფლანგიდან შიგნით შეიწია და ძლიერად დაარტყა, ბურთი ბადეს გარედან მოხვდა. ერთ წუთში კიდევ ერთი სახიფათო შეტევის შემდეგ საჯარიმოსთან ზელინსკი მოძებნა, რომლის დარტყმა მეკარემ მოიგერია.

65-ე წუთზე ზელინსკიმ შესანიშნავი პასით ხვიჩა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მცველმა მოასწრო დაფარება და ჩვენიანს შანსით სარგებლობის შესაძლებლობა არ მისცა.

ანგარიში რომ „ნაპოლიმ“ გახსნა, ამაშიც ერია ქართველის ხელი. გოლი მის მიერ მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა. ნათანის თავური ძელს მოხვდა და ლეო ოსტიგორმა დამატებაზე გაიტანა.

„რეალმა“ წონასწორობა მალე აღადგინა. ბელინგემმა დი ლორენცოს პასი ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ ვინისიუსი დატოვა, რომელმაც კუთხიდან შორეულ ძელთან ზუსტად შეაგორა.

34-ე წუთზე კი ბელინგემმა ისევ გაიბრწყინა: მშვენიერი სოლო რეიდის შემდეგ საჯარიმოში შეძვრა, მეურვეებიც არაფრად ჩააგდო და ტაიმი მადრიდელებმა მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში „ნაპოლიმ“ წონასწორობა აღადგინა. ოსიმენის დარტყმულის თუ პასს გაკეთებისას ბურთი ნაჩოს ხელზე მოხვდა. ყველას კუთხური რომ ეგონა (ოსიმენსაც არ გაუპროტესტებია), მსაჯს ყურში ჩარჩურჩულეს და მანაც ვიდეოს ნახვის შემდეგ პენალტი დაინიშნა. ზელინსკიმ ძელს ისე მოარტყა, რომ ბურთი კარში შევარდნილიყო და გარეთ არ გამოვარდნილიყო.

ფრთაშესხმული „ნაპოლი“ გააქტიურდა და ზემოთ აღწერილი მომენტებიც მაშინ შეიქმნა, მაგრამ გოლი სტურებმა გაიტანეს.
78-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ ისეთი დაარტყა, ნებისმიერ ყუმბარმტყორნცს შეშურდებოდა, უძლიერესი დარტყმის შემდეგ, თვალს ძლივს რომ გააყოლებდი, ბურთი ხარიხადან აისხლიტა, ამხტარ მერეტის მოხვდა და ბადეში გაეხვა. ამიტომაც წერია ავტოგოლი.

კვარაცხელიამ სამივე მთავარი პორტალისგან (Flashscore.com, Sofascore.com, Whoscored.com) ერთნაირი შეფასება მიიღო – 7.2. ხვიჩაზე უკეთესი შეფასებები ჰქონდათ ზელინსკისა და ოსტიგორს აქვთ.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი უდაოდ ჯუდ ბელინგემია – 9.2.

ნაპოლი – რეალი 2:3
გოლები: 1:0 ოსტიგორი (19), 1:1 ვინისიუსი (27), 1:2 ბელინგემი (34), 2:2 ჟელინსკი (54-პენ), 2:3 მერეტი (78-საკ. კარში)

ნაპოლი: მერეტი – დი ლორენცო, ოსტიგორი, ნატანი, ოლივერა (88. მარიო რუი) – ანგისა (88. სიმეონე), ლობოტკა (88. კაიუსტე), ზელინსკი (75. რასპადორი) – კვარაცხელია, პოლიტანო (69. ელმასი), ოსიმენი

რეალი: არისაბალაგა – კარვახალი, რიუდიგერი, ნაჩო ფერნანდესი, კამავინგა (64. ფ. მენდი) – კროოსი (64. მოდრიჩი), ჩუამენი, ვალვერდე – ბელინგემი – როდრიგო (75. ხოსელუ), ვინისიუსი (84. სებალიოსი)

2 ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 6 ქულით „რეალი“ ლიდერობს, „ნაპოლი“ 3 ქულით მე-წ ადგილზეა და დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს ამდენივე ქულის მქონე „ბრაგას“, რომელმაც ბერლინში „უნიონს“ 0:2 შემოუტრიალა და 3:2 დაამარცხა.

მომდევნო მატჩს ნეაპოლელები 24 ოქტომბერს სტუმრად ბერლინში, „უნიონის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლა ლიგა თუ პრემიერლიგა? მორიგი კამათი ევროპის უძლიერეს ლიგაზე

ინგლისურ გუნდებს უჭირთ, ინგლისელი ფეხბურთელი კი საუკეთესოა: ლიგის ამბები