წელიწადნახევრიანი დაძაბულობის შემდეგ სარაგბო თემმა ახალი პრეზიდენტი აირჩია. მილოცვებისგან ცოტა ხნით მაინც თავი შევიკავოთ, რადგან გვახსოვს ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრმა რომ არ დააარეგისტრირა. იოსებ ტყემალაძე კი, საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და უკვე გეგმების განხორციელებაზე მუშაობს.
Sport4me.ge იოსებ ტყემალაძეს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო სოსო, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ესპანეთთან გამარჯვებას, ზედიზედ მეორე მატჩი მოვიგეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი ნამდვილად არ ტოვებს კმაყოფილების განცდას. გუნდს კომბინაციური თამაში უჭირს, 4 საკუთარი დერეფანი წავაგეთ, ჰაერში თამაშში დაგვჯაბნეს და ბოლო წუთებში ესპანეთს გაძლებაზე ვეთამაშებოდით. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრას?
კეთილი, დიდი მადლობა მოლოცვისთვის და მეც მინდა მივულოცო ბიჭებს და სრულიად საქართველოს ეს გამარჯვება. ვისურვებდი მედიაში ნაკლები პოლიტიკა იყოს და სპორტს, არა მხოლოდ რაგბის, მეტი დრო დაეთმოს და ვიზეიმოთ ასეთი გამარჯვებები. თამაში ძალიან სანერვიულო გამოვიდა და განსაკუთრებით პირველი ტაიმი სანახაობრივი თვალსაზრისით კარგი ვერ იყო, მაგრამ გამარჯვება გამარჯვებაა. კარგია და მივესალმები თქვენს შემართებას, რომ რაგბიში კარგად ხართ ჩახედული და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებთ თამაშზე და კრიტიკას წერთ. ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ესპანეთი როგორ ვითარდება. ესპანელებმა ძალიან დიდი ფინანსები ჩადეს რაგბის განვითარებაში, ჩამოიყვანეს მაღალი დონის ლეგიონერები, რომლებმაც მოიტანეს ეს შედეგი. მიმაჩნია, რომ ესპანეთთან თამაში ნებისმიერი გუნდისთვის რთულია. შესაბამისად, ამ მატჩით მეტწილად კმაყოფილი ვარ.
ბატონო სოსო, ესპანური რაგბი რომ ვითარდება და წინ მიდის, ამაში გეთანხმებით, მაგრამ ჩვენთან დაპირისპირებაში მათ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდათ და ჩვენთან მოგებას არც გეგმავდნენ…
მართლაც ესპანეთს ბევრი მორაგბე აკლდა, მაგრამ მათი შეცვლა კარგად მოახერხეს. მე ვახსენე, რომ მათ ძალიან დაბალანსებული, კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ჩვენს ნაკრებში კი თაობათა ცვლის პროცესი მიდის და ამ ბიჭებს დრო სჭირდებათ.
ლევან მაისაშვილი, რომელიც ამჟამად წვრთნის საქართველოს ნაკრებს, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ამ თანამდებობას რაგბის კავშირის ახალი მეთაურის არჩევამდე დაიკავებდა. აპირებთ მწვრთნელის ცვლილებას, თუ ისევ ბატონი ლევანი იქნება მწვრთნელი?
ასეთ გადაწყვეტილებებს მე ერთპიროვნულად არ მივიღებ, როგორც წინა ხელმძღვანელობის დროს ხდებოდა. თავად კლუბები შეარჩევენ რაგბის კავშირის გამგეობას, რომ ყველაფერი ღიად და დემოკრატიულად გადაწყდეს. თუ გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მაისაშვილი დარჩეს ნაკრების მწვრთნელად, იგი გააგრძელებს მუშაობას, თუ არადა მოიძებნება ახალი მწვრთნელი. პირადად ჩემი აზრია, რომ ამ ეტაპზე ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი სჭირდება.
თუმცა იმასაც დავძენ, ამ ეტაპზე ნაკრები ყველაზე ნაკლები პრობლემაა. შიდა ჩემპიონატის განვითარება და ბავშვთა რაგბი უფრო პრიორიტეტულია ამ ეტაპზე.
ბატონო სოსო, შიდა რაგბი ახსენეთ და პირდაპირ ვთქვათ – დიდი 10 საკმაოდ დაბალ დონეზეა. კლუბებს ფინანსური კრიზისი აქვთ, გამორჩეული მორაგბეები რუსეთში გარბიან სათამაშოდ…
ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლუბების დაფინანსების გაზრდა. მორაგბეებს უნდა შეეძლოთ მარტო რაგბიზე იყვნენ კონცენტრირებული. ამ მხრივ ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფრანჩიზას შექმნა, რომელიც ქართულ რაგბის, მათ შორის საკლუბოსაც, ახალ სიმაღლეზე აიყვანს. მოხდება თუ არა ჩემპიონატში კლუბების შემცირება, ამას ჯერ ვერ გეტყვით.
ფრანჩიზას ხომ არ სჯობს ქართული კლუბები ევროპულ საკლუბო ტურნირებში ჩაერთონ?
ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ამას კომპეტენტური გამგეობა და გუნდი ერთობლივად გადავწყვეტთ.
ბატონო სოსო, თქვენი პრეზიდენტობა ფაქტია სარაგბო თემში ბევრს არ სურს და ისინი წინააღმდეგი არიან, ლეგენდარული მორაგბეები თქვენს კანდიდატურას არ უჭერენ მხარს. ისინი აცხადებენ, რომ თქვენ სარაგბო კლანის წარმომადგენელი ხართ და რაგბიში დაშინებებითა და შანტაჟით მოდიხართ…
შანტაჟი და დაშინებები თავისკენ მოიკითხონ. არჩევნებში მივიღე 42 ხმა და რომ არა მათი შანტაჟი სხვადასხვა კლუბებზე, 45-ს და გაცილებით მეტსაც ავიღებდი. თემურ ბენდიაშვილის განცხადება ნახეთ? დიდი ღვაწლი აქვს ბატონ თემურს ქართულ რაგბიში და მან მხარდაჭერა გამომიცხადა და არჩევნებამდე მას ხმა გაუუქმეს, რათა ჩემთვის ხმა არ მიეცა.
სარაგბო კლუბი “წიქარა”, რომლის წარმომადგენელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ საავადმყოფოში დაადგნენ და ძალით დააწერინეს უცხო პირზე მინდობილობა. ასევე, “ხვამლი”, რომლის მწვრთნელებიც საჯარო ვიდეოში ირაკლი აბუსერიძეს უცხადებენ მხარდაჭერას და არჩევნებზე ამ კლუბის წარმომადგენლად მერიის სპორტის სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იყო წარდგენილი. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
“წიქარას” დირექტორმა თენგიზ გოცირიძემ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემზე გააკეთა წარდგინება და შემდეგ მეორე მხარეს მყოფმა დესტრუქციულმა ძალებმა მასზე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს და ამიტომაც მოხვდა საავადმყოფოში. ასე მოხდა სხვა კლუბების შემთხვევაში.
დაიკონ ემოციები და გვაცადონ მუშაობა. ჩემპიონატის ბოიკოტს აპირებენ, მაგრამ კლუბებთან მაქვს კონტაქტი – ეს გამორიცხულია.
ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი მაჩხანელი, ილია ზედგინიძე, დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი ამ მორაგბეებს თქვენ დესტრუქციულ ძალად მოიხსენიებთ? ლეგენდარულ ქართველ მორაგბეებს?
ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ერთად ვიზრუნოთ ქართულ რაგბიზე. მათ შორის, ჩემი გეგმაა, რომ სპორტული მედია უფრო განვითარდეს და ამას ჩემი ფინანსებითაც შევუწყობ ხელს.
თემაზე ასევე წაიკითხეთ:
რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს: ვნებები ჩაცხრება და საქმეზე გადავალთ
სოსო ტყემალაძე: ივანიშვილი ჩემამდეც იყო და მერეც იქნება – სჯობს ჩემს გეგმას გაეცნონ (ექსკლუზივი)
გმირები-ანტიგმირები: რაგბის კავშირის ექს-პრეზიდენტის საჯარო წერილი
რაგბი მორაგბეებს! კობახიძის გავლენა რაგბისაც გადაწვდა?!
ირაკლი აბუსერიძე: ტყემალაძე აირჩია პოლიციამ და არა მორაგბეებმა – ბრძოლა ახლა იწყება
კარის აჭედვა და კლუბების გაფიცვა: რა მოყვება არჩევნებს – ვეტერანი მორაგბეები დანებებას არ აპირებენ
GIPHY App Key not set. Please check settings