თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი” კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიის “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და დამატებით დროში, გიორგი ქვილითაიას გოლით, 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს.
მოგეხსენებათ, ქეცბაიას გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა. ამის მიუხედავად, მათ 2020–21 წლების სეზონში, ტიტულის მოგების შანსი მაინც მიეცათ. ქართველმა სპეციალისტმა ფამაგუსტას კლუბს კვიპროსის თასი ბოლოს 2007 წელს მოაგებინა.
ქეცბაია მატჩის წინ აცხადებდა, რომ მათ 14-წლიანი ლოდინი არ სურდათ, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ძალისხმევა და სურვილი რეალურ შედეგს გამოიღებდა და გუნდი ტიტულის მოგებას შეძლებდა.
მეორე ნახევრის სტარტზე ქეცბაიამ დაუშვილი ჰუსბაუერით ჩაანაცვლა. 54-ე წუთზე, უხეშობისთვის მსაჯმა ყვითელი ბარათით კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი დასაჯა.
59-ე წუთზე არტიმატასმა შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გახსნა და “ანორთოსისი” დააწინაურა. საგოლე შეტევაში მონაწილეობა ქართველებმაც მიიღეს, თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ, მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება პირველივე შეტევით შეძლო. გამარჯვებულის გამოსავლენად შეხვედრის ძირითადი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა.
პირველი დამატებითი ტაიმის შემდეგ, ანგარიში არ შეცვლილა. 110-ე წუთზე კი, გოლის გატანა გიორგი ქვილითაიამ მოახერხა და “ანორთოსისის” წინ გაიყვანა, რაც საბოლოოდ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
ქეცბაიას და სხვა ქართველების გუნდი კვიპროსის თასის მფლობელი გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings