გიორგი შერმადინი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია. მესამე ადგილისთვის მატჩში ქართველი ცენტრის ლიდერობით ტენერიფემ უნიკახა 84:79 დაამარცხა. ოთხთა ფინალის მასპინძელი ესპანეთის ქალაქი მალაგა გახლდათ, თუმცა მასპინძელთა გუნდმა ნახევარფინალიც წააგო და მესამე ადგილისთვის მატჩიც.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა უნიკახას წინააღმდეგ 25:35 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. რაც შეეხება პასივს, გიორგიმ ერთხელ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა. შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 17 შეადგინა, რაც ტენერიფელთა შორის საუკეთესო შედეგი გახლდათ.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/05/b390b8d5-giorgi-shermadini-shoots-tenerife-at-unicaja-final-four-basketball-champions-league.jpg)
მატჩის პირველ პერიოდში ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა დიდი უპირატესობის მოპოვება და უნიკახამ მხოლოდ 2 ქულით მოიგო. მეორე მეოთხედში ეს უპირატესობა შერმადინის გუნდმა 15 ქულამდე გაზარდა. უნიკახას მატჩის შემოტრიალებაც შეეძლო, რადგან ბოლო პერიოდის ბოლოში ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, მაგრამ ტენერიფემ მაინც მოიგო.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2023/05/4fc4668441790d3fde8bc71e930a2eed_XL.jpg)
ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯვებულია, თუმცა წლეულს ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ჩემპიონი კი ბონის ტელეკომ ბასკეტი გახდა, რომელმაც ფინალში იერუსალიმის ჰაპოელი დაამარცხა.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
შემდეგ შეხვედრას შერმადინი უკვე ლიგა ენდესაში გამართავს, სადაც მისი გუნდი 20 მაისს სარაგოსას დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings