in

ვიქტორ სანეევს ხუთშაბათს სიდნეიში დაკრძალავენ

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვიქტორ სანეევის გარდაცვალებამ მსოფლიოს სპორტულ საზოგადოებრიობაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

სოხუმში დაბადებულ ვიქტორ სანეევს არასოდეს უთქვამს უარი თავის სამშობლოზე და არაერთი წინადადების მიუხედავად, მთელი ხანგრძლივი სპორტული კარიერის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაკრებში საქართველოს წარმოადგენდა. დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ, იგი თავის მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად უკანასკნელი 30 წელიწადი ავსტრალიაში, სიდნეიში ცხოვრობდა და 2022 წლის 2 იანვარს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გასული საუკუნის ბოლოს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად, დაკრძალვა მშობლიურ მიწაში ერჩია.

სახელმწიფომ სრული მზადყოფნა და სათანადო პატივით დაკრძალვის სურვილი გამოთქვა, თუმცა ვიქტორ სანეევის მეუღლემ, იანა ხვარწკიამ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა:

„მე და სანდრო დიდად ვაფასებთ იმ თანაგრძნობას და მხარდაჭერას, რომელსაც ამ დღეებში საქართველოდან ვგრძნობთ. ჩვენ ორივენი მადლიერი ვართ სამინისტროსი და თბილისის მერიისა, მათი მზადყოფნისათვის დაიკრძალოს ვიქტორი პანთეონში. იყო რა ამაყი თავისი ქართველობით, ვიქტორი დიდად მადლიერი იქნებოდა მისი პიროვნებისა და დამსახურების ასეთი აღიარებით. ოჯახში განვიხილეთ თქვენი შემოთავაზება და მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, არ განვახორციელოთ იგი. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენი ოჯახი ახლა სიდნეიში ცხოვრობს, ამ უპრეცედენტო დროში ჩვენი საქართველოში მოგზაურობა, მით უმეტეს ჩემი ასაკის გათვალისწინებით, უფრო და უფრო გართულდება და ჩვენ არ გვექნება საშუალება მივაკითხოთ მის საფლავს ისე ხშირად, როგორც ამას ვისურვებდით. დიდი მადლობა გაგებისათვის”, – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელელებს.

ვიქტორ სანეევს 13 იანვარს, თბილისის დროით, 04:55 საათზე სიდნეიში დაკრძალავენ.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკა ამაშუკელი ჩელენჯ თასის და ჩემპიონთა თასის მატჩებს განსჯის

ბუდუ ზივზივაძე შესაძლოა პოლონეთის ექსტრაკლასაში აღმოჩნდეს