in , ,

იდეიდან 4 მილიარდამდე: 2 მარტს ჩემპიონთა თასის ჩატარება გადაწყდა

თანამედროვე ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგა საკლუბო მასშტაბით საოცნებო პლატფორმას წარმოადგენს. პანდემიური სეზონის ფინალს ათობით მილიონმა ადამიანმა უყურა, ხოლო 2018/19 წლების სეზონის საბოლოო ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინანსურმა ბრუნვამ, დაახლოებით 4 მილიარდი ევრო შეადგინა. მკითხველს, შესაძლოა, აღარც უკვირდეს ასეთი ციფრები. მოკლედ, მსოფლიო ფეხბურთში
ყველაფერი კოსმიურ დონეზეა დალაგებული.

მაგრამ 1955 წლის 2 მარტს, როდესაც ფრანგი ჟურნალისტების ჟაკ ფერანისა და გაბრიელ პანოს იდეა, შექმნილიყო ევროპული საერთაშორისო საკლუბო ტურნირი, უეფამ დაამტკიცა, ალბათ ვერც იფიქრებდნენ, რომ 60 წლისთავზე ხსენებული ღონისძიება წლიურად 4 მილიარდ ევროიანი ინდუსტრია გახდებოდა.

ფერანს ტურნირის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სამხრეთამერიკული ანალოგი იხილა 1948 წელს (იგულისხმება კოპა ლიბერტადორესი). მას შემდეგ, რაც უეფამ მწვანე შუქი მისცა ჟურნალისტთა ინოვაციას, 1 თვის თავზე შედგა european cup-ის დებიუტი ( მაშინ ასე იხსენიებდნენ ამ ტურნირს). პირველი 5 წლის განმავლობაში ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ის გუნდები, რომლებსაც ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ (L’equipe) დაასახელებდა. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ხსენებულ ჟურნალისტთა დუეტი მოცემული გაზეთისთვის მუშაობდნენ.

მივყვეთ სადებიუტო სეზონს.
„გუარდია ვარშავა“ (მათ ნაცვლად „ჩელსის“ უნდა ეთამაშა, მაგრამ საფეხბურთო ასოციაციამ არ დართო ნება), “რეალ მადრიდი“ , „ჰიბერნიანი“ („აბერდინის“ ნაცვლად), „ორჰუსი“ ( დანიური აბს ნაცვლად), პსვ („ჰოლანდ სპორტის“ ნაცვლად), „ანდერლეხტი“, „მილანი“, „როტ-ვაის ესენი“, ბელგრადის „პარტიზანი“, „ზაარბრიუკენი“, ვენის „რაპიდი“, ლისაბონის „სპორტინგი“, „რეიმსი“, „დიურგარდენი“, ჟენევის „სერვეტი“ და ბუდაპეშტის „ლობოგო“.
მაშინ ჯგუფური ეტაპი არ იყო, პირდაპირ 1/8 ფინალიდან იწყებოდა. მოცემული ტურნირის სადებიუტო მატჩში, 1955 წლის 4 სექტემბერს, „სპორტინგმა“ 3:3 დაასრულა „პარტიზანთან“ შეხვედრა. მეორე შეხვედრაში 2:5 დამარცხდა და გამოეთიშა ტურნირს.
დანარჩენ შეხვედრებში (ორი მატჩის ჯამში) :
„რეალი“ – „სერვეტი“ 7:0
„რაპიდი“ – პსვ 6:2
„მილანი“ – „ზაარბრუკენი“ 7:5
„ორჰუსი“ – „რეიმსი“2:4
„ლობოგო“ – „ანდერლეხტი“10:4
„დიურგარდენი“ – „გვარდია ვარშავა“ 4:1
„ესენი“ – ჰიბერნიანი 1:5

¼ ფინალში „რეალმა“ 4:3 სძლია „პარტიზანს“; „მილანმა“ 8:3 „რაპიდს“; „რეიმსმა“ 8:6 „ლობოგოს“ და „დიურგარდენი“ 1:4 დამარცხდა „ჰიბერნიანთან“.

ნახევარფინალში „რეალმა“ 5:4 სძლია „მილანს“, ხოლო „რეიმსმა“ 3 უპასუხო ბურთი გაუტანა „ჰიბერნიანს“ და ფინალში გავიდა.

„პარკ დე პრენსზე“ გამართულ ფინალს 38 239 ადამიანი დაესწრო და მატჩი 4:3 დასრულდა მადრიდელთა გამარჯვებით. ესპანელებიდან დი სტეფანო, რიალი (ორჯერ) და მარკიტოსი გამოირჩნენ. ფრანგები კი ლებლონი, ტემპლინმა და იდალგომ ასახელეს. ამგვარად, პირველი ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალის“ დომინაციით დასრულდა.

სადებიუტოს მსგავსად, მომდევნო 4 სეზონის განმავლობაშიც არავის დაუთმეს მადრიდელებმა პირველობა. დი სტეფანოს პუშკაში და სანტამარიაც დაემატნენ და წალეკეს ყველაფერი, რაც გზად შეხვდათ.
ამის შემდეგ ორჯერ „ბენფიკას“ ჯერი დადგა. მეორე ჯერზე კლუბს ეუსებიო დაეხმარა. ამას 3-წლიანი მილანური დომინაცია მოყვა – ორჯერ „მილანმა“ და ერთხელ „ინტერმა“ გაიმარჯვეს.

ამის შემდეგ საქმეში „ბაიერნი“ და ბრიტანული გუნდებიც ჩაერთვნენ, მაგრამ გამორჩეული ეპოქა ნიდერლანდელებმა შექმნეს 1970 წლიდან (სხვათა შორის, ამ წელს ამოქმედდა სტუმრად გატანილი გოლის პრინციპი), როდესაც „ფეიენოორდმა“ და შემდეგ, ზედიზედ სამჯერ ტოტალური ფეხბურთის მქადაგებელმა „აიაქსმა“ დააჩოქეს ავროპული ფეხბურთი. ამსტერდამულ კლუბში იოჰან კრუიფი თამაშობდა, მესაჭე კი რინუს მიხელსი გახლდათ.

ნიდერლანდელებისგან ესტაფეტა „ბაიერნმა“ გადაიბარა და 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი. ბეკენბაუერი, მათეუსი, ბრაიტნერი, ზეპ მაიერი, ული ჰიონესი…

1977-დან 1984 წლამდე კი იწყება ბრიტანული ფეხბურთის ოქროს ხანა. 8 შესაძლო ტიტულიდან 7 ინგლისში წავიდა. 1982/83 სეზონში „ჰამბურგი“ გამოერია, თორემ ხსენებულ პერიოდში კენი დალგლიშისა და ბობ პეისლის „ლივერპულმა“ 4-ჯერ, „ნოტინგემ ფორესტმა“ 2-ჯერ, ხოლო „ასტონ ვილამ“ ერთხელ დაისაკუთრეს ტიტული და ისტორიაში საუკეთესო დეკადა აჩუქეს ინგლისურ ფეხბურთს.
რომ არა „ეიზელის“ ტრაგედია, რის შემდეგაც 5 წლით მოიკვეთა ყველა ინგლისური კლუბი ევროტურნირიდან, არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მათი ჰეგემონია.

შედარებით უცნაური იყო 1985/86 წლებში „სტიაუასა“ (“ბარსელონას“ მოუგო პენალტებით) და 1990/91 სეზონში „ცრვენა ზვეზდას“ გაჩემპიონება („მარსელს“ აჯობა ასევე პენალტების სერიაში).

გადმოვინაცვლოთ განახლებულ ჩემპიონთა ლიგაზე. 1991/92 წლების სეზონიდან იწყება ფორმატის ცვლილება. ისევ 32 გუნდი იწყებდა, მაგრამ 2 ოლიმპიური რაუნდის შემდეგ დარჩენილი 8 გუნდი ნაწილდებოდა ორ 4-გუნდიან ჯგუფში, პირველადგილოსნები კი ერთმანეთს ფინალში ხვდებოდნენ. ფინალში „ბარსელონამ“ რონალდ კუმანის მიერ 112-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით „სამპდორიას“ სძლია და ისტორიაში პირველმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
ამის შემდეგ, ჯერ ნახევარფინალის სტადია დაემატა, შემდეგ 4 ჯგუფიანი რაუნდი, საიდანაც, რვა 4-ჯგუფიანი ანუ საბოლოო სახე მივიღეთ. ასე იცვლებოდა დროთა განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა.

1988/89 სეზონიდან დაიწყო „მილანის“ ეპოქა. გულიტი, ვან ბასტენი, რაიკაარდი, და იტალიელები – ბარეზი, ალბერტინი, ანჩელოტი, დონადონი, ტასოტი…) უკეთესი რა უნდა ინატრო?! “მილანმა” ჯერ დაუვიწყარი ფინალი მოუგო “სტიაუას” (4:0) (ნახევარფინალში “რეალი” 5:0 შეარცხვინა), შემდეგ კი 1:0 აჯობა “ბენფიკას”. ისე, გულიტს ჩემპიონთა ლიგა მოგებული არ აქვს, რადგან 1994 წელს ის აღარ უტევდა „მილანისთვის“, იქამდე კი ტურნირს ჩემპიონთა თასი ერქვა. ისე, სიტყვამ მოიტანა და, სტაჟიან ქომაგს ემახსოვრება 1994 წლის ფინალში მიწასთან გასწორებული „ბარსელონა“. იტალიელებმა 4:0 გაიმარჯვეს. გუნდში თამაშობდა პაოლო მალდინი, რომელმაც 5-ჯერ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი (1998 წელს პირველად, ბოლოს კი 2007 ში).

მივადექით ორ ჯადოსნურ ფინალს – 1999 და 2005. ბარსელონა და სტამბოლი.
1999 წელს ფერგიუსონის გაწვრთნილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიუნხენის „ბაიერნს“ გაეჯიბრა. მე-6 წუთზე ბასლერის ჯარიმა და… ჯოჯოხეთური სტარტი „წითელი ეშმაკებისთვის“. კანი, ეფენბერგი, ბასლერი, იანკერი და სხვა ვარსკვლავები 90 წუთის განმავლობაში აკონტროლებდნენ ყველაფერს, მაგრამ თამაში მსაჯის სასტვენამდეაო, ნათქვამია. მსაჯიც ლეგენდარული იყო – პიერლუიჯი კოლინა. 67-ე წუთზე სერ ალექსს შერინგემი შეყავს მინდორზე, 14 წუთში კი ოლე-გუნარ სულშერი. კომპენსირებულ დროში ბექჰემის 2 ჩაწოდება, ჯერ შერინგემი, შემდეგ სულშერი და 2:1. ზღაპარი რეალობად იქცა.

2005 წელი, 25 მაისი სტამბოლში იწყება საკლუბო სეზონის კულმინაცია. დიდა, მალდინი, ნესტა, სტამი, კაფუ, პირლო, გატუზო, ზეედორფი, კაკა, შევჩენკო და კრესპო. მერსისაიდელები უპირისპირდებოდნენ ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ისტორიაში. ჩამოთვლილი 11 მოთამაშისგან უმრავლესობა შედიოდა მსოფლიო ნაკრებში. სკამზეა კახა კალაძე.
დაიწყო მატჩი და პირველივე წუთზე დანიშნულ ჯარიმას მალდინის გოლი მოყვა დუდეკის კარში. 39-ე და 44-ე წუთებზე კრესპომ კიდევ ორჯერ გაიტანა და თითქოს ყველაფერი დასრულდა – 3:0 პირველი ტაიმის შემდეგ.
მეორე ტაიმი დაიწყო და 53-ე წუთზე წითლების 25 წლის კაპიტანმა, ლეგენდარულმა სტივენ ჯერარდმა ერთი ბურთი გაქვითა. ორ წუთში შმიცერმა შეაგდო, ხოლო 60-ე წუთზე ჯერარდმა პენალტი აიკიდა. ალონსოს გამორბენი, დიდას სეივი, დამატება დაა… 3:3.
დამატებით დროში შევჩენკოს ზედიზედ ორჯერ ურთულესი ბურთი აუღო დუდეკმა. პენალტების სერია. 3:2 – წინ „ლივერპულია“. შევჩენკოს ჯერია. ის მილანელთაგან ბოლოა, მერსისაიდელებს თადარიგში 1 დარტყმა აქვთ, რომელიც საჭირო არ გახდა. შევჩენკომ პენალტი გააფუჭა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფინალიც დასრულდა. „ლივერპულმა“ არსებობის ისტორიაში მეხუთედ აღმართა ლიგის თასი.

ამის შემდეგ იწყება პეპ გვარდიოლას ჰეგემონია. ტიკი-ტაკას მიმდევარმა „ბარსამ“ 2008-დან 2013 წლამდე 2 ჯერ მოიგო თასი და ისტორიაში საუკეთესო გუნდად დასახელდა. ბოლოს კი არენაზე ზინედინ ზიდანი ჩნდება. კრიშტიანო რონალდოს მეთაურობით მადრიდელებმა ზედიზედ სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და უნიკალური შედეგი დააფიქსირეს.

რეკორდებსაც შევეხოთ. თასების მხრივ დომინანტი მადრიდის „რეალია“ 13 ტიტულით. მეორე ადგილზე მყოფ „მილანს“ 7, ხოლო „ლივერპულსა“ და „ბაიერნს“ – 6.
ბომბარდირთა სამეული: რონალდო – 115; მესი – 119, ხოლო ლევანდოვსკი – 72 გოლი.
ასისტებშიც რონალდო და მესი ლიდერობენ 41 და 36 პასით.
ყველაზე მეტი მატჩი იკერ კასილასმა ჩაატარა – 181, მეორეზეა რონალდო 179 და მესამეზე ჩავი – 157 მატჩით.
ყველაზე შედეგიანი მატჩი 1969/1970 სეზონში გაიმართა. „ფეიენოორდი“-„რეიკიავიკი“ – 12:2. ჩემპიონთა ლიგის ერაში კი „დორტმუნდი“-„ლეგია“ – 8-4.

შეუძლებელია სტატია დავასრულოთ ქართველებზე საუბრის გარეშე. ერთადერთი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა თასზე ასპარეზობა მოახერხა, რა თქმა უნდა, თბილისის „დინამოა“. 1979 წელს ¼ ფინალში 3:0 „ლივერპულის“ წინააღმდეგაც ყველას ახსოვს.
მოდერნიზების შემდეგაც ისევ „დინამო“ იყო ახლოს ლიგის ჯგუფთან, როდესაც 1998 წელს „ბილბაოსთან“ 2 მატჩის ჯამში არ დამარცხდა (2:1 და 0:1), მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ჯგუფში ბასკები შევიდნენ.

კახა კალაძემ 2-ჯერ მოახერხა ლიგის თასის აწევა. სწორედ კალაძეს აქვს ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული – 70. გიორგი დემეტრაძეს აქვს 4 გოლი გატანილი და ეს საუკეთესო შედეგია, ხოლო ლევან კობიაშვილმა „ეინდჰოვენის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ვულოცავთ საკლუბო მასშტაბის ევერესტს 66-ე დაბადების დღეს და ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზიდანი და მალდინი საქართველოში ითამაშებენ

ფეხბურთს სამშობლოში აბრუნებენ: ირლანდიას და ბრიტანეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურთ