in ,

ბუდუმ ფინალის წინ გაიტანა და კიდევ რამდენიმე ქართული გოლი – ლეგიონერები

განვლილი სადღესასწაულო უქმეები ქართული ფეხბურთისთვის, ისევე როგორც ქართული ჩოგბურთისა და პროფესიული ჩხუბის მოყვარულთათვის, ძალიან მაგარი გამოვიდა. ამ შაბათ-კვირას ევროპაში 9 ქართული გოლი გავიდა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ოთარ კაკაბაძის “ტენერიფე” “ჟირონასთან” 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი მაკარიძის “ალმერია” საკუთარ მოედანზე “ოვიედოსთან” ფრეს დასჯერდა – 2:2. მაკარიძე ძირითადში იყო და მის ანგარიშზე ორი სეივი იყო.

გიორგი აბურჯანიას “კარტახენა” “ფუენლაბრადასთან” 1:2 დამარცხდა. აბურჯანია თადარიგში იყო.

საფრანგეთის ლიგა 2-ში ჯაბა კანკავას “ვალენსიენი” “ნანსის” დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და სეზონში მეშვიდე ყვითელი ბარათი მიიღო.

ბელგიის იუპილერ ლიგის პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” “ბევერენს” დაუპირისპირდა და 1:1 დასჯერდა. მიქაუტაძემ ბოლო წამებზე 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი მარცხს გადაარჩინა. განმეორებითი მატჩი ბევერენში 8 მაისს ჩატარდება.

პოლონეთის ექსტრაკლასაში ნიკა კვეკვესკირისა და ნიკა კაჭარავას “ლეხმა” “სტალთან” 1:2 წააგო. კვეკვესკირი მოედანზე 70-ე წუთზე ჩაერთო. კაჭარავა ტრავმირებულია და განაცხადში არ ყოფილა.

ვაკო გვილიას “ლეგიამ” კრაკოვის “ვისლასთან” 0:0 ითამაშა. გვილია თადარიგში იყო და მოედანზე არ გამოსულა.

თურქეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიას “ქონიასფორმა” ვატო არველაძის “ქარაგიუმრუქს” უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. შენგელია 67-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. შენგელიასთვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი მე-5 გოლია. ვატო განაცხადშიც არ ყოფილა.

რუსეთის პრემიერლიგაში საბა კვირკველიას, ზურიკო დავითაშვილის, ნიკა ყიფიანის და გიორგი არაბიძის “როტორმა” ზედიზედ 6 წაგებული მატჩის შემდეგ, “ახმატს” 1:0 მოუგო. კვირკველიამ სრულად ითამაშა. დავითაშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს, ყიფიანი 81-ეზე. არაბიძე განაცხადში არ ყოფილა.

“რუბინმა” ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე, თანაც, თითქმის მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა, 2:0 მოუგო მოსკოვის “დინამოს” და კონფერენსლიგაზე გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს. არის იმის ალბათობაც, რომ ქართველი შემტევის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვოს.

ჯიმი ტაბიძე (“უფა”) პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს ცსკა-სთან სტუმრად ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში.

რუსეთის ნაციონალურ ლიგაში მერაბ ურიდიამ (“ნეფტეხიმიკი”) დუბლი შეასრულა და 81-ე წუთამდე ითამაშა “ველესთან” შინ მოგებულ (2:0) მატჩში. განსაკუთრებული იყო მეორე გოლი, რომელიც ქართველმა თითქმის მოედნის ცენტრიდან გაიტანა. კლუბის სოციალურ ქსელში ამ შედევრს “კოსმიური” უწოდეს. სულ ურიდიას ანგარიშზე 16 გოლია რუსეთის რანგით მეორე ლიგის მიმდინარე სეზონში. 

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის მიმდინარე ჩემპიონატში მე-9 გოლი გაიტანა. მტკ-სთან გასვლით მატჩში მისმა “ფეჰერვარმა” 3:1 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მოედანზე შესვლიდან (75-ე წუთი) 30 წამში მშვენივრად დააგვირგვინა შეტევა და ანგარიში 2:0 გახადა, რამაც მის გუნდს თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა გაუადვილა.

ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის (ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა) “ფერენცვაროშმა”, რომელიც უკვე ჩემპიონია, ლუკა ლაკვეხელიანისა (ტრავმა) და ნოდარ ქავთარაძის “მეზოკოვეშდს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
დვალმა 78-ე წუთიდან ითამაშა, ქავთარაძე კი მაშინ შეუშვეს მოედანზე, როცა მესამე დამატებული წუთი მიმდინარეობდა.

დავით ხოჭოლავამ (“შახტარი”) შეუცვლელად ითამაშა “დნიპრო 1-თან” შინ მოგებულ (2:1) მატჩში. სტუმართა შორის სათადარიგო იყო მეკარე ზაურ მახარაძე.

ვაკო ყაზაიშვილმა (“ულსან ჰიუნდაი”) 56-ე წუთზე გოლი გაიტანა და 85-ე წუთამდე ითამაშა “გვანჯუსთან” შინ მოგებულ (2:0) მატჩში. ეს მისი მე-2 გოლია (პლუს ამდენივე საგოლე პასი) კორეის მთავარ ლიგაში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარგი, დავრჩები: ჰაალანდის კიდევ ერთი წელი დორტმუნდში

ინტერის ფანებმა დუომო დაიპყრეს: ჩემპიონობის სიხარულმა ანტიკოვიდური შეზღუდვები დაამარცხა