in ,

ორმაგი გასწრება – XVI ტური

ორმაგი გასწრება – ასეთი სათაურებით გამოვიდნენ იტალიური გაზეთები კვირა დილით და ეს ერთბაშად ორი მილანური გუნდის მიერ “ნაპოლის” გადასწრებას ეხებოდა. ნეაპოლელები რაღაც ამოვარდნენ კალაპოტიდან. ბოლო ორი თამაშია ქულებს კარგავენ, ხოლო ჩემპიონატის ბოლო 5 მატჩს თუ ავიღებთ, სამხრეთელებს მხოლოდ 1 მოგება აქვთ. ასეთ განიავებულ ქულებში კი პირველზე დიდხანს არავინ გაგაჩერებს. თავის მხრივ, საოცრებებს აკეთებს გასპერინის “ატალანტა”. ახლა ხომ სტუმრად “ნაპოლი” დაამარცხა, ერთი კვირით ადრე კი ასევე გასვლაზე “იუვენტუსი” დასცა. ბოლო 5 მატჩი ბერგამოელებს მოგებული აქვთ და მე-4 ადგილზე მყარად არიან. მესამეზე ჩამოჩოჩებულ “ნაპოლისთან” სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა – “ნაპოლი” – 36 ქულა, “ატალანტა” – 34.
უშუალოდ ამ შეხვედრაში “ნაპოლი” მეორე ტაიმში დაწინაურდა და 2:1-ს იგებდა კიდეც, მაგრამ მერე სტუმრებმა ორჯერ გაიტანეს და სასეირო ფეხბურთში 3:2 მოიგეს. ასეთი დიდებული თამაშის შემდეგ, ხალხი ალაპარაკდა, მაგრამ გასპერინი მიიჩნევს, რომ “ატალანტასთვის” ჯერ ადრეა სკუდეტოზე ფიქრი.

ლიდერი კი “მილანი” გახდა. “როსონერის”, რომელსაც სამი მატჩი ვერ მოეგო, ახლა ზედიზედ მეორეში იმარჯვა და გალიდერდა (38 ქულა). თუმცა უფრო დიდ ინტერესს მეორე მილანური გუნდის, “ინტერის” თამაში იწვევდა, რომელიც “რომას” ესტუმრა და უკვე პირველ ტაიმში, სამი უპასუხო გოლით ულაპარაკოდ მოუთავა საქმე (37 ქულა). აქ ბრძოლა არ შედგა. სამაგიეროდ ვიხილეთ არც თუ ხშირი რამ – ჰაკან ჩალხანოღლუმ გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. მოურინიომ კი აღიარა, რომ “ინტერი” უფრო ძლიერია და ცოტაც თავისიანები გააკრიტიკა: შეტევის ნულოვანი პოტენციალი როცა გაქვს, ის 2-3 მომენტი მაინც უნდა გამოიყენოო.

როგორ არ ვთქვათ “ვენეცია”-“ვერონაზე”. წყალჩამდგარი ქალაქის გუნდმა პირველი ტაიმი კომფორტულად 3:0 მოიგო. მეორე ნახევარში, ჯერ ერთი საკუთარ კარში შეაგდეს, მერე კაციც გაუგდეს და რომეო და ჯულიეტას ქალაქელებს გული მიეცათ და თამაში მოგებამდე მიიყვანეს. მე-4 გადამწყვეტი გოლი, ვინ თუ არა ჯოვანი სიმეონემ გაიტანა.

“ჯენოამ” 4-დან 3 თამაში წააგო შევჩენკოს მისვლის შემდეგ, ბურთების სხვაობა – 0:7.

“ჯენოას” შევჩენკოს ხელში ჩატარებულ 4 მატჩში 9 დარტყმა აქვს, “იუვესთან” – 0.

ალეგრი ანჩელოტის შემდეგ მეორე მწვრთნელია, რომელმაც სერია ა-ში 250 გამარჯვება მოიპოვა 3-ქულიან ეპოქაში.

ალეგრი: “იუვე” სერია ა-ში რეალიზაციის მხრივ ყველაზე ცუდია. ეფექტიანობას უნდა მოვუმატოთ”.

მოურინიო ჟურნალისტს: „თქვენი სამუშაო უფრო მარტივია ჩვენსაზე. ამიტომაც ვიღებთ ბევრად მეტ ფულს“.

ვლაჰოვიჩმა (“ფიორენტინა”) სერია ა-ში ერთ წელიწადში 30 გოლი გაიტანა. ის ლიგის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს 13 გოლით.

მალინოვსკიმ (“ატალანტა”) 2019 წლიდან საჯარიმოს გარედან 13 გოლი გაიტანა. ტოპ 5 ლიგაში მარტო მესის აქვს უკეთესი შედეგი – 18.

„მილანს“ 2003/04 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო სტარტი აქვს სერია ა-ში. მაშინ გუნდმა სკუდეტო მოიგო.

„ინტერს“ 9 მოგება და 2 ფრე აქვს ბოლო 11 მატჩში.

სერია ა – XVI ტური

მილანი – სალერნიტანა 2:0
რომა – ინტერი 0:3
ნაპოლი – ატალანტა 2:3
ბოლონია – ფიორენტინა 2:3
სპეცია – სასუოლო 2:2
ვენეცია – ვერონა 3:4
სამპდორია – ლაციო 1:3
იუვენტუსი – ჯენოა 2:0

ორშაბათი, 6 დეკემბერი
ემპოლი – უდინეზე
კალიარი – ტორინო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიდერებს ჩაქუჩები ხვდებათ: ისევ 3:2, ისევ ორიჯი – XV ტური

დავითაშვილის შედევრი და ვოლკოვის მორიგი გოლი: ნახე ზურიკოს გოლი – ლეგიონერები