in ,

ქართული ძიუდოს ტრიუმფი: ტალახიძის საოცრებები – ქართული სპორტის 2021 წელი

2021 წელი ქართული სპორტისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. პირველ რიგში, რაც უნდა ვახსენოთ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია. ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან სპორტულ ტურნირზე, რომელიც პანდემიის გამო ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა, საქართველომ ისტორიული შედეგი აჩვენა და ისტორიაში ერთ ოლიმპიადაზე ყველაზე მეტი – 8 მედალი მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ასპარეზობა, რომელმაც მამაკაცებში 7 წონითი კატეგორიიდან 4 ფინალი იჭიდავა. ვაჟა მარგველაშვილი, გურამ თუშიშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ამ უკანასკნელისთვის ტოკიოს ოლიმპიადა კარიერაში მესამე იყო და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილმა ლეგენდარული ქართველი ტყვიით მსროლელის ნინო სალუქვაძის შედეგი გაიმეორა და სამივე სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს. გარდა ამისა, ლაშა შავდათუაშვილმა წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელიც სამი დიდი ტურნირის (ოლიმპიადა, მსოფლიო და ევროპა) მფლობელია. 29 წლის ქართველი ძიუდოისტის ეს ისტორიული მიღწევა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამაც აღიარა და ლაშა შავდათუაშვილი 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტად აღიარა.

მთავარი კი, ჩვენი ქართველი ფალავნის ლაშა ბექაურის წარმატება იყო. 21 წლის ბექაურმა ჯერ ევროპის ჩემპიონატის მოგება მოახერხა, რომელზეც ფინალში თანამემამულე ბექა ღვინიაშვილს მოუგო და ამით გაინაღდა. რომ საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ის წარადგენდა. შემდეგ იყო, ემოციურად ძალიან რთული მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის გუნდური შეჯიბრების დროსაც ლაშამ მხრის ტრავმა მიიღო და მისი ოლიმპიადაზე წასვლა სათუო გახდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ოლიმპიური გუნდის ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის დიდი ძალისხმევით ქართველმა ფალავანმა შეძლო ტოკიოში გამგზავრება და ფაქტობრივად ცალი ხელით შეძლო ოლიმპიადის მოგება. ლაშამ ფინალამდე ყველა ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო. ნახევარფინალში მან “ტატამს გააკრა ბეჭებით” რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი მიხაილ იგოლნიკოვი. ფინალურ დაპირისპირებაში კი, “გუდამაყრელმა ნარუტომ” გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

წარმატებული წელი ჰქონდა ძიუდოს “ქართველ არსენად” წოდებულ ტატო გრიგალაშვილსაც. გრიგალაშვილმა წელი დოჰას მასტერსის დამაჯერებელი მოგებით დაიწყო, რომელსაც მარტში მოგებული ევროპის ჩემპიონატი დაამატა და ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ტატო ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით მივიდა და ფინალში, მისთვის ძალიან უხერხულ მეტოქესთან, ბელგიელ მატიას კასესთან დამარცხდა. ოლიმპიადაზე ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში გააღწია, სადაც ირანელ, ამჟამად მონღოლეთის სახელით მოასპარეზე, მსოფლიო ჩემპიონ საეიდ მოლაეისთან დამარცხდა. გრიგალაშვილმა უფროსებში მიღწეულ წარმატებას 23 წამდელთა ევროპის ჩემპიონობა და მსოფლიოს ვერცხლის მედალიც მიაყოლა. ამ მაჩვენებლებით კი, ტატომ 2021 წელი არამარტო თავისი წონის ლიდერად, არამედ ზოგადად საერთო რეიტინგის პირველ ნომრად დაასრულა. წონის ლიდერია ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურიც.

უნდა აღვნიშნოთ ილია სულამანიძის წარმატებული გამოსვლაც, რომელმაც უფროსების მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 23-წლამდელებში ოქროს მედალს დაეუფლა. ილია სულამანიძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ “ძიუდოს ამომავალ ვარსკვლავად” დაასახელა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ უფას გუნდური ევროპის ჩემპიონატი, რომელიც შერეული გუნდებით გაიმართა (სამი კაცი, სამი ქალი). საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ოქროს მედლით დაასრულა და ეს იყო პირველი ტურნირი, მას შემდეგ რაც ძიუდოს გუნდური შეჯიბრება შერეული გუნდებით იმართება, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მოიგო.

ძიუდოისტების ტრიუმფალური წელის შემდეგ, გადავიდეთ ძალოსნობაზე. აქ ჩვენმა “დევკაცმა”, პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მორიგი არანორმალური და შთამბეჭდავი შედეგები შემოგვთავაზა. ტალახაძემ ჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, რასაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი და მსოფლიო რეკორდები მიაყოლა. ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი სპორტსმენი, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატზე კი, ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი დააფიქსირა და კიდევ უფრო მიუახლოვდა მაგიურ 500–ს ორჭიდის ჯამში. აკვრაში კი, 267 კილოგრამიანი შტანგა აწია. ტალახაძემ წელს მეორედ მოიგო ოლიმპიადა, მეხუთედ მსოფლიო და ევროპა.

ტალახაძის გარდა, წარმატებული წელი ჰქონდა საქართველოს ნაკრებში უკრაინელ ნატურალიზირებულ ანტონ პლესნოის (–96 კგ). პლესნოიმ წელს მოსკოვში (ევროპის ჩემპიონატი) ოქროს მედალი მოიპოვა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი, ანტონმა ვარჯიშისას ფეხის ტრავმა მიიღო, რომელიც ტურნირის მსვლელობისას გაიმიზეზა, თუმცა კოჭლობით მაინც გავიდა ფიცარნაგზე და საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა. “ფეხი, საერთოდ რომ მომძრომოდა, ეს მედალი საქართველოსთვის აუცილებლად უნდა მომეტანა” – თქვა ანტონ პლესნოიმ ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის შემდეგ.

ცოტა იმედგაცრუება გვხვდა წილად, ტოკიოს ოლიმპიადაზე საჭიდაო სახეობებისგან. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მძიმეწონასანმა იაკობ ქაჯაიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქაჯაიას ძალიან რთული ბადე ჰქონდა. მან, ნახევარფინალში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი რუსი სემიონოვი დაამარცხა, ფინალში კი, ლეგენდარულ კუბელს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ მიხაინ ლოპესსს შეხვდა, რომელთანაც ფაქტობრივად უშანსოდ დამარცხდა.

ძალიან დიდი იმედგაცრუება გვქონდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა, რომელიც თურქ ტაჰა აკგულთან ერთად ოლიმპიადის მოგების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, ფინალში ამერიკელ გებლ სტევენსთან ბოლო წამზე დამარცხდა და ერთი წამით ადრე დაკარგა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი. პეტრიაშვილისთვის ემოციურად მტკივნეული გამოდგა მსოფლიო ჩემპიონატიც, რომლის ფინალშიც ამჯერად ირანელ ამირ ჰასეინ ზარესთან დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატზე კი, გენომ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მიუხედავად პატარ-პატარა უიღბლოებისა, გენო პეტრიაშვილმა 2021 წელი მაინც წონის ლიდერად დაასრულა.

ჭიდაობაში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ აჭარელი ლერი აბულაძის წარმატება, რომელმაც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსებში ვერცხლის, 23-წლამდელებს შორის კი, ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლერი აბულაძე “წლის აღმიჩენად” და “ოლიმპიურ იმედად” დაასახელა.

ძალიან მაგარი წელი ჰქონდა საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს.
ქართველმა ჩოგბურთელმა სეზონი მსოფლიოს 22-ე ჩოგნის რანგში დაასრულა.
29 წლის ბასილაშვილმა მიმდინარე წელი 1 395 ქულით მე-40 ადგილზე დაიწყო, ამდენად, სერიოზული წინსვლა ჰქონდა. ნიკოლოზის პროგრესი დოჰასა და მიუნხენის 250-ათასიანი ტურნირების მოგებით იყი განპირობებული, რასაც ოქტომბერში ინდიან უელსის 1000-იანი მასტერსის ფინალში გასვლა მოჰყვა.

ამჟამად, ნიკას მონაგარი 2 101 ქულაა და ის მცირედით ჩამორჩება ვეტერან ფრანგ ჩოგბურთელ გაელ მონფილსს (35 წელი, 2 158 ქულა), საქართველოს პირველი ჩოგნის უახლოესი მდევარი კი 24 წლის ამერიკელი ტეილორ ფრიცია (2 050).

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წარმატებაც. ავთანდილ ასათიანის გუნდმა შესარჩევი ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება.

კარგი წელი ჰქონდათ კალათბურთელებს. პირველი და საკმაოდ ნორმალური წელი ჰქონდა NBA-ში საქართველოს ნაკრების და “ინდიანა პეისერსის” ცენტრს გოგა ბითაძეს. წელს ასევე მეორე ქართველი სანდრო მამუკელაშვილი დადგა NBA-ს დრაფტზე და ის “ინდიანა პეისერსმა” აირჩია, თუმცა დრაფტზევე იგი “ინდიანამ” “მილუოკიში” დატრეიდა და მამუკელაშვილი მოქმედი ჩემპიონი “ბაქსის” შემადგენლობაში ჩაირიცხა.

წლის ბოლოს კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფაკციო ეტაპზე ჩაერთო, სადაც თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაშის წყალობით უკრაინა დაამარცხა, ესპანეთთან კი, დიდი ანგარიშით დამარცხდა. ქართულ კალათბურთში შემდეგი წელი იქნება მTავარი, როდესაც თბილისი ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს.

ნაწილობრივ დიდი იმედგაცრუების და ბოლოსკენ გადაკარგული იმედის გაღვივების წელი იყო ქართული ფეხბურთისთვის. საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჩაუდგა სათავეში, რომლის ხელმძღვანელობითაც ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მეოტხე ადგილზე დაასრულა. ნაკრებმა მარტში საკმაოდ კარგი ტამაშები აჩვენა. ფრე გასვაძე ძალიან ძლიერ საბერძნეთთან და მარცხები, მაგრამ საკმაოდ კარგი თამაში ესპანეთთან და შვედეთთან. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებისთვის ცუდი პერიოდი დაიწყო. უსახური თამაშები კოსვოს, ესპანეთის, საბერძნეთის წინააღმდეგ. წლის ბოლოს კი, ნაკრებმა ისევ მოგვაფერიანა, როგორც შცვევიათ ხოლმე, მაშინ იციან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კარგად თამაში, როცა უკვე არაფრის სანსი არაა. ჩვენმა ნაკრებმა და ქართული ფეხბურთის იედმა ხვიჩა კვარაცხელიამ შვედეთთან ისევვ გაიბრწყინა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთის ნაკრები დაამარცხა. მანამდე,”ჯვარონებმა” პრიშტინაში კოსოვოს ნაკრები 2:1 დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი fifa-coca-cola-ს რეიტინგში 85-ე ადგილზე დაასრულა და 20222 წლის ერთა ლიგას კარგი განწყობით ხვდება.

ბორჯღალოსნების 6 მოგება, 2 მარცხი, 1 ფრე – შავი ლომი: ქართული რაგბის 2021

ეს იყო ქართული სპორტის 2022 წლის მოკლე შეჯამება. ჩვენი რედაქცია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და კიდევ უფრო წარმატებულ და მედლებით დახუნძლულ 2022 წელს გისურვებთ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თბილისში ვილეარეალის აკადემია იხსნება

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება შემცირდა