in

იაკობ ქაჯაია: ეს ვერცხლის მედალი ჩემს საყვარელ წყალტუბოს და საქართველოს ეძღვნება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა. მძიმე წონით კატეგორიაში ვერცხლს იაკობ ქაჯაია შეწვდა. 27 წლის წყალტუბოელმა ფალავანმა ფინალამდე ფინელი კოუსმანენი, რუსი სერგეი სემიონოვი და ჩილეს წარმომადგენელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა. ფინალში კი ლეგენდარულ მიხაინ ნუნეს ლოპესთან დამარცხდა.

Sport4me.ge იაკობ ქაჯაიას დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

იაკობ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს. რამდენად ელოდით ასეთ შედეგს?

უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის. ჩემი ვერცხლის მედალი ჩემს საყვარელ წყალტუბოს და საქართველოს ეძღვნება. ოლიმპიადის წინ, ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ფიზიკურად კარგად ვიყავი მომზადებული და მხოლოდ მედალზე ვფიქრობდი. რთული ბადე შემხვდა, მაგრამ სანამ ხალიჩაზე არ გავალ, მანამდე ჩემს მეტოქეს არ ვკითხულობ. ნებისმიერთან შეიძლება ბრძოლა და გამარჯვებაზე ფიქრი. სურვილი რა თქმა უნდა, ოქროს მქონდა, მაგრამ მიხაინ ნუნეს ლოპესი სპორტის ლეგენდაა, უბრალოდ საოცარი ფიზიკური მონაცემები აქვს ამ სპორტსმენს და მის წინააღმდეგ მოგება წარმოუდგენელია. ამიტომ, შედეგით კმაყოფილი ვარ.

ფინალამდეც რთული ბრძოლები მოგიწიათ. განსაკუთრებით რომელ მეტოქესთან ბრძოლას გამოყოფდით?

როგორც ვახსენე, რთული ბადე შემხვდა, მაგრამ ისიც გათვითცნობიერებული მქონდა, რომ ოლიმპიადაზე ადვილი მეტოქე არ არსებობს. ეს ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიებაა. ყველა ბოლომდე იბრძვის და თავის მაქსიმუმს აკეთებს. რუსი სერგეი სემიონოვი ფიზიკურად ძლიერი და ტაქტიკურად კარგად განსწავლული მეტოქეა, რომელთანაც რთული ბრძოლა მქონდა. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლა გამომივიდა ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე აკოსტა ფერნანდესთან, რომელიც გაფრთხილების ხარჯზე მოვიგე.

ფინალზეც გვითხარით ორიოდ სიტყვა

ფინალში მეც ძალიან კარგად ვიცოდი ვის ვხვდებოდი, რას წარმოადგენს კუბელი და იმასაც კარგად ვაცნობიერებდი, რომ მასთან აუტსაიდერად მივიჩნეოდი. მიუხედავად ამისა, ხალიჩაზე წაგებულის პოზიციიდან არ გავსულვარ და ჩემი მხრიდან მაქსიმუმი გავიღე, მაგრამ ამ ეტაპზე კუბელი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. როგორც სჩანს, რაღაც დავაკელი და ისე ვერ მოვემზადე ოლიმპიადისთვის, რომ ოქრო ამეღო. პარიზში ვეცდები ამის გამოსწორებას და ოლიმპიური ოქროს ჩამოტანას.

სამომავლო გეგმები როგორია?

ამ დროისთვის ვისვენებ. შემდეგ კი, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოვემზადები. ამ ვერცხლის მედლის შემდეგ, ჩემს თავს მეტს ვთხოვ და ყველა სპორტულ ტურნირზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეკა გორგოძე ლენდისვილის ტურნირის ძირითად ბადეშია: ბოლქვაძემ კვალიფიკაცია ვერ დაძლია

მესის პირველი პრესკონფერენცია პარიზში: კვლავაც ძალიან მწყურია თამაში და გამარჯვებები