in ,

ხოჭოლავას სადებიუტო გოლი დანიაში: რუსეთში კვარაშოუ გრძელდება – ლეგიონერების ამბები

წარმატებული შაბათ-კვირა გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ქართული ფეხბურთის იმედმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც “ახმატის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საუკეთესოდ დაასახელეს. “კოპენჰაგენის” მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა დავით ხოჭოლავამ და ასევე სადებიუტო გოლი გაიტანა ტულის “არსენალის” მაისურით ზურიკო დავითაშვილმა.

საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძის “მეცი” “ლილთან” ფრეს 3:3 დასჯერდა. “მეცი” მატჩს 3:1-ს იგებდა, მაგრამ ბოლოსკენ კაცნაკლული დარჩა მოედანზე და ორი გოლი გაუშვა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს გამოჩნდა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში ამირან სანაიას “როდუზი” “დიჟონთან” ფრეს 1:1 დასჯერდა. სანაია ძირითად შემადგენლობაში და 82-ე წუთამდე ითამაშა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა  “შტურმის” რიგებში “ალტახთან” შინ მოგებულ (3:1) მატჩში.

ასევე, შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, რომლის “ვოლფსბერგერიც” “რაპიდთან” 0:3 დამარცხდა.

რუსეთის პრემიერლიგაში ზურიკო დავითაშვილმა “არსენალის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა. “კრილია სოვეტოვთან” საშინაო მატჩის მე-3 წუთზე ის კარგად გაიხსნა და ზუსტად გაგზავნა ბურთი მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. დავითაშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს.

ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინმა” დაძაბულ მატჩში შინ 2:1 მოუგო “ახმატს”. ქართველი შემტევის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში, როცა სტუმართა მეკარე გიორგი შელია გააძევეს, ხვიჩამ და მისმა თანაგუნდელებმა ძალები მოიკრიბეს და მეტოქეს გამარჯვება გამოსტაცეს.

კვარაცხელიამ კარგად ითამაშა მეორე ტაიმში – მეტოქეებს 3 ყვითელი ბარათი მიაღებინა, ერთი მისი დარტყმული მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, მერე პარტნიორთან “კედელი” გაითამაშა და საჯარიმოში ღრმად შესულმა ხარიხას მოარტყა ბურთი.

საბოლოოდ, ხვიჩა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. “რუბინს” სამიდან 3 მოგება აქვს, ისევე, როგორც “ზენიტს” და მოსკოვის “დინამოს”.

“კოპენჰაგენის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა დავით ხოჭოლავამ. საქარველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა 35-ე წუთზე წინ გაიყვანა (2:1) თავისი გუნდი, როცა კუთხურის შემდეგ ბურთი თავით გადაგზავნა “ბრონდბიუს” კარში. “კოპენჰაგენმა” მატჩი 4:2 მოიგო.

 დანიაში ლაშა პარუნაშვილის “ესბიერგი” სტუმრად 0:5 განადგურდა “ლუნგბიუსთან”. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

პოლონეთში ნიკა კვეკვესკირის “ლეხმა” შინ 2:0 მოუგო ოთარ კაკაბაძის “კრაკოვიას”. კვეკვესკირმა მე-80 წუთიდან ითამაშა, ხოლო კაკაბაძე სათადარიგოთა შორის დარჩა.

პოლონეთში გიორგი მერებაშვილის პოდბესკიძიე” “ოდრასთან” 0:3 დამარცხდა. მერებაშვილმა 72-ე წუთიდან ითამაშა.

სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაიმ” “განგვონს” 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ძირითად შემადგენლობაში 84-ე წუთამდე ითამაშა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყოველთვის წინ! – მესის ცოლმა მესის მხარი დაუჭირა

მამუკელაშვილს საზაფხულო ლიგაზე ვიხილავთ: სანდრო 54-ნომრიანი მაისურით ითამაშებს