in ,

Exclusive:გიორგი მამარდაშვილი: ვეცადე ემოციებს არ ავყოლოდი და მხოლოდ თამაშზე მეფიქრა-ხეტაფესთან მატჩის შემდეგ, ძალიან დაღლილი, მაგრამ საოცრად ნასიამოვნები ვიყავი

ქართული ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს სიამაყის განცდა არაერთხელ ჰქონიათ. სამწუხაროდ, ბოლო ხანებში ქართულ ფეხბურთს არცთუ წარმატებული ხანა უდგას, მაგრამ პატარ-პატარა წარმატებებით და ერთეული ფეხბურთელების გამონათებებით ვიჯერებთ გულს.

ახლახანს კი, ქართულ ფეხბურთში ნამდვილად დიდი და ძალიან გასახარი რამ მოხდა. 20 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ორი თვის წინ, ჯერ კიდევ, საქართველოს ჩემპიონატში ირჯებოდა, დღეს ლა ლიგის გამორჩეული გუნდის “ვალენსიას” მეკარეა და ფეხბურთში მრავლის მნახველი ესპანელების სიმპატიებსაც იწვევს. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა “მარკამ” ლა ლიგის პირველ ტურში “ხეტაფესთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა სათაურით- “გიორგი მამარდაშვილი “მესტალიას” ახალი გმირი”.

თავიდან,ალბათ, ბევრი ვერც იფიქრებდა, მაგრამ გიორგიმ დაამტკიცა, რომ ძლიერი, კონკურენტუნარიანი მეკარეა და მიუხედავად იმისა, რომ იასპერ სილესენი (ნიდერლანდების ნაკრების მეკარე) მომჯობინდა, ხოსე ბორდალასმა ლა ლიგის სამივე ტურის მატჩში კარი ქართველს ანდო. გიორგიმ ლა ლიგაში სამი მატჩიდან 2 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

გიორგი მამარდაშვილი – გიორგი დემეტრაძის (რეალ სოსიედადი), შოთა არველაძე (ლევანტე) და გიორგი ქოჩორაშვილის (ლევანტე) შემდეგ მეოთხე ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ლა ლიგაში აქვს ნათამაშები.

ფეხბურთში პირველი ნაბიჯების, ესპანური ცხოვრების და ლა ლიგაში დებიუტის შესახებ სასაუბროდ Sport4me.ge გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

გიორგი, სანამ „ვალენსიაზე” და ლა ლიგაში დებიუტზე გადავიდოდეთ, ფეხბურთში თქვენი პირველი ნაბიჯები გავიხსენოთ. როგორ მოხვდით თბილისის “დინამოს” აკადემიაში და აკადემიის წვლილი თქვენს წარმატებულ კარიერაში.

ის, რომ დღეს მეკარე ვარ და პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი ამაში ძალიან დიდი წვლილი “დინამოს” აკადემიას მიუძღვის. ჩემი აზრით, “დინამოს” აკადემია საუკეთესო ადგილია დამწყები ფეხბურთელისთვის დიდი მომავლისკენ. აქ მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მწვრთნელები მუშაობენ, რომლებიც თავს არ ზოგავენ შენს გასაზრდელად, რომ უფრო ძლიერი გახდე. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია “დინამოს” აკადემიაში ძალიან მეგობრული გარემოა და კარგი ატსმოფერო სუფევს, იდეალური პირობები, მწვრთნელები. მოკლედ, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ წარმატებულ ფეხბურთელად ჩამოყალიბდე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ხალხს ყველაფრისთვის.

გიორგი, თქვენი პირველი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” იყო, რომელშიც ახალგაზრდა მეკარეს გენდნენ და ეროვნული ლიგის ეგიდით ყველაზე მეტი მატჩიც სწორედ ამ გუნდის მაისურით ჩაატარეთ. “რუსთავის” შესახებ რას იტყვით?

“რუსთავში” თბილისის “დინამოდან” იჯარის წესით აღმოვჩნდი. ასეთ პატარა ასაკში ჩემთვის სათამაშო პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძირითადში გარანტირებული ადგილი “რუსთავშიც” არ მქონია და ამ კლუბშიც სერიოზული კონკურენცია დამხვდა. ცოტა იღბალიც დამეხმარა, როცა ძირითადმა მეკარემ ტრავმა მიიღო და თასის შეხვედრაში “ტორპედოსთან მე მომიწია მოედანზე შესვლა. იყო კარგი მატჩებიც, შეცდომებიც, მაგრამ ამ კლუბში ნდობა გამომიცხადეს, ბოლომდე მენდნენ და დიდი მადლობა მათ. ზოგადად, “რუსთავს” კარგი საკადრო პოლიტიკა ჰქონდა, ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებაზე აკეთებდა აქცენტს და ძალიან სამწუხაროა, რომ იმ სეზონში ჩვენ უმაღლესი დივიზიონიდან დავქვეითდით.

რუსთავის” შემდეგ იყო თბილისის “ლოკომოტივი”, რომლის შემადგენლობაშიც, ასე ვთქვათ, უფრო გაიხსენით და ყველაზე კარგად წარმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები. განსაკუთრებით საოცარი მატჩები ჩაატარეთ ევროტურნირებზე. “ლოკომიტივზე” და ასევე, გიორგი ჭიაბრიშვილზე მინდა გკითხოთ. გიორგი ჭიაბრიშვილის “ლოკომოტივში” მოსვლის შემდეგ გახდით ამ გუნდის ძირითადი მეკარე და მან დიდი ნდობა გამოგიცხადათ.

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის და განსაკუთრებით მეკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მწვრთნელი გენდობა და მას სჯერა შენი. გიორგი ჭიაბრიშვილის მოსვლამდე “ლოკომოტივში” ძირითად მეკარედ არ ვითვლებოდი და უმეტეს შემთხვევებში სათადარიგო სკამზე მიწევდა ყოფნა, მაგრამ გიორგი მენდო და მიუხედავად გარკვეული არასტაბილურობისა ამ ადამიანისგან გვერდში დგომას და ნდობას ბგრძნობდი. ამიტომაც, ჩემს განვითარებაში და ამ ტრანსფერშიც გიორგი ჭიაბრიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. გარდა ჭიაბრიშვილისა, “ლოკომოტივმა” ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო. საოცარი ევროტურნირები გვქონდა. ისტორიული გამარჯვება მოსკოვის “დინამოსთან” და ამ წელიწადნახევარში “ლოკოში” მიღებული ემოციები ჩემს ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება.

დაინტერესება “ვალენსიადან”. როდესაც გაიგეთ რომ თქვენით ეს ესპანური კლუბი ინტერესდება და მათ თქვენი დამატება სურთ. როგორი განცდა დაგეუფლათ?

სხვა კლუბებიდანაც იყო შემოთავაზებები “ვალენსიას გარდა, მაგრამ ლევან სეთურიძესთან (მენეჯერი) და ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ვისაუბრეთ და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება. კარგად ვიცოდი ამ კლუბის ისტორია, ვიცოდი, რომ ამბიციური და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი იყო. ასევე, “ვალენსიაზე” არჩევანის გაკათებაში დიდი როლი ითამაშა ამ გუნდის მეკარეების მწვრთნელმა, რადგან ჩემი აზრით და არამარტო ჩემი აზრით, უძლიერესი მეკარეების მწვრთნელი ყავს ამ გუნდს.

რამდენად ელოდით, რომ ლა ლიგის საწყის ტურებში “ვალენსიას” ძირითადი მეკარე იქნებოდით და თამაში მოგიწევდათ?

თავიდანვე ვიცოდი, რომ გუნდში დიდი კონკურენცია დამხდებოდა, მაგრამ მეც “ვალენსიაში” წავედი, როგორც კონკურენტუნარიანი მეკარე, მჯეროდა ჩემი შესაძლებლობების და ვიცოდი შანსი მომეცომდა. მიხარია, რომ ეს შანსი მალევე მომეცა.

ძალიან კარგი ქალაქია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქალაქში ფეხბურთით ცხოვრობენ. თბილი, მოსიყვარულე და მეგობრული ხალხია, კარგად მიმიღეს და მოკლედ ყველაფერი მომწონს და თანდათან უფრო საინტერესო ხდება ჩემი ვალენსიური ცხოვრება.

პირველ ტურში “ხეტაფესთან” თამაშზე და ბოლო წუთზე იმ საოცარ სეივზე რას გვეტყვით?

როდესაც გავიგე, რომ პირველ ტურში “ხეტაფესთან” ძირითად შემადგენლობაში ვიქნებოდი განსაკუთრებული ემოცია არ მქონია, რადგან არ მინდოდა ემოციებს ხელი შეეშალა. არც დიდად მინერვიულია. უბრალოდ დიდი მოტივაციით გავედი მოედანზე და მსურდა ჩემი შესაძლებლობები კარგად წარმომეჩინა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა. ბოლო წუთზე იმ სეივს რაც შეეხება, როდესაც თამაში დამთავრდა ისე დაღლილი და ნასიამოვნები ვიყავი თამაშით, “მესტალიას” გარემოთი, რომ სიტყვებით რთულია გადმოცემა.

მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ. მეკარეების მწვრთნელისგანაც ვიღებ რჩევებს, შენიშვნებს. ასევე, ძალიან ბევრს ვსწავლობ იასპერ სილესენიგან, რომელიც ძალიან მაგარი მეკარეა და შევეცდები ბევრი შრომით და მათი რჩევების გათვალისწინებით მინიმუმდე დავიყვანო ის პატარ-პატარა შეცდომები რაც მქონდა.

საქართველოს ნაკრების შესახებაც გკითხავთ. მნიშვნელოვანი მატჩები გელოდებათ. როგორ ფიქრობთ, ამ მათცებში უნდა ველოდოთ ეროვნული გუნდის მაისურით თქვენს დებიუტს?

ნაკრებში როდესაც ხვდები განსაკუთრებული მოტივაცია არ გჭირდება. ყველა ფეხბურთელის მთავარი ოცნება ნაკრების მაისურით თამაშია. თუ მომეცემა შანსი, მზად ვარ ეროვნული გუნდისთვის ჩემი მაქსიმუმი გავიღო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინა ქალდანი პარალიმპიადის ვერცხლის პრიზიორია

საქართველოს ნაკრებმა ფოთის სტადიონზე პირველი ვარჯიში გამართა