in ,

კარლ ცეისის ლეგენდა: გდრ-ში საერთოდ არ იცოდნენ თბილისი – დინამოს ყიფიანის სახით მოედანზე დირიჟორი ჰყავდა

ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა. 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში თბილისის “დინამომ იენის “კარლ ცეისი” 2:1 დაამარცხა და თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

გვიყვარხართ და გვეამაყებით! დიდი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა

40 წლის წინანდელი მატჩის დეტალებს ადგილობრივ მედიასთან მაშინდელი “კარლ ცეისის” ერთ-ერთი ლიდერი ლუტც ლინდემანი იხსენებს. ლინდემანის კარიერის პიკი იენის “კარლ ცეისი” გახლდათ – 1977-დან 1981 წლის ჩათვლით მან “კარლ ცაისში” 90 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. გდრ-ის ნაკრებში ლინდემანს 21 მატჩი და 2 გოლი აქვს. იენური კლუბის გარდა, იგი სხვადასხვა დროს: ჰალბერშტადტის “ლოკომოტივში”, ბერლინის “დინამოში”, “ნორდჰაუზენში” “როტ-ვაის “ერფურტის” შემადგენლობაში თამაშობდა.

“პირველი, რაც მახსენდება ის არის, რომ მაშინ თასების მფლობელთა თასის ფინალში ორი დიდებული გუნდი გავიდა, დიუსელდორფში კი ამ თამაშზე დასწრება მხოლოდ და მხოლოდ 8 000-მა ადამიანმა მოისურვა. ეს ჩვენთვის უდიდესი იმედგაცრუება იყო. ატმოსფეროს და მაყურებლების რაოდენობის გამო გული ძალიან დაგვწყდა.

საქართველოდან კი იყვნენ გულშემატკივრები. მე იმას ვგულისხმობ, რომ დასავლეთელები ძალიან ქედმაღლები იყვნენ და ალბათ ფიქრობდნენ, აღმოსავლეთ გერმანიის ფეხბურთს რატომ უნდა ვუყუროთ, მით უმეტეს, რომ რუსებს ხვდებიანო. დიახ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ჩვენ რუსებს ვეთამაშებოდით. დასავლეთ გერმანიაში ისიც კი არ იცოდნენ, სად მდებარეობს თბილისი.

ჩვენ, გდრ-ში ისტორიას ძალიან კარგად გვასწავლიდნენ. ისტორიის მართლაც ბევრი გაკვეთილი გვქონდა. ჩვენ ვიცოდით ბევრი რამ საქართველოს, “დინამო თბილისის” და ზოგადად ქართული ფეხბურთის შესახებ. ვიცოდით, რომ საქართველოს ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავდა – საუკეთესო კი დავით ყიფიანი იყო.

80-იან წლებში საქართველოს დინამოს სახით ძალიან მაგარი გუნდი ჰყავდა. მერე კი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველა ქვეყანას ძალიან გაუჭირდა, მათ შორის საქართველოს და ეს ლოგიკურიც იყო. ყველა ქვეყანას საკუთარი ისტორია და განსხვავებული გამოწვევები ჰქონდა. 81 წლის ფინალს რომ დავუბრუნდეთ: “დინამოს” მთავარი ფეხბურთელები, ყიფიანი, ჩივაძე და შენგელია კარიერის პიკზე იყვნენ.

“დინამოს” ძალიან მაგარი ინდივიდუალისტი ჰყავდა. მაშინ, ასეთი სკაუტინგი არ იყო, თორემ თბილისელთა გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბშიც მოხვდებოდა”, – ამბობს ლინდემანი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ევროპაში მეორეა: ხვიჩა ჰაალანდს უსწრებს

15 რუსული კლუბი გაყიდულ თამაშებში გამოიჭირეს