in ,

დონჩიჩის სლოვენიამ მოიგო, ვენესუელა კარგი გუნდი ჩანს – საქართველოს თავსატეხი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი დაგეგმილი მოგებით დაიწყო. ასევე დაიწყო ლუკა დონჩიჩის სლოვენიამ, რომელმაც ვენესუელა დაამარცხა – 100:85. საქართველოს მიზანი ჩემპიონატამდეც ცხადი იყო – ვაჯობოთ კაბო ვერდეს და ვენესუელას და სლოვენიასთან ერთად გავიდეთ ჯგუფიდან. კუნძულელები დავამარცხეთ და რჩება ვენეუელა, რომელიც აშკარად უკეთესი გუნდი ჩანს, ვიდრე კაბო ვერდე. სამხრეთამერიკელებთან ჩვენებს სავარაუდოდ უფრო რთული ბრძოლა მოუწევთ. დიდი ალბათობით, მესამე ტურის ეს შეხვედრა გახდება კიდეც გადამწყვეტი ჯგუფიდან გამსვლელის გასარკვევად.

მეორე ტურში კი საქართველო ფავორიტ სლოვენიას ეთამაშება და საინტერესო იქნება ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება: ბოლომდე ბრძოლა დონჩიჩთან და მის თანაგუნდელებთან თუ შედარებით ძალების დაზოგვა მესამე ტურის გადამწყვეტი თამაშისთვის. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სლოვენიასთან კაპიტულაცია გამოვაცხადოთ და წინასწარ დავნებდეთ, მაგრამ შევაკვდეთ და თუნდაც მინიმალურად წავაგოთ, რაღა მნიშვნელობა ექნება.

სლოვენია კი მარტო დონჩიჩი არ არის, ვენესუელასთან ძალიან კარგი იყო ტობი, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა, მშვენიერი კალათბურთელია პრეპელიჩი (18 ქულა), მაგრამ ეს დონჩიჩი მაინც სხვა განზომილებაა – ევროპულ კალათბურთში ასეთი დიდოსტატი ხშირად არ იბადება. დღეს ლუკას ანგარიშზეა – 30:52 წუთი, 37 ქულა, 7 მოხსნა, 6 ასისტი.

სლოვენია – ვენესუელა 100:85
31:33; 25:18; 22:12; 22:22

ვენესუელა კი ძალიან მებრძოლი ყოფილა. 100 ქულა კი ჩაუგდეს, მაგრამ დაცვაში ხშირად ძალიან მჭიდროდ და ეფექტიანად ეთამაშებოდა მეტოქეს, შეცდომებიც დააშვებინა (4 მარტო დონჩიჩს), კაბი ვერდესგან განსხვავებით მშვენივრად ესროდნენ სამქულიანებს, არის საკმაოდ გუნდური და თანაბრად დაკომპლექტებული გუნდი. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ბევრმა კალათბურთელმა თითქმის თანაბრად დააგროვეს ქულები და თან ქულების დაახლოებით ნახევარი სათადარიგოების ანგარიშზეა – სოხო – 16 ქულა, გილენტი და ზამორა – 12-12 ქულა, მატერანი – 11 ქულა, კარერა – 10 ქულა.
მოკლედ, ვენესუელა სერიოზულად მეტოქედ მოსჩანს და ჩვენებს დიდი ბრძოლა მოუწევთ.

თუმცა მანამდე სლოვენიაა, ორშაბათს, თბილისის დროით 17:00 საათზე.
ვნახოთ აბა დონჩიჩი ჩვენთან რას იზამს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაივიწყეთ ყველაფერი, მთავარია თამაშები მოვიგოთ

საჭირო გაკვეთილი და რეპეტიცია მსოფლიოს წინ: საქართველომ შოტლანდიასთან მეორე ტაიმში წააგო