in ,

ლივერპულმა წაიფორხილა, მანჩესტერი კვლავ მარცხდება და ჰოლანდის დუბლი – I ტური

პრემიერ ლიგა, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული და ყურებადი ტურნირი დაიწყო და თან გვარიანი სენსაციებითა და ვნებათაღელვით შეხურდა. ჰოდა, ჩვენც მივყვეთ…

გახსნითი მატჩი „კრისტალ პალასსა“ და „არსენალს“ შორის გაიმართა და მიკელ არტეტას შეგირდების 2 ბურთიანი გამარჯვებით დასრულდა. პირველ ტაიმში გაბრიელ მარტინელის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა. მეორე ნახევარში კი მეთოფეებმა მარკ გეჰის, საკუთარი კარის დალაშქვრა აიძულეს და მატჩიც 0:2 დასრულდა. ზინჩენკოსა და გაბი ჟეზუსის დამატების შემდეგ არსენალი გვარიანად მოღონიერდა და პირველ ტურში გუნდმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.

შაბათს, 6 მატჩი გაიმართა და ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ პირველი „ფულემისა“ და „ლივერპულის“ მატჩი იყო. ლანჩის დროს დაწყებული შეხვედრის პირველ ტაიმში მასპინძლებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს და ალქესანდრ მიტროვიჩმა პირველი გოლი შეაგდო, ოღონდ გოლის ეპიზოდს ჰენდერსონზე ჯარიმა ახლდა, თუმცა ვარმა მატჩი გააგრძელა და გოლიც გავიდა. მეორე ტაიმში კლოპი მიხვდა, რომ ფირმინო კარგ ფორმაში ვერაა და დარვინ ნუნიესს უხმო, რომელსაც უმალ საგოლე შანსი შეექმნა. მარჯვენა ფლანგიდან სალაჰის გამჭოლ პასს დარვინმა ქუსლი დაახვედრა, თუმცა მარეკ როდაკმა პოზიცია სწორად შეარჩია და გოლი არ გავიდა. ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში დუბლი ორი და ამჯერად ნუნიესის ქუსლი უზადო აღმოჩნდა. ესეც დებიუტი!

მორიგი საკამათო მომენტი და ისევ დაზარალებული წითლები. მიტროვიჩმა საჯარიმოში ბურთი მიიღო და ვან დაიკის მოტყუება განიზრახა, მცირე კონტაქტი იგრძნო და გაზონზე დაეშვა. ენდი მედლიმ ხელი 45 გრადუსზე დახარა და პენალტი დანიშნა. ვარმა გვარიანი ორჭოფობის შემდეგ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და გასულ სეზონში 43 გოლის გამტანმა მიტროვიჩმა მეორედ გაიტანა. გაშმაგებულმა „ლივერპულმა“ კი ანგარიშის გათანაბრების მეტი ვერაფერი მოახერხა. ნუნიესმა საჯარიმოში მიიღო, წაიფორხილა, თითქოს დარტყმა სურდა, მაგრამ სალაჰზე საგოლე პასი გამოუვიდა და 2:2. ქოთიჯერებმა ხმაურიანი ქულა მოიპოვეს, წითლებმა კი სეზონი ცუდად დაიწყეს…

შემდეგი „ბორნმუთისა“ და „ასტონ ვილას“ მატჩი იყო. ექსპერტებმა, სკოტ პარკერის ალუბლები გავარდნის მთავარ კანდიდატად შერაცხეს, თუმცა პირველ ტურში ამ გუნდს გამვარდნის არაფერი ეტყობოდა. დიეგო კარლოსითა და კოუტინიოთი გაძლიერებულმა ბირმინგელებმა კი ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს და 0:2 დამარცხდნენ.

„ლიდსი“ 2:1 „ვულვზი“. ჯესი მარშის იორკშირელებსაც კარგს არაფერს უწინასწარმეტყველებენ ექსპერტები, თუმცა მგლების დამარცხება გამოუვიდათ და სეზონი გამარჯვებით გახსნეს.

„ნიუკასლი“ 2:0 „ნოტინგემ ფორესტი“. 23 წლიანი ლოდინის შემდეგ დაბრუნებულმა „ნოტინგემმა“ ძალიან ძლიერ ჯორდებს ვერაფერი მოუხერხეს. ედი ჰაუს ახალციხელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და ისეთი უპირატესობა ჰქონდათ, 2:0 ზუსტად რომ ვერ ასახავს. გარიბალდიანები საკუთარ ნახევარს პრაქტიკულად არ გადასცილებიან და „ნიუკასლმა“ უმარტივესი გამარჯვება მოიპოვა. სხვათაშორის, მე-7 ადგილზე გასვლის მთავარი ფავორიტი, სწორედ „ნიუკასლია“.

„ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და პირველი ტურის ყველაზე დიდი სხვაობაც დაფიქსირდა- 4:1. არადა პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, ჯეიმს ვორდ პრაუზმა მე-12 წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა კონტეს ბიჭებმა მეტოქეს ისეთი დღე აყარეს, სჯობდა ის გოლი არც გაეტანათ. სესენიონი, დაიერი, კულუშევსკი და სალისუ (ა.გ). ძალზე გაძლიერებულმა დეზებმა დიდებული პერფორმანსი შემოგვთავაზეს და კიდევ ერთგზის დაადასტურეს, რომ წელს ორი ცხენის დოღს არ უნდა ველოდოთ…

„ევერტონი“ 0:1 „ჩელსი“. ლივერპულელებიც მძიმე დღეში არიან. რიშარლისონი წავიდა და შემცვლელი არ ჩანს, ხოლო ტუხელის ჩელსიმ ივლისის ბოლოსკენ გამოიღვიძეს და სამი კარგი ტრანსფერიც შემოგვთავაზეს. კალიდუ კულიბალი, რაჰიმ სტერლინგი და მარკ კუკურეია… მძიმე მატჩი გამოდგა, თუმცა ჟორჟინიომ პენალტი უზადოდ შეასრულა და „ჩელსიმ“ 3 ქულა მოიპოვა. პირველ ტაიმში ვნახეთ 16 კუთხური და ერთი პენალტი, პრინციპში მატჩშიც სხვა არაფერი მომხდარა…

კვირას კი დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა. უმძიმეს რეალობაში აღმოჩენილი „ლესტერი“ „ბრენტფორდს“ მასპინძლობდა. მელიებმა ვერავინ დაიმატეს და ქომაგებს ეშინიათ, 6 წლისწინ გაჩემპიონებულ გუნდს გავარდნა ხომ არ ემუქრებაო? არადა მელიებმა 2:0 წაიყვანეს, თუმცა ჯერ ტოუნიმ და შემდეგ და სილვამ ფუტკრებს ქულა გადაურჩინეს.

„მანჩესტერი“ 1:2 „ბრაიტონი“. არადა როგორი პრესეზონი ჰქონდა „ემიუს“? – ჩინებული. ტენ ჰაგის მოსვლას რამდენიმე საჭირო ტრანსფერი და „ლივერპულის“ 4:0 განადგურება მოჰყვა, თუმცა… თოლიებმა პირველსავე ტაიმში 2 ბურთი შეაგდეს და ეშმაკებს ცხოვრება გაუმწარეს. რონალდუ სკამზე იყო (ჯერ ისევ კონფლიქტია) 63-ე წუთიდან ჩაერთო. „მანჩესტერმა“ ერთი ბურთ გაქვითა, ოღონდ ეს გოლი მაკკალისტერმა თავის კარში შეაგდო. ეშმაკები ღრუბლებიდან დაეშვნენ – რაოდენ უცნაურიცაა ეს წინადადება, იმდენადვე უცნაურია „იუნაიტედი“ ფერგის წასვლის შემდეგ.

დასკვნითი აკორდი, მოქმედი ჩემპიონი „სიტი“ „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ. მატჩი ლონდონში გაიმართა და ერლინგ ჰოლანდის ბენეფისით დასრულდა. 0:2 და ჰოლანდის დუბლი… იქით ნუნიესმა 1+1 იკისრა, აქეთ ნორვეგიელმა დუბლი და ვნახოთ რომლის აჯობებს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამარდაშვილმა სეზონის წინ ილოცა – ვალენსიამ ტაძარში ტრადიციულად ყვავილები მიიტანა

ბაიერნმა და დორტმუნდმა მოიგეს, ლაიპციგმა და ლევერკუზენმა ვერ – I ტური