in

ლევან მაისაშვილი: ფიჯისთან ფრე არის იმედი, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია

2021 წელი ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იყო. ორწლიანი ურთიერთბრალდებებისა და ფინანსური კრიზისის შემდეგ, ქართულმა სარაგბო ოჯახმა პრეზიდენტი აირჩია და ყველაფერი დალაგდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზის “შავი ლომის” შექმნა იყო, რომელიც “რაგბი ევროპის სუპერთასზე” ასპარეზობს და მარტიდან სამხრეთ აფრიკის “ქარი ქაფზე” იასპარეზებს. “ბორჯღალოსნებმა” კი, 2021 წელს 9 შეხვედრა გამართეს, რომელთაგან 6 მოიგეს, 1 ფრედ დაამთავრეს და 2-ში დამარცხდნენ.

2022 წელი საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წელია. მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, ექსპერიმენტები სემცირდება და უკვე დაიწყება იმ ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბება, რომლებმაც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ითამაშონ.

Sport4me.ge საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და “შავი ლომის” მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს ესაუბრა. ბატონმა ლევანმა ჩვენთან საუბარში განვლილი წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

2021 წლის შეჯამება

განვლილ წელს საკმაოდ წარმატებულად შევაფესებდი. იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ მძიმე 2020 წელი გვქონდა. ბევრი მორაგბის გადინება და შემოდინება მოხდა ნაკრებში, რაც ყოველთვის რთულია. 2021 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” რამდენიმე თამამი ექსპერიმენტიც განვახორციელეთ, რაც ემსახურებოდა სხვადასხვა კომბინაციების დამუშავებასა და ბევრი ახალი მორაგბის გამოცდას. 2022 წელს ექსპერიმენტები გაგრძელდება, მაგრამ საკმაოდ მცირე რაოდენობით, რადგან უკვე მოახლოვდა მსოფლიო ჩემპიონატი. არცთუ ბევრი შეხვედრაა დარჩენილი მუნდიალამდე და აქედან გამომდინარე, უკვე უნდა დავიწყოთ მზადება ამ უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის.

რაც შეეხება ნოემბრის ტესტებს, მე ვიტყოდი ეს მატჩები იყო გვირგვინი მთელი წლის განმავლობაში გაწეული დიდი შრომის. საფრანგეთთან, მიუხედავად მარცხისა, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ და ორი საკმაოდ ეფექტური ლელოც გავიტანეთ. ფიჯისთან მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ მოგეხსენებათ ამ გუნდთან თამაში ჩვენთვის ყოველთვის რთული იყო და მათთან თამაში როგორ გვიჭირდა, ასე რომ, მათთან ნათამაშები ეს ფრე მაინც დადებით შედეგად უნდა ჩაითვალოს. ეს ფრე ჩვენთვის არის იმედი, რომ ჩვენ ამ გუნდის დამარცხება შეგვიძლია.

რა ვისწავლეთ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან

მოლოდინს აჩენს გადაჭარბებული შეფასებები და ანალიზი. განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზე ურთულეს ჯგუფში ვიყავით და ძალიან ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. უელსი, ავსტრალია, ფიჯი. ურუგვაის ბონუსით მოვუგეთ და აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში ვაჯობეთ, რაც დადებითი მომენტი იყო. ავსტრალიასთანაც გვქონდა კარგი ეპიზოდები. 25 წუთი დაცვაში ვეთამაშეთ ასეთი მაღალი დონის გუნდს და ქულაა არ მივიღეთ, რაც ასევე დადებითად უნდა ჩაითვალოს. ფიჯი ვარსკვლავებით და ძალიან მაღალი დონის მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლის წინააღმდეგ თამაში გრანდებსაც კი უჭირთ. მართალია, შედეგობრივი თვალსაზრისით, 2 მატჩის მოგება იყო მიზანი და ეს ვერ შესრულდა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ცუდი მსოფლიო გვქონდა.

გარკვეულ პოზიციებზე მოთამაშეთა სიღრმის ნაკლებობა

მეორე ხაზი ეს პოზიცია ჩვენთვის საკმაოდ პრობლემატური ადგილია, ისევე როგორც 10 დ 15 ნომრების პოზიცია. სამწუხაროდ, ამ პოზიციებზე არ გვაქვს დიდი მოთამაშეთა სიღრმე იმისათვის, რომ მოხდეს მოთამაშეთა როტაცია.

რაც შეეხება ვანო ბერიკაშვილს. სოციალურ ქსელშიც მხვდება კომენტარები იმის შესახებ, რომ ბერიკაშვილი დიდი 10-ში გამორჩეული მორაგბეა და იმსახურებს შანსს ნაკრებში. ჩვენ ვიცით ამ მორაგბის შესახებ, ვაკვირდებით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ დიდი 10 დღეს არაა იმ დონეზე ამ ჩემპიონატის მორაგბემ ნაკრებში ითამაშოს. ბერიკაშვილს აკლია ამ პოზიციისთვის სიმაღლე, ჯანი, გამოცდილება.

ამ ეტაპზე ასე ვთვლით, მაგრამ ნაკრების კარი არასდროს არავისთვისაა დაკეტილი.

შავი ლომი

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რაგბის კავშირს და პირადად ბაჩო ხურციძეს, რომ ბოლო-ბოლო საქართველოში შეიქმნა ფრენჩაიზის პროექტი. იმ კრიზისის და დიდი ფინანსური ვალების შემდეგ, არ იყო ადვილი ამ ყველაფრის გაკეთება. ეს ნაკრებში გარკვეულ პოზიციებზე გაზრდის სიღრმეს, მორაგბეები მიიღებენ დიდ თამაშებში მიღების გამოცდილებას და ამ პროექტის უმთავრესი მიზანიც ესაა, რომ რაც შეეძლება მეტ მორაგბეს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ტურნირის მოგება არ გვინდა.

რაც შეეხება “ქარი ქაფს”, ბოლოს, როდესაც სამხრეთ აფრიკაში ვიყავი, საკმაოდ მაღალი დონის გუნდები ასპარეზობენ და ასეთ გუნდებთან თამაში ჩვენთვის ნამდვილად ძალიან დიდი გამოცდილება იქნება. თქვენთან ინტერვიუში დავით კაჭარავამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენზე ძლიერ გუნდებს ვეთამაშოთ, რომ განვითარდეთ. როგორც ვიცით, მარტში იწყება ეს ტურნირი, როდესაც ნაკრებს აქვს “რაგბი ევროპა” და ასევე ამ დროს უწევს “რაგბი ევროპის სუპერთასის” ნახევარფინალები. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ თავიდან სხვა გუნდი, უფრო გადახალისებული შემადგენლობით გავემგზავრებით სამხრეთ აფრიკაში და მათ მერე შეუერთდებათ ნაკრების მორაგბეები.

მოლოდინი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

მსოფლიო ჩემპიონატამდე არცთუ ისე დიდი დრო დარჩა. მანამდე გვაქვს “რაგბი ევროპა”, რომელზეც რა თქმა უნდა მიზანი ყველა მატჩის მოგება იქნება. რაც შეეხება იტალიასთან ტესტს, თუ დადასტურდა და “აძური” თბილისში ჩამოვა, ეს ძალიან დიდი მოვლენა იქნება ქართული რაგბისთვის. არ მსურს, გულშემატკივრებს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდეთ, რადგან იტალია ამ დროისთვის ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია და საქარველოს წინააღმდეგ ფავორიტი იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოსაგებად არ გავალთ სათამაშოდ და არ ვეცდებით ყველაფერი ჩავდოთ ამ თამაშში.
მსოფლიო ჩემპინატზე კი ვეცდებით ჩვენი რაგბი ვითამაშოთ. ეს იქნება მთავარი მიზანი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გორგოძე დამარცხდა- ეკო ასპარეზობას წყვილთა თანრიგში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრები ახალი ბრაზილიელით გაძლიერდა