in ,

ირაკლი თოდუა: 9 აპრილი მთავარი სტიმული იყო ეს გამარჯვება რომ ჩვენი გმირებისთვის და სამშობლოსთვის მიგვეძღვნა

9 აპრილს, ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და ამავდროულად მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საფრანგეთი 3:2 დაამარცხა და ვადაზე ადრე გაინაღდა ევროპის ჩემპიონატის საგზური.

ისტორია დაწერილია! საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

ზვიად კუპატაძე: 9 წლის ვიყავი, როდესაც 9 აპრილის ტრაგედია მოხდა – მიხარია, რომ ასეთ დიდ წარმატებას ამ დღეს მივაღწიეთ

ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, Sport4me.ge საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრს ირაკლი თოდუას დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ირაკლი, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ საფრანგეთთან მოპოვებულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს. როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრას?

როგორც მოსალოდნელი იყო, რთული თამაში გამოვიდა. საფრანგეთი ძალიან ძლიერი გუნდია და არაფრით ჩამოგვივარდება. პირიქით, ალბათ თავიდან ისინი უფრო მიიჩნეოდნენ რუსეთის შემდეგ ამ ჯგუფის ფავორიტად, ვიდრე ჩვენ. თუმცა ერთმანეთის გვერდში დგომით და სამშობლოს სიყვარულით ვიპოვეთ საკუთარ თავში ძალა, თითოეულ მატჩში ბოლომდე დავხარჯულიყავით და შედეგმაც არ დააყოვნა. საფრანგეთთან მეორე ნახევარი სრულად მეტოქის კარნახით წარიმართა და ვერ შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება, მაგრამ ერთად დგომით შევძელით მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა და დიდი ხნის ოცნება ავისრულეთ.

რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში და როგორ ფიქრობთ ამ წარმატების შემდეგ გაიზრდება ჩვენს ქვეყანაში ინტერესი ფუტსალის მიმართ?

რა თქმა უნდა, გაიზრდება ინტერესი. მეტი ინვესტიცია გაჩნდება ქართულ ფუტსალში, აიწევს ჩემპიონატის დონე და ადგილობრივი ჩემპიონატის განვითარებას მეტი ყურადღება დაეთმობა. დარწმუნებული ვარ ეს გამარჯვება ქართული ფუტსალის ახალი, დიდი გამარჯვებების დასაწყისი იქნება.

როგორ ფიქრობთ, ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს რა შანსები ექნება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე?

ევროპის ჩემპიონატზე კონტინენტის უძლიერესი გუნდები თამაშობენ. ამ ტურნირზე შემთხვევით არ ხვდებიან. ურთულესი თამაშები გველის, მაგრამ მიმაჩნია საქართველოს ნაკრებს ყველა მეტოქესთან ღირსეულად, ბოლომდე ბრძოლა შეუძლია.

საფრანგეთთან გადამწყვეტი მატჩი 9 აპრილს გაიმართა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ამავდროულად მნიშვნელოვან დღეს. ამანაც მოგცათ ხომ დამატებითი მოტივაცია?

9 აპრილი ჩვენთვის მთავარი სტიმული იყო. გვსურდა ამ გამარჯვებით ჩვენი გმირებისთვის პატივი მიგვეგო და საქართველოსთვის ჩვენც გაგვეკეთებინა მცირედი. უფლის წყალობით ეს შევძელით.

ბოლოს, რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივრებს?

ქართველი გულშემატკივრების მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. დიდი მადლობა მათ, ვინც ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა. ვპირდებით, რომ კიდევ ბევრჯერ შევეცდებით მათ გახარებას.


შეგახსენებთ, ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2022 წელს ნიდერლანდებში გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბითაძის 18 წუთი, 7 ქულა და ზედიზედ მე-3 გამარჯვება

კვარაცხელია იუვენტუსის ახალგაზრდულ პროექტს იდეალურად ერგება: Tuttosport