in , ,

სირცხვილი და თავის მოჭრა: უჩივლეთ უეფას და პოლიციას – რა მოხდა ფინალის წინ

„რეალისა“ და „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოლოდინი სტადიონთან განვითარებული სკანდალით გაუფერულდა. თამაშის დაწყება 36 წუთით შეფერხდა. „ლივერპულის“ გულშემატკივრები ტრიბუნებზე დროულად ვერ მოხვდნენ, რადგან ბევრი შესასვლელი დაკეტილი იყო. მოხდა არაერთი შეტაკება პოლიციასა და ქომაგებს შორის (დევნა ახლომდებარე მეტროსადგურთანაც კი გაგრძელდა), გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.

დესიმოკუარტა – 14: ძველი ამბავი: რეალმა ჩემპიონთა თასი აიღო

რა მოხდა? განსხვავებული ვერსიებია.

უეფა ამბობს, რომ ყველაფერი „ლივერპულის“ ფანების ყალბი ბილეთების გამო მოხდა

ფინალური მატჩის მსვლელობის დროსაც უეფამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ პრობლემები შეიქმნა „ლივერპულის“ ფანების ტრიბუნასთან, სადაც „ტურნიკეტები დაიბლოკა ათასობით გულშემატკივრის გამო, რომლებმაც ყალბი ბილეთები შეიძინეს და შესასვლელში სისტემამ არ გაატარა.
რადგან ადამიანების რაოდენობა სტადიონის ტერიტორიაზე იზრდებოდა, პოლიცამ ისინი ცრემლსადენი გაზით დაშალა და მათ სტადიონიდან წასვლა აიძულა“.

უეფამ პირობა დადო, რომ საფრანგეთის პოლიციასთან და მატჩის ორგანიზატორებთან სასწრაფო გამოძიებას ჩაატარებს.

საფრანგეთის შსს – „ლივერპულის“ ფანების წინააღმდეგ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა ტვიტერზე მოკლედ დაწერა: „ათასობით ბრიტანელი „გულშემატკივარი“ – უბილეთოდ ან ყალბი ბილეთებით – ცდილობდა სტადიონზე შეღწევას, ზოგიერთ შემთხვევაში სტიუარდებსაც თავს დაესხნენ. მადლობა პოლიციას ასეთ რთულ ვითარებაში მუშაობისთვის“.

„ლივერპულის“ გულშემატკივარმა ტაილერმა, რომელმაც ბილეთი ათასს ფუნტად შეიძინა (უცნობია ყალბი თუ არა) BBC Radio-სთან კომენტარში თქვა:
„ჩემი ბილეთი გაიჭედა, სამჯერ ვცადე სკანირება. ისინი ხალხს ყრიდნენ, ცემდნენ – ყველაფერს აკეთებდნენ, რომ არ შეეშვათ. ცრემლსადენი გაზი ცალკეულ გულშემატკივრებზე კი არა, მთელ ჯგუფებზე გავრცელდა. იყვნენ ადამიანები ინვალიდის ეტლით, ხელჯოხებით. თამაშამდე 45 წუთით ადრე გვითხრეს, რომ ჩვენი სექტორი შევსებული იყო, ქუჩაში კი ჯერ კიდევ ათასობით ადამიანი იდგა“.

„ლივერპული“ უკმაყოფილოა პარიზის პოლიციის მოქმედებით და გამოძიებას ითხოვს.

მსხვილი მედია Le Parisien პოლიციას აკრიტიკებს აგრესიის, ხოლო ორგანიზატორებს სისტემის არარსებობის გამო. და ღიად გამოთქვამს ეჭვს: მზად არის კი საფრანგეთი ოლიმპიადისთვის?

Le Parisien-მა მრავალი კომენტარი მოიყვანა, სადაც ყველა საშინელ ორგანიზებასა და სკანდალზე ამახვილებს ყურადღებას.

პოლიციამ 53 ადამიანი დააკავა, 24 მათგანი განყოფილებებში გადაიყვანეს. 115 ქომაგმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ამ რამდენიმე საათიანმა ქაოსმა ორგანიზატორებს ფიასკოს გემო დაუტოვა – წერს გამოცემა და ეჭვს გამოთქვამს ერთ წელიწადში რაგბიში მსოფლიო თასის და ორი წლის შემდეგ ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარების მზადყოფნასთან დაკავშირებით.

Associated Press-ის რეპორტიორმა სტივ დუგლასმა განაცხადა, რომ „სტად დე ფრანსის“ დაცვამ ის აიძულა „ლივერპულის“ ფანების ტრიბუნასთან გადაღებული ინციდენტის ვიდეო წაეშალა.

მერსისაიდელი ჟურნალისტი ენდი კელი სტადიონთან 18:30 საათზე მივიდა, შესვლა კი 21:16 საათზე მოახერხა. ის მიიჩნევს, რომ „ლივერპულის“ ფანებმა პარიზის პოლიციასთან და უეფასთან სასამართლოში უნდა გაარჩიონ საქმე.
„უეფამ განაცხადა, რომ მატჩის შეფერხების მიზეზი გულშემატკივრების დაგვიანებით მისვლაა. ეს აბსოლუტური სიცრუეა. ჩემს გარშემო მყოფი გულშემატკივრები 2.5 საათით ადრე მივიდნენ. შეფერხება დაკავშირებულია პოლიციის ქმედებებთან და ბილეთიანი ხალხისთვის შესასვლელების გაუგონარი ჩაკეტვით. თითოეულმა გულშემატკივარმა უნდა იჩივლოს“.

ეს არის დაგეგმვის უპატიებელი შეცდომის შედეგი“ – დაწერა The Telegraph-ის ავტორმა ოლივერ ბრაუნმა.

გულშემატკივრების ტალღაში აღმოჩნდა „ლივერპულის“ მცველის ჟოელ მატიპის ძმა თავის ფეხმძიმე ცოლთან ერთად. „ცრემლსადენი გაზის გამოყენება იმ ადგილებში, სადაც ბავშვები და გულშემატკივრები არიან, საშიშია“, – თქვა მარვინ მატიპმა.

რომც მოინდომო ამაზე უარესს მაინც ვერ იზამო – ასე შეაფასა ორგანიზება ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დესიმოკუარტა – 14: ძველი ამბავი: რეალმა ჩემპიონთა თასი აიღო

მეფეები, დიდი მეფეები: რეალი არ თამაშობს, რეალი იგებს – ფინალისტების ეფექტიანობა