in ,

ვერ მოგიგებთ კი არა… საქართველომ მთავარი მეტოქე გაანადგურა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე მატჩიც მოიგო. ამჯერად ჩვენმა გუნდმა მთავარი კონკურენტი ჩრდ მაკედონია დაამარცხა, თანაც მისავე მოედანზე – 3:0. და რაც მთავარია ეს საქართველომ დამსახურებულად, ორგანიზებულად, დამაჯერებლად, მონდომებით, გუნდურად გააკეთა და ვერავის მოუბრუნდება ენა, საპირისპირო თქვას.

ბუნებრივია, არ იყო მარტივი თამაში, სხვანაირად ვერც იქნებოდა. პირველი ტაიმი მასპინძლების უფრო იყო, თუმცა აი მეორე ნახევარში ჩვენებმა გოლებიც გაიტანეს და სხვა მომენტებიც შექმნეს.

ახლა საქართველოს სამიდან სამი მოგება აქვს, 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ჩრდ მაკედონიას მთელი 5 ქულით უსწრებს. მოკლედ, თუ კვირას, თბილისში ბულგარეთის ერთხელაც დავამარცხეთ, ჯგუფიდან გასვლის საკითხი ფაქტობრივად მოგვარებული გვექნება.

თუმცა ახლა მთავარია ეს კონცენტრაცია და მუხტი არ დავაგდოთ და საოცარი ივნისი ბოლომდე ჯიგრულად მივიყვანოთ.

ჩრდ მაკედონია – საქართველო 0:3

9 ივნისი. სკოპიე. “ტოდორ პროესკის“ ეროვნული არენა

გოლები: ზივზივაძე, 52. კვარაცხელია, 62. კიტეიშვილი 84.

საქართველო: მამარდაშვილი, კვერკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე (ლობჟანიძე, 83), აბურჯანია (კიტეიშვილი, 61), კვეკვესკირი, წიტაიშვილი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი, 61), კვარაცხელია (ყაზაიშვილი, 83), ზივზივაძე (მიქაუტაძე, 71).

გაფრთხილება: კაკაბაძე, კვერკველია, ზივზივაძე.

თავიდანვე გამოჩნდა, რომ ეს ცოტა სხვაგვარი თამაში იქნებოდა. მასპინძლებს მატჩამდე თავდაჯერება არ აკლდათ და შეხვედრაც დომინანტის როლში დაიწყეს. მართალია გარკვეულწილად გამოუვიდათ და ბურთსაც უფრო ფლობდნენ და უპირატესობასაც, მაგრამ მთლად ისეც არ არის საქმე, რომ საქართველო მაკედონიამ უპრობლემოდ გაიაროს. კი ახერხებდნენ ჩვენს საჯარიმომდეც მოსვლას და შიგნით შეღწევასაც, კარშიც დაგვირტყეს, პრესინგზეც კარგად მოქმედებდნენ, თუმცა მეორეს მხრივ ისიც გამოჩნდა, რომ ჩვენც შეგვეძლო კონტრთამაში და გარკვეული ხიფათის შექმნა. ხიფათი კი მიუხედავად ორივე კარში დარტყმებისა, აშკარა და 100%-იანი რომ ეთქმის ისეთი არ შექმნილა, თორემ სანერვიულო კი იყო.

მეორე ტაიმი საუცხოოდ დავიწყეთ. ჯერ ხოჭოლავამ დაარტყა თავით ძალიან სახიფაოდ კუთხურიდან და ოდნავ აცდა ბურთი ზემოდან.

გოლი. ხოჭოლავას მშვენიერი პასით მარცხენა ფლანგზე წიტაიშვილი გაიჭრა, მანაც საჯარიმოში ჩაუწოდა ზივზივაძეს და მანაც 11-მეტრიანის ნიშნულთან ახლოს მცველს აჯობა და მარცხნენა კუთხეში შეაგდო – 0:1.

ერთ წუთში წიტაიშვილის ისევ ფლანგური ჩაწოდება და დავითაშვილმა ნახტომში ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან თავით მცირედით ააცილა.

62-ე წუთი. კვარაცხელიამ საჯარიმოს წინ მცველი გააბითურა და შორიდან ძლიერად დაარტყა, მეკარემ ბურთს ხელი კი მოარტყა (ბოლო წამს მცველი გაიწია), მაგრამ ვერ შეაჩერა და კარში ძელის გავლით შეგორდა.

გოლ(ებ)ის შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, მასპინძელი წინ მიდის, ხოლო სტუმარ გუნდს მეტი სივრცე ეძლევა კონტრეტევებზე. პრინციპში აქაც ეგრე მოხდა. ჩვენებს მიეცათ გაქცევის საშუალება და ხიფათიც ქართველებმა კონტრშეტევებზე უფრო შექმნეს, ვიდრე მაკედონიელებმა შეტევებისას.

დრო კი თანდათან გადიოდა, ცვლილებები მატულობდა, ხოლო მასპინძელთა შანსები სულ უფრო იკლებდა.

აი ჩვენ კი კიდევ ერთი შევაგდეთ და უბრალოდ გავანადგურეთ მატჩამდე ბაქი-ბუქობის ხასიათზე მყოფი ჩრდ მაკედონია. კვეკვესკირის ჩაწოდებულ ჯარიმას შორეულ კუთხესთან კიტეიშვილმა ჩაუსწრო და ბურთს კარგად ჩაუწვა – 0:3.

ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მშვენიერი გამარჯვება მოიპოვა და ქომაგს სულ სხვა მუხტი და იმედი გაუჩინა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პარიზის პოლიციამ ბოდიში მოიხადა

11 კი არა, 29 ვართ: ბიჭებმა უნდა გამცენ პასუხი, არიან თუ არა მზად უფრო მაღალი მიზნებისთვის – ვფიქრობ, მათ დიდი ამბიცია აქვთ